Thumbnail

ორიოდე კვირის წინ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ეს მისი ზედიზედ მესამე მოგებული დიდი სლემია, კარიერაში კი უკვე მე-15. არადა, წელიწადზე ცოტა ნაკლების წინ, ჯოკოვიჩი რეიტინგის ოცეულშიც კი არ იყო და დიდი სლემის უპირველეს ფავორიტებს შორის აღარ მოიხსენიებოდა. როგორ მოახერხა სერბმა დაბრუნება?

დიდი დაბრუნების ამბავი

ჯოკოვიჩის კარიერაში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა. 2011 წლამდე სერბი კარგ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა, რომელიც მუდამ ფედერერისა და ნადალის ჩრდილში იყო. თუკი იქამდე სერბს მხოლოდ 1 დიდი სლემი ჰქონდა მოგებული, 2011-2016 წლებში ჯოკოვიჩმა თავის თამაში აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანა და ამ პერიოდში 24 დიდი სლემიდან 11 მოიგო. მათ შორის, ორჯერ, 2011 და 2015 წლებში ჩაატარა ისტორიული სეზონი, როდესაც ოთხიდან 3 დიდი სლემი მისი ტრიუმფით დასრულდა.

2016 წლიდან, თითქმის ორი წლის მანძილზე, ჯოკოვიჩს კრიზისი ჰქონდა. მის გამომწვევ მიზეზებზე ქვემოთ ვიმსჯელებთ, თუმცა, ფაქტია, რომ ამ კრიზისის შემდეგ, ჯოკოვიჩის ტრიუმფალური დაბრუნების ცოტას თუ სჯეროდა. გასული წლის პირველ 10 შეხვედრაში ნოვაკმა 5 მატჩი დათმო და არცერთი ტიტული არ მოუგია. თუმცა, შარშანდელი უიმბლდონიდან მოყოლებული, ჯოკოვიჩმა დაიბრუნა თავისი თამაში და არამხოლოდ ზედიზედ 3 დიდი სლემი მოიგო, არამედ მას დაუგროვდა ზედიზედ 22-მატჩიანი გამარჯვებების სერია. იგი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან მაისში 22-ე ჩოგანი იყო, სეზონი კი რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.

ჯოკოვიჩის კრიზისი და მისი მიზეზები

თითქმის 2 წლის მანძილზე ჯოკოვიჩი თავის თავს არ ჰგავდა. მისი უპირველესი პრობლემა ის იყო, რომ მან საკუთარი თამაში დაკარგა და არა ის, რომ მეტოქეებმა ჯოკოვიჩის წინააღმდეგ მომგებიანი სტრატეგია იპოვეს.

ჯოკოვიჩის პრობლემები ორ ტიპის იყო - ფიზიკური და მენტალურ-ფსიქოლოგიური. ფიზიკურად, მას რამდენიმე ტრავმა აწუხებდა, მათ შორის ძალიან რთული იდაყვის ტრავმა, რამაც დიდი ხანი გამოატოვებინა და მის თამაშს დიდი დაღი დაასვა. ჯოკოვიჩს ამ ტრავმიდან დაბრუნება ძალიან გაუჭირდა.

უფრო რთული და კომპლექსურია ჯოკოვიჩის ფსიქოლოგიური პრობლემები. ჩოგბურთი ის სპორტია, რომელშიც ფსიქოლოგიას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩოგბურთელი მარტოა და ფეხბურთის, კალათბურთის, ან ზოგადად, გუნდური სპორტის სახეობებისგან განსხვავებით, საკუთარ მოტივაციაზე თავად ზრუნავს. ჩოგბურთში ნაკლებია გულშემატკივრის, მფლობელის, ან პრესის წნეხი - მოთამაშემ მოტივაცია თავის თავში უნდა იპოვოს და არა გარეშე ფაქტორების დახმარებით. მარტივად რომ ვთქვათ, ჩოგბურთელმა თავისი თავი თვითონვე უნდა აიძულოს, რომ ბოლომდე დაიხარჯოს. მაგალითად, ფეხბურთისგან განსხვავებით, მას გულშემატკივრის სტვენის, გუნდის მფლობელების და მწვრთნელის შიშის, ან თანაგუნდელებთან პასუხისმგებლობის ფაქტორები ნაკლებად აწუხებს.

მოტივაციის ფაქტორი მით უმეტეს მნიშვნელოვანია ჯოკოვიჩის ტიპის მოთამაშისთვის - მისი თამაშის აგრესიული, დინამიური და ემოციური მანერა სწორედ მოტივაციაზე დგას. მაგალითად, ფედერერისთვის მოტივაცია შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია - როჯერი უბრალოდ ყველაზე მაგარია ჩოგნით და ბურთით, ისე თამაშობს, თითქოს ერთობა და საკუთარ თავს არც აიძულებს, ბოლომდე დაიხარჯოს.

რაფა ნადალს ბუნებრივი აგრესია აქვს და იგი ყველა თამაშს მოტივირებული, მეტოქისადმი მკვეთრად გამოკვეთილი აგრესიით თამაშობს (სწორედ ამიტომ, ფედერერმა 37 წლამდე ისე ითამაშა, დიდი ტრავმა, ფაქტობრივად, არ ჰქონია, ნადალს კი 14 სხვადასხვა დიდი ტრავმა ჰქონდა, მათ შორის რამდენიმე ქრონიკული).

ჯოკოვიჩი თამაშის სტილით უფრო ნადალს ჰგავს, აგრესია და მოტივაცია მას ძალიან სჭირდება, თუმცა ნადალისგან განსხვავებით, სერბი ბევრად პოზიტიურია (არ იფიქროთ, რომ რაფა ნადალი არ მიყვარს, პირიქით, მას უდიდეს პატივს ვცემ). ორივე მათგანი უკანა ხაზიდან ათლეტურ და ენერგიულ ჩოგბურთს თამაშობს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჯოკოვიჩის კრიზისი 2016 წელს მოგებული როლან გაროსის შემდეგ დაიწყო. ჯოკოვიჩი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას და სულ 1 ნაბიჯი აკლდებოდა. როლან გაროსზე გამარჯვებით მან კარიერული დიდი სლემი მოაგროვა და, ფაქტობრივად, გაუჩნდა განცდა, რომ თავისი თავი ამოწურა. მას ძალიან გაუჭირდა ახალი მოტივაციის მოძებნა - იგი ემოციურად დაცლილი იყო.

ამავე დროს, მას შვილები გაუჩნდა და შემთხვევითი არ არის, რომ ზედიზედ რამდენიმე ინტერვიუში ახსენა, რომ მის ცხოვრებაში ჩოგბურთმა პირველი ადგილი დაკარგა. ეს მყისვე აისახა მის თამაშზეც.

მარიან ვაიდას ფაქტორი

ჯოკოვიჩის ყველა წარმატება მის მწვრთნელ მარიან ვაიდასთან არის დაკავშირებული. ვაიდას გარეშე, ალბათ ჯოკოვიჩი ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც არის. მარიან ვაიდა ჯოკოვიჩის მთავარი მწვრთნელი 2006-2013 წლებში იყო. 2013 წელს ჯოკოვიჩის გუნდში მწვრთნელად ბორის ბეკერი გამოჩნდა, თუმცა სამწვრთნელო შტაბში ადგილი ვაიდამაც შეინარჩუნა. 2017 წლიდან კი ვაიდა და ჯოკოვიჩი აღარ თანამშრომლობდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პერიოდში დგება ჯოკოვიჩის კრიზისი. ნოვაკი ისე ქვემოთ დაეშვა, რომ 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე რეიტინგში ასეულს მიღმა მყოფ დენის ისტომინთანაც კი დამარცხდა მეორე წრეში.

წინა სეზონში ჯოკოვიჩმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მარიან ვაიდასთან მუშაობა განაახლა. შედეგმაც არ დააყოვნა.

ამავე ინტერვიუდან ჩანს: ჯოკოვიჩი ძალიან მოტივირებული იყო, რომ თავისი თამაში ისევ ეპოვა.

ტრიუმფალური დაბრუნებისთვის, ტაქტიკურად ან სისტემურად ჯოკოვიჩს თავისი თამაში არ შეუცვლია. მან უბრალოდ დაიბრუნა სათამაშო ფორმა და ის თამაში, რასაც 2011-2016 წლებში მეტოქეები ვერაფერს უპირისპირებდნენ.

რატომ ვერაფერს უხერხებენ ჯოკოვიჩს?

ფორმის პიკში ჯოკოვიჩი თითქმის დაუმარცხებელი მოთამაშეა. ათლეტიზმი და სისწრაფე ნოლეს საშუალებას აძლევს, მაღალ სიჩქარეზე და ინტენსიურად ხანგრძლივად ითამაშოს. ჯოკოვიჩს ძალიან კარგი მიღება აქვს - მისი მიღების შემდეგ მეტოქე უპირატესობას ვერ იღებს და იძულებულია, გრძელ გათამაშებაში ჩაერთოს. გათამაშებაში ჯოკოვიჩი ეტაპობრივად ზრდის თამაშის ტემპს, თან ისე, რომ თავად შეცდომებს არ უშვებს - მოწინააღმდეგეს ჯოკოვიჩის ათლეტიზმის, სისწრაფის და მისი უშეცდომო სტილის წინააღმდეგ პასუხი არ აქვს. არავის შეუძლია, აყვეს ჯოკოვიჩს სათამაშო ტემპში. ეს დაახლოებით ისეა, კედელს რომ ეთამაშებოდე, რომელიც ყველა დარტყმულს უფრო დიდი სიჩქარით აბრუნებს.

ჯოკოვიჩს არ აქვს ისეთი იდეალური შემტევი თამაში, როგორიც, მაგალითად, როჯერ ფედერერს, თუმცა სტაბილური მოწოდების ხარჯზე, გათამაშებაში უპირატესობის მოპოვებას ყოველთვის ახერხებს.

ჯოკოვიჩი ყველა საფარზე კარაგად თამაშობს, მაგრამ შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე ნაკლებად გრუნტი უყვარს, რომელიც ნელი კორტია და თამაშის ტემპის გაზრდა უფრო რთულია. ყველაზე კარგად კი ჰარდზე გამოიყურება.

ჯოკოვიჩის ბექჰენდი - ანუ, რატომ არ აქვს შანსი ნადალს

როდესაც ჯოკოვიჩი ფორმაშია, იმდენად დიდია კლასში სხვაობა, რომ მოთამაშეთა აბსოლუტურ უმეტესობას მის წინააღმდეგ შანსი უბრალოდ არ აქვს. როჯერ ფედერერი უკვე ვეტერანია, მისთვის ჩვეულ თამაშს მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებს და ჯოკოვიჩის გზაზე იშვიათად დგება. რამდენიმე დიდი სლემის ფინალის მიუხედავად, ენდი მარი ტრავმებმა დატანჯეს და სტაბილურად ჯოკოვიჩის კონკურენტად ვერც ის ჩამოყალიბდა. ერთადერთი რაფა ნადალია, რომელიც წლიდან წლამდე ჯოკოვიჩის უმთავრეს მეტოქედ რჩება. ნადალი კი თავისი სათამაშო სტილით ჯოკოვიჩისთვის არცთუ ისე უხერხული მეტოქეა. თუ რატომ, ამას ქვემოთ განვიხილავთ.

გარკვეულწილად, ჯოკოვიჩი არასტანდარტული მოთამაშეა და ამაშია მისი სიძლიერე. მას სუსტი წერტილები თითქმის არ აქვს. ბექჰენდი, ის სუსტი წერტილი, რომელიც ძირითადად ყველა მოთამაშეს აქვს, ჯოკოვიჩის ძლიერ მხარეებს განეკუთვნება.

ჩოგბურთის ყველაზე სტანდარტული შეტევა მოწინააღმდეგის ბექჰენდზეა გათვლილი. ბუნებრივია, რომ მოთამაშე ხელის წინა ნაწილით (ფორჰენდი) უფრო კარგად უტყამს, ვიდრე უკანა ნაწილით (ბექჰენდი). წლების მანძილზე ჩოგბურთში მომწოდებლები (სამპრასი, ფედერერი) დომირებდნენ და ფორჰენდი მათი საყვარელი შემტევი იარაღი იყო. მეტოქეები ამ სტილის წინააღმდეგ თამაშს უფრო პასიურ ბექჰენდზე აგებდნენ.

ჯოკოვიჩი გამონაკლისია, მისი ორხელა ბექჰენდი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო იარაღია. იგი ბექჰენდით შეცდომას ძალიან იშვიათად უშვებს.

სწორედ ამიტომ არის იგი ასე მოუხერხებელი მეტოქე რაფა ნადალისთვის. გრუნტის გარეთ, 2011 წლის შემდეგ, ჯოკოვიჩმა ნადალს 6-დან 5 დიდი სლემის ფინალი მოუგო. ჩვეულებრივ, ჩოგბურთში დიაგონალზე დარტყმა უფრო იოლად და უშეცდომოდ მიიჩნევა, ვიდრე ხაზზე. ნადალი ცაციაა (რაც მემარჯვენეებისთვის ძალიან მოუხერხებელია) და ბუნებრივად მისი დიაგონალური დარტყმა მეტოქის ბექჰენდს უტევს. სწორედ ამიტომ უჭირს ნადალთან თამაში როჯერ ფედერერს. ესპანელი მუდმივად მის ცალხელა ბექჰენდს უტევს, ერთი ხელით სისტემატიურად თამაშის დროს, ფედერერის ბექჰენდი იღლება და როჯერიც შეცდომებს უშვებს. ჯოკოვიჩის შემთხვევა პირიქით არის: ნადალის საყვარელი დარტყმა, მისი ცაცია დიაგონალი, მეტოქის ბექჰენდზე, ჯოკოვიჩის ძლიერ მხარეზე მიდის.

რაფას ძალიან უყვარს თავისი ფორჰენდით მეტოქის ბექჰენდს შეუტიოს, აიძულოს იგი, უფრო მარცხნივ გადაიწიოს, შედეგად მას კორტის მარჯვენა მხარე რჩება და შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოწინააღმდეგე ბექჰენდით შეცდომას არ უშვებს და ბურთს აბრუნებს, რაფა უკვე გათავისუფლებულ კორტის მარჯვენა მხარეს უტევს.

ნადალის საყვარელი კომბინაცია - შეტევა გათავისუფლებულ მარჯვენა მხარეზე

ჯოკოვიჩთან პირიქით არის: ნოვაკი თავისი ბექჰენდით იმდენად აგრესიულად აბრუნებს ბურთს, რომ არც შეცდომას უშვებს და არც გათავისუფლებულ კორტის მარჯვენა მხარეზე შეტევის დაწყების საშუალებას აძლევს ესპანელს. გარდა ამისა, ჯოკოვიჩი ძალიან კარგად ასრულებს ბექჰენდს ხაზზე - ტექნიკურად ძალიან რთულ დარტყმას, რომელიც ცაცია ნადალის შემთხვევაში, მისთვის მოუხერხებელ მარჯვენა ზონაში მიდის. საშუალოდ ჯოკოვიჩის ბექჰენდის 15 პროცენტია ამ ზონაში, რაც დიდი ციფრია ტექნიკურად ასეთი რთული დარტყმისთვის.

შემთხვევითი არ არის, რომ რაფა ჯოკოვიჩთან შეხვედრაში სწრაფ კორტზე ყველაზე ახლოს გამარჯვებასთან გასული წლის უიმბლდონზე მივიდა. 5 საათიან და 5 სეტიან შეხვედრაში რაფა ცდილობდა, თავისი ფორჰენდი არა დიაგონალზე დაერტყა და ჯოკოვიჩის ბექჰენდისთვის შეეტია, არამედ ხაზზე, ჯოკოვიჩის ფორჰენდზე. ანუ, მან მთლიანად შეცვალა თავისი შეტევის სტრუქტურა.

ბოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაზე რთული მეტოქე ჯოკოვიჩისთვის დანილ მედვედევი აღმოჩნდა. მან სერბს გათამაშებების 47 პროცენტი მოუგო. მედვედევი მაქსიმალურად თავს არიდებდა ნებისმიერ სხვა მეტოქესთან სტანდარტულ კომბინაციას - შეტევას ბექჰენდზე. შედეგად, ჯოკოვიჩს ბექჰენდის გამოყენებ ჩვეულებრივზე 30 პროცენტით ნაკლებად მოუწია და ბექჰენდიდან 60 პროცენტით უფრო ნაკლები ქულის მომტანი დარტყმა (ე.წ. winner) შეასრულა. ამასთან ერთად, 50 შეცდომა დაუშვა (ამის შემდეგ 3 თამაშში მხოლოდ 23). დაახლოებით ასევე მოიქცა ალექსანდერ ზვერევი წლის ბოლოს შემაჯამებელი მასტერსის ფინალში. ჯოკოვიჩთან მოგებულ შეხვედრაში ბექჰენდზე მისი დარტყმების მხოლოდ 41 პროცენტი იყო მიმართული.

გრძელი გათამაშებები, რომელსაც რაფა ვერ იგებს

სერბი ესპანელს არც აგრესიაში, ათლეტიზმსა და დაცვაში თამაშში ჩამორჩება და შედეგად ნადალს არაფერი აქვს მის წინააღმდეგ. ნადალის საყვარელი გრძელი გათამაშებებიც კი, რომლებსაც იგი თავისი ათლეტიზმის და უშეცდომო დაცვის ხარჯზე ყველას უგებს, ჯოკოვიჩთან უშედეგოა.

ნადალის გრძელი გათამაშების არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაუსრულებლად აბრუნებს ბურთს უკან - სანამ მეტოქე არ დაიღლება და შეცდომას არ დაუშვებს. ჯოკოვიჩთან მისი შეცდომის დაშვების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს - ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო 3 შეხვედრაში სერბმა 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ჩვეულებრივ, მოთამაშეები ამდენ შეცდომას ერთ თამაშში უშვებენ ხოლმე (ისიც კარგ შემთხვევაში). ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთის მოგება ჯოკოვიჩთან მხოლოდ აქტიური შემტევი თამაშით შეიძლება (გარანტია არც ეს არ არის) და არა მისი შეცდომის იმედად. რაფას კი ამ ტიპის თამაშის არ ახასიათებს.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ უკანასკნელი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნადალს უპირატესობა არც მოკლე (0-4 დარტყმა), არც საშუალო (5-8 დარტყმა) და არც გრძელ (9 + დარტყმა) გათამაშებებში არ ჰქონდა. ნადალის ყველაზე ძლიერი მხარე, მისი გრძელი გათამაშებები ჯოკოვიჩთან სრულიად უშედეგოა - ფინალში მათში ესპანელმა მხოლოდ 7 ბურთი მოიგო. ნადალი ჯოკოვიჩს სისწრაფით, გამძლეობით, ათლეტიზმითა და უშეცდომო დაცვით ვერ უგებს.

ესპანელის ყველაზე ძლიერი მხარე უკანა ხაზზე გათამაშებაა. ავსტრალიის ფინალამდე მას უკანა ხაზზე გათამაშებების 59 პროცენტი ჰქონდა მოგებული, ფინალში კი 88-დან მხოლოდ 26 გათამაშება მოიგო, რაც 29.5 პროცენტია. მისი ყველა ძლიერი თვისება ჯოკოვიჩთან არაფექტურია.

ჯოკოვიჩის მიღება

ჯოკოვიჩი ძალიან კარგად იღებს ბურთს. მიღება მისი ყველაზე ძლიერი მხარეა. ფინალამდე, რაფა ნადალი თავისი პირველი მოწოდების 81 პროცენტს იგებდა, ფინალში კი მხოლოდ 51 პროცენტი მოიგო. ნადალი საუკეთესი მომწოდებლების რიცხვში არ შედის. იგი ბევრ ეისებს არ აკეთებს და ცდილობს, მოწოდების დროს ბურთი ისე შეიყვანს თამაშში, რომ უპირატესობა მიიღოს შემდეგი გათამაშების დროს. ჯოკოვიჩის აგრესიული და აქტიური მიღება ნადალს გათამაშების უპირატესობით დაწყების და გათამაშების სწრაფად მოგების საშუალებას არ აძლევს. შედეგად, იგი იძულებულია, თავისი მოწოდება უპირატესობის გარეშე დაიწყოს.

მიმართულების ცვლილება

ჯოკოვიჩი გათამაშების დროს ძალიან კარგად ცვლის მიმართლებას - ეს ტექნიკურად ძალიან რთულია და შეცდომის ალბათობა იზრდება. ფინალში, როდესაც ჯოკოვიჩი მიმართულებას ცვლიდა და ბურთი დაუცველ სივრცეში გადაჰქონდა, რაფას მუდამ უწევდა, რომ თავისი ფორჰენდი სირბილის დროს დაერტყა და არა ადგილიდან. შედეგად, რაფას ერთი შეხედვით ეფექტური ფორჰენდი მისთვის დიდ პრობლემად იქცა.

ფინალში რაფას დიაგონალს ჯოკოვიჩმა ძალიან ხშირად (20 %) უპასუხა თავისი ორხელა ბექჰენდით ხაზზე ანუ (ცაცია) ნადალისგან მარჯვნივ, მისთვის ყველაზე მოუხერხებელ ზონაში. 2011 წლის შემდეგ, ნადალმა მხოლოდ ერთხელ შეძლო (ან ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო პირიქით), რომ ჯოკოვიჩის ბექჰენდის 10 პროცენტზე ნაკლები არ ყოფილიყო ხაზზე, მისგან მარცხნივ - ეს იყო 2013 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში, ბოლოჯერ როდესაც ნადალმა ჯოკოვიჩს ჰარდზე დიდი სლემის ფინალი მოუგო.

როგორ შეიძლება მოვუგოთ ჯოკოვიჩს?

თუნდაც შედარებით ეფექტური თამაშის ცალკეული შემთხვევები (მედვედევი, ზვერევი და ა.შ.) ჯოკოვიჩის წინააღმდეგ, მისი დამარცხების გარანტიას არ იძლევა. პირიქით, ფორმაში მყოფი ჯოკოვიჩი თითქმის დაუმარცხებლად, სუსტი წერტილების, გარეშე გამოიყურება.

გრუნტზე მის წინააღმდეგ ყველაზე კარგად რაფა ნადალი თამაშობს, რომელიც კითხვის ნიშნის გარეშე ამ საფარზე საუკეთესოა ისტორიაში. გრუნტი ნადალის ძლიერ მხარეებს ყველაზე მეტად არის მორგებული. ნადალთან გრუნტზე ჯოკოვიჩი ფავორიტი არასდროს არ არის. გრუნტზე ნადალს ჯოკოვიჩთან 16 თამაში აქვს მოგებული და მხოლოდ 7 წაგებული.

ამის გარდა, მე მხოლოდ ორი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ისეთი სტრატეგია ჰქონდათ, რომ სერბს მის წინააღმდეგ პასუხი არ გააჩნდა. ორჯერვე ეს ფედერერთან შეხვედრაში მოხდა. 2011 წელს როლან გაროსის, ხოლოდ 2012 წლის უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერმა ჯოკოვიჩის წინააღმდეგ თამაშის ტემპი დააგდო და ჯოკოვიჩს ინტენსიურ ჩოგბურთში არ აჰყვა. ფედერერი მოჭრილი და ნელი დარტყმებით რიტმს აგდებდა, ასეთი დარტყმა ნელა მიფრინავს, ბურთი ჰაერში ტრიალებს და მასზე აგრესიული დარტყმით პასუხი რთულია. ფედერერი შეტევას ამზადებდა და მერე ცდილობდა ერთი მოულოდნელი დარტყმით გათამაშება მოეგო. გარდა ამისა, ფედერერი ძალიან კარგად აწვდის და მის კარგ ჩაწოდებაზე ჯოკოვიჩის მიღებაც კი არ არის ჩვეულებისამებრ ეფექტური.

თამაშის ამ სტილს, ძალიან კარგი ტექნიკური მომზადება სჭირდება. თანამედროვე ჩოგბურთში საუკეთესო წლების როჯერივით დარტყმის ტექნიკა არავის აქვს.

იკვეთება მხოლოდ ერთი კანონზომიერება. ჯოკოვიჩს უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებთან უჭირს მათი ათლეტიზმისა და დინამიიური სტილიდან გამომდინარე.

ნოლე ფედერერის წინააღმდეგ

ბოლო წლებში ფედერერი ჯოკოვიჩისთვის ისე პრინციპული მეტოქე არ არის,  როგორც ნადალი, თუმცა რამდენჯერმე მათ დიდი სლემების ფინალსა და ნახევარფინალში მოუწიათ ერთმანეთთან დაპირისპირება. ზემოთხსენებული ორი მარცხის გარდა ჯოკოვიჩმა ფედერერს ყველა ასეთი შეხვედრა მოუგო. 2011 წლის, ანუ ჯოკოვიჩის კარიერაში ახალი ეტაპის შემდეგ, სლემებზე როჯერსა და ნოლეს შორის ურთიერთშეხვედრები 7-2-ია ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. მათ შორის სერბის ანგარიშზე არის მოგებული ფინალები უიმბლდონზე, ფედერერის საყვარელ ბალახის კორტზე.

ნოლეს ფედერერთან შედარებით უპირატესობა აქვს ათლეტიზმსა და ფიზიკურ მომზადებაში. ეს განსაკუთრებით მკვეთრად მეოთხე - მეხუთე სეტშია ხოლმე გამოკვეთილი. გარდა ამისა, ჯოკოვიჩის მიღება ეფექტურია როჯერის, ჩოგბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებლის, წინაააღმდეგ, არამხოლოდ ჰარდზე ან გრუნტზე, არამედ ბალახის სწრაფ კორტებზეც. ჯოკოვიჩმა როჯერს ზედიზედ ორჯერ მოუგო უიმბლდონის ფინალი 2014-2015 წლებში. თუკი ფედერერი ნოლესთან გათამაშებაში უპირატესობა ვერ იღებს მოწოდების ან სწრაფი გათამაშებების (0-4 დარტყმა) ხარჯზე, მაშინ საშუალო ან გრძელ გათამაშებებში სერბი ბევრად უკეთესია. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს უიმბლდონზე ჯოკოვიჩთან მოგებული შეხვედრაში ფედერერს 4 სეტისთვის მხოლოდ 2 საათი და 19 წუთი დასჭირდა - ანუ იგი ეფექტურად იყენებდა მოწოდებებსა და მოკლე გათამაშებებს, ხოლო შემდეგ წლებში უფრო ხანგრძლივ შეხვედრებში, ანუ იმ თამაშებში, რომლებშიც როჯერი მოკლე გათამაშებით უპირატესობას ვერ იღებდა, მისი მარცხით დასრულდა.

არის კი ჯოკოვიჩი GOAT?

ჯოკოვიჩმა 15 დიდი სლემი მოიგო. იგი 32 წლის არის და იმის გათვალისწინებით, რომ ნადალის და ფედერერის საუკეთესო წლები უკან არის, მარეი ჩოგბურთიდან მიდის, სხვა კონკურენტები კი ჯერ კიდევ არ ჩანან, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ სერბი კიდევ უფრო მეტ დიდ სლემს მოიგებს. ამ ეტაპზე მასზე მეტი სლემი მხოლოდ როჯერს და რაფას აქვთ.

წელს ჯოკოვიჩი კარიერაში მესამედ შეეცდება ზედიზედ სამი მოგებული დიდი სლემის შემდეგ, მოიგოს მეოთხე - როლან გაროსი. ავსტრალიის ღია პირველობის მერე მან ღიად აღნიშნა, რომ როლან გაროსის მოგება მისი მთავარი პრიორიტეტია. ტრავმების და ასაკის მიუხედავად პარიზში რაფა ნადალი კვლავ უძლეველად მიიჩნევა. გრუნტზე დიდი სლემი აქამდე ჯოკოვიჩს მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. ნადალის დამარცხების შემთხვევაში იგი შეძლებს იმას, რაც არც როჯერს და არც რაფას არ გაუკეთებიათ - მოიგებს ოთხივე დიდ სლემს ზედიზედ.

მარიან ვაიდა: ‘გრუნტი განსაკუთრებული კორტია. მასზე სხვანაირად მოძრაობაა საჭირო და საერთოდ სხვა კუნთები მუშაობს. ჰარდისგან განსხვავდება დარტყმის ტექნიკაც. გრუნტი ნელია და იქ გრძელი გათამაშებები მიდის.საჭიროა, ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება. ჩვენ მისთვის სპეციალურად მოვემზადებით.’

ჯოკოვიჩი დიდი სლემების რაოდენობით ისტორიაში მესამეა, თავისი 32 მოგებული მასტერსით მხოლოდ ნადალს (33 მასტერსი) ჩამოუვარდება და ჯიმი კონორსთან ერთად ერთადერთია, რომელსაც სამივე საფარზე დაახლოებით ერთნაირი გამარჯვებების პროცენტი აქვს.

ამავე დროს, იგი ერთადერთია, რომელსაც როჯერთან და რაფასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. როჯერს იგი 25-22-ს უგებს, ხოლო რაფას 28-25-ს.

შენიშვნა: ალექს კორეჩას და დომინიკ ჰრბატის ასევე აქვთ ნადალთან და ფედერერთან დადებითი ბალანსი, რადგან მათ ადრე დაამთავრეს კარიერა და როჯერს და რაფას მხოლოდ მათი ახალგაზრდობის წლებში ეთამაშებოდნენ.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნადალთან და განსაკუთრებით ფედერერთან ჯოკოვიჩის გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ წლებზე მოდის, როდესაც მათ კარიერის პიკი გადავლილი ჰქონდათ. იქამდე კი, ჯოკოვიჩს მათთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა, თუმცა თავის მხრივ, იმ წლებშიც სერბს თავისი საუკეთესო თამაში ნაპოვნი ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

გაიმეორებს ნოლე ისტორიას?

2011 წელს ჯოკოვიჩმა ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ითამაშა. იმ წელს მან 3 დიდ სლემთან და 5 მასტერთან ერთად, 76 შეხვედრიდან 70 მოიგო. ერთ წელიწადში მან ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავა. სტატისტიკურად, მაგალითად, როჯერ ფედერერს ჰქონია სეზონი, რომელიც უფრო ნაკლები მარცხით დაასრულა, თუმცა ჯოკოვიჩის თამაშის ხარისხი 2011 წელს იმდენად მაღალი იყო, რომ ბევრი მოთამაშე და სპეციალისტი თანხმდება, რომ ეს იყო სრულყოფილი თამაში. პიტ სამპრასმა 2011 წლის სეზონი საუკეთესოდ მონათლა, რომელიც კი მას უნახავს, ხოლო რაფაელ ნადალმა, რომელმაც ამ წელს სამ სხვადასხვა საფარზე ჯოკოვიჩთან 6 ფინალი დათმო, აღნიშნა რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ხარისხის ჩოგბურთი, რომელიც მას უნახავს (და არ დაგავიწყდეთ, რომ რაფას უნახავს ფედერერი თავისი ფორმის პიკში).

წელს ჯოკოვიჩს შანსი აქვს არამხოლოდ გაიმეოროს, არამედ როლან გაროსის მოგებით, გააუმჯობესოს კიდეც თავისი მიღწევა.

ჯოკოვიჩს ასეთ ფორმაში კონკურენტი თითქმის არ ჰყავს. სავარაუდოა, რომ თავისი გამარჯვებების სერიას იგი ისევ განაგრძობს. ადვილად შესაძლებელია, რომ მან ფედერერის რეკორდის (20 სლემი) გამეორება და გაუმჯობესებაც შეძლოს. ჩოგბურთის გულშემატკივრებს გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც სამი ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი ერთდროულად თამაშობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები