Thumbnail
  • დალასმა შარლოტი ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე თამაშის წყალობით დაამარცხა
  • მატჩის დროს ტრეიდი განხორციელდა, რასაც ლებრონ ჯეიმსი კრიტიკულად გამოეხმაურა

ლუკა დონჩიჩის კიდევ ერთი გალა-წარმოდგენა - შარლოტ ჰორნეტსთან 99:93 მოგებულ შეხვედრაში 19 წლის სლოვენიელმა NBA-ს ბოსის, ადამ სილვერის თვალწინ, სეზონში მესამე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამით დონჩიჩმა კიდევ ერთ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია - საქმე ისაა, რომ თვით მაიკლ ჯორდანსაც კი, თავის Rookie-სეზონში ასევე სამი სამმაგი დუბლი ჰქონდა.

ლუკა დონჩიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს

დონჩიჩმა 19 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი დააგროვა, თუმცა საბოლოო ჯამში არცისე იდეალური დღე ჰქონდა, რადგან მისი ტყორცნებიდან მხოლოდ ყოველი მეოთხე აღწევდა მიზანს. შარლოტიდან საუკეთესო კემბა უოკერი გახლდათ, რომელმაც 30 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დალასისა და შარლოტის მატჩის მიმდინარეობისას ერთი საკმაოდ უჩვეულო ამბავი მოხდა: თამაშის დროს ტრეიდი განხორციელდა - ჰარისონ ბარნსის საკრამენტოში გადასვლის ამბავი გაირკვა. 26 წლის მოთამაშის სანცვლოდ, ტრეიდში ზაკ რენდოლფი და ჯასტინ ჯექსონი მონაწილეობენ. ბარნსმა პირველ, მეორე და მესამე მეოთხედებში ითამაშა, ბოლო პერიოდში კი, ტრეიდის გამო, პარკეტზე აღარ გასულა.

ამ ამბავს ლებრონ ჯეიმსი საკმაოდ კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა: ‘მოთამაშე გაუშვეს იმ დროს, როცა თამაშობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა. გუნდის წინააღმდეგ არაფერს ვამბობ, რადგან ეს ბიზნესია და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც სწორად მიაჩნიათ, მაგრამ ამ დისკუსიის დაწყება მინდა იმისათვის, რომ რაღაც შეიცვალოს. როცა მოთამაშეები იღებენ გადაწყვეტილებას და გუნდს ტოვებენ, ყველა მათ ადანაშაულებს, მადლიერები არ არიანო. და როცა გუნდი გადაყვეტს შენს გაშვებას, მაშინ ყველა სხვანაირად ლაპარაკობს.’

ამ გამარჯვების შემდეგ დალასი დასავლეთ კონფერენციაში მინესოტას გაუთანაბრდა (25 მოგება, 28 მარცხი) და მე-11 ადგილზეა. შარლოტი აღმოსავლეთში, მაიამისთან მე-7 და მე-8 ადგილებს იყოფს.

ვიდეო: ლუკა დონჩიჩის მესამე სამმაგი დუბლი

კომენტარები

ბოლო ამბები