Thumbnail

10 დღის ვადა კარდიფს - ნანტი ემილიანო სალას ტრანსფერის თანხას ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კარდიფი დაკარგული ფეხბურთელის ტრანსფერის თანხის გადახდას არ ჩქარობს
  • ფრანგული კლუბი უელსელებისგან თანხას ითხოვს და ჩივილით იმუქრება 

ნანტი ემილიანო სალას ტრანსფერის სანაცვლოდ კარდიფ სიტისგან 15 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 17 მლნ ევროს) ითხოვს. ამის შესახებ BBC იუწყება, რომლის ინფორმაციით, თუკი ანგარიშსწორება 10 დღის ვადაში არ მოხდება, ფრანგული კლუბი იჩივლებს. შეგახსენებთ, რომ 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის თვითმფრინავმა, რომელიც საფრანგეთიდან უელსისკენ მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა და ახლახან მას ლა მანშის სრუტის ფსკერზე მიაგნეს.

სალას გაუჩინარების შემდეგ, როდესაც საძიებო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, კარდიფში განაცხადეს, რომ ნანტს ტრანსფერის თანხას იქამდე არ გადაუხდიდნენ, სანამ გამოძიება ყველაფერს ნათელს არ მოჰფენდა.

სალამ ლიგა 1-ის 19 მატჩში 12 გოლის გატანა მოასწრო

ემილიანო სალა კარდიფ სიტიში ნანტიდან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ბრიტანული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 21 იანვარს საღამოს ფეხბურთელი კერძო თვითმფრინავით უელსში გაემგზავრა, მაგრამ დანიშნულების ადგილზე მიღწევამდე ერთი საათით ადრე, საფრენი აპარატი რადარებიდან გაქრა. 

რამდენიმე დღის წინ დაკარგულ თვითმფრინავს ზღვის ფსკერზე მიაგნეს, დრონებით გადაღებულ კადრებში კი ბორტზე მყოფი ერთ-ერთი გარდაცვლილი გამოჩნდა. ცხედრის ამოყვანა და იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები