Thumbnail

ჩინეთის მთავრობამ ელექტრონული სპორტი პროფესიად ოფიციალურად აღიარა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ჩინეთის მთავრობამ eSports-ის მხარდაჭერის ოფიციალური მზაობა გამოთქვა
  • აკრძალული თამაშების ნაწილი კვლავ ლეგალური გახდა
  • ცვლილების შედეგად კიბერ სპორტსმენების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება

მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანმა ერმა ელექტრონული სპორტი ლეგიტიმურ პროფესიად აღიარა. ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური დავის მინისტრმა 15 ახალი პროფესია დაასახელა, რომელთა შორის eSports პროფესიონალი და eSports ოპერატორიც შედის. სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2019 წლის 25 იანვარს ჩინეთის მთავრობამ ელექტრონული სპორტის მხარდაჭერის ოფიციალური მზაობა გამოთქვა.

ეს გადაწყვეტილება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთი ელექტრონული სპორტის მიმართ მიმღებლობას არ ავლენდა. პირიქითაც, ქვეყანაში გასული წლის 11 დეკემბრიდან აკრძალული იყო ისეთი თამაშები, როგორებიც PUBG, Fortnite და H1Z1-ია. გარდა ამისა, ჩინეთმა მცირე ხნის წინ ონლაინ ეთიკის კომიტეტი შექმნა, რომელიც თამაშებს განიხილავს და ქვეყნის მორალის საწინააღმდეგო დეტალებისგან ათავისუფლებს. მაგალითად, თამაშების დიდი ნაწილიდან ამოიღეს სისხლის გრაფიკული გამოსახულებები და სექსუალური კონტენტი.

გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩინელი გეიმერები Winner, Winner, Chicken Dinner-ის გარეშე დარჩნენ

ტერმინი 'eSports პროფესიონალი' განსაზღვრებულია, როგორც მოთამაშე, რომელიც ელექტრონული სპორტის ტურნირებზე და ღონისძიებებზე იღებს მონაწილეობას, ან ვარჯიშობს სხვა პროფესიონალებთან ერთად, ხოლო 'eSports ოპერატორი' კი ის პირია, რომელიც ტურნირებს და სხვა სახის ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას.

გარდა ამისა, სამინისტრომ აღნიშნა, რომ ანგარიშის გაქაჩვა (Account Bosting) ელექტრონულ სპორტთან ასოცირებული ერთ-ერთი უმთავრესი პროფესიაა. აღნიშნული ქმედება, eSports თამაშების უმრავლესობაში, როგორებიც League of Legends და Overwatch-ია დასჯად ქმედებად ითვლება. ფაქტია, რომ ჩინეთის მთავრობას ელექტრონული სპორტის ინდუსტრიასთან ჯეროვანი კომუნიკაცია არ აქვს, რადგან ამ ტერმინს იყენებენ, თუმცა შესაძლოა ეს უბრალოდ გაუგებრობაა.

სხვისი ანგარიშის გაქაჩვა Overwatch-შიც აკრძალულია

შეგახსენებთ, რომ LMQ-ს ყოფილმა მოთამაშემ, იუ 'XiaoWeiXiao' ჟიანმა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია სწორედ სხვისი ანგარიშის გაქაჩვისთვის მიიღო. მსგავსი სკანდალი Overwatch-შიც მოხდა და Blizzard-მა დამნაშავე გეიმერების 1400-ზე მეტი ანგარიში დახურა.

ჯერჯერობით არ ვიცით შეცვლის თუ არა სამინისტრო ტერმინს, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ eSports პროფესიონალის და eSports ოპერატორის ოფიციალურ პროფესიებად ცნობა დადებითი ნაბიჯია და ჩინეთში ელექტრონული სპორტის ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობს. ეს კი ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ჩინელ მოთამაშეებს გაფართოებული შრომითი უფლებები და სამუშაო ვიზებზე უკეთესი წვდომა ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები