Thumbnail

'მესის დრიბლინგს და ქართველებს შერკინებას ვერ ასწავლი' - გრემ როუნთრის ინტერვიუ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ოთხი მსოფლიო თასის მონაწილე გრემ როუნთრის იდეალური წარმოდგენა აქვს 2019 წლის მსოფლიო თასზე 'ბორჯღალოსანთა' მეტოქეების შესახებ.

საქართველო D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, რაც ყოფილი ინგლისელი ბურჯისთვის, ფაქტობრივად დეჟავუა, რადგან 2015 წლის მსოფლიო თასზე როუნთრი სწორედ ამ მეტოქეებს დაუპირისპირდა, როგორც ინგლისის მწვრთნელი.

ამჟამად საქართველოს ნაკრების შერკინების მწვრთნელმა მსოფლიო რაგბისთან 'ბორჯღალოსნების' სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა:

გრემ როუნთრი: 'რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი ჩემთვის ნაცნობია, რაც თავის მხრივ აღმატებულ განწყობაზე მაყენებს და მოდით ვთქვათ, ამ შემთხვევაში, როგორც არაფავორიტი, თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ'.

დაუჯერებელი დნმ

გრემ როუნთრი: 'ქართველებს შერკინება რომ ასწავლო, იგივეა, რომ ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს ფორჰენდს უხსნიდე, ან ლიონელ მესის დრიბლინგი ასწავლო.

ქართული დნმ დაუჯერებელი ფენომენია. მაგალითად, შემოდგომის ტესტებზე ჩვენ მონპელიეში ვემზადებოდით და წარმოიდგინეთ, სატრენაჟორო დარბაზში სიმძიმეები დააკლდათ - მანამდე მსავსი რამ არსად და არასდროს მინახავს. ისინი შეუდარებლად ძლიერები და ამავდროულად, ტექნიკურად ძალიან მაგრები არიან' - ამბობს როუნთრი დიდი აღტაცებით.

როუნთრის აზრით, მხოლოდ სტატიკით ფონს ვერ გახვალ, რის გამოც ნაკრები შერკინების გარეთაც მაგარი უნდა იყო. მსოფლიო თასზე ისეთი გუნდები, როგორიც უელსი და ავსტრალია არიან, ბურთს მთელ მოედანზე ათამაშებენ.

მორკინალების როლი

გრემ როუნთრი: 'ახლა მორკინალი ბევრ სხვადასხვა დონეზეც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო! უნდა გაითავისო, რომ სტატიკის იქითაც არსებობს სხვა როლები, რომლებიც უნდა შეისისხლხორცო და პატივი სცე - ისეთი დეტალები, როგორიცაა კონტაქტის შემდეგ უმალ წამოდგომა და საქმეში ჩართვა. ეს ისეთი დეტალებია, რომელთა ზედმიწევნით კარგად შესრულება, უმაღლეს დონეზე იმ საჭირო სხვაობას გაძლევს'.

რთული დავალება

საქართველოს ნაკრები ახალ სეზონს რაგბი ევროპაზე ასპარეზობით დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე რუმინეთი იქნება. როუნთრი იხსნებს, რომ 'ბორჯღალოსნებისთვის' იტალიასთან მარცხი დიდი იმედგაცრუება იყო.

გრემ როუნთრი: 'იტალიაში ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ კამპანიის პირველი მატჩი იყო და განსხვავებული კომბინაციებით ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ეს რომ სერიის ბოლო თამაში ყოფილიყო და არა პირველი. თამაშისას ადვილად ვთმობდით ბურთს და შესაბამისად, მეტოქეს ფლობა მეტი ჰქონდა. ამით ჩვენ დიდი გაკვეთილი მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ'.

მზადება მსოფლიო თასისთვის

გრემ როუნთრი: 'მსოფლიო თასისთვის მომზადების პროცესში საკმაოდ წინ წავიწიეთ და საკმაოდ ბევრ საქმეს ვაკეთებთ. რაგბი ევროპა რომ დასრულდება, შესაძლოა, აპრილ-მაისში შევიკრიბოთ. ამის შემდეგ უშუალოდ მსოფლიო თასისთვის შეკრება გვექნება და იაპონიაში გამგზავრებამდე გასახურებელ მატჩებს ვითამაშებთ რუსეთის [თბილისში] და შოტლანდიის წინააღმდეგ [თბილისსა და ედინბურგში]'.

როუნთრიმ აღნიშნა, რომ თავისი ადგილი იპოვა. მას სურს, რომ ეროვნულ ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯოს. ის აფასებს ქართველების საქმისადმი პროფესიონალურ მიდგომას და მიაჩნია, რომ 'ბორჯღალოსნები' 2019 წლის მსოფლიო თასზე ბევრს გააკვირვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები