Thumbnail
  • ხოსეპ მარია ბარტომეუმ ნეიმარისა და ისკოს ტრანსფერების შესაძლებლობაზე ისაუბრა
  • ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის თავდაუსხმელობის პაქტი არ არსებობს

ბარსელონის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ესპანურ მედიასთან კატალონიურ კლუბში ნეიმარისა და ისკოს გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მანამდე არაერთხელ დაიწერა, რომ 27 წლის ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენში თავს მთლად ბედნიერად ვერ გრძნობს და ესპანეთში დაბრუნებით დაინტერესებულია. 

‘არც ნეიმართან და არც მამამისთან, არასდროს მილაპარაკია ბარსელონაში დაბრუნების საკითხზე. ჩვენ ვსაუბრობთ პსჟ-ის მოთამაშეზე და არ მგონია, რომ პარიზული კლუბი აპირებდეს ისეთ ფეხბურთელთან გამოთხოვებას, როგორიც ის არის. კლუბი აგრძელებს მომავალი სეზონისთვის მომზადებას, ოღონდ ნეიმარი ჩვენს სიაში არ არის’, - ამბობს ბარტომეუ.

ბარსელონიდან პსჟ-ში ბრაზილიელი სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადავიდა

მიმდინარე სეზონში 27 წლის ნეიმარმა პსჟ-ის მაისურით 23 მატჩში ითამაშა, გაიტანა 20 გოლი და მიითვალა 11 საგოლე პასი. ამჟამად ბრაზილიელი ტრავმას იშუშებს და დაახლოებით 2,5 თვე ვერ ითამაშებს.

კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის ისკოს დამატების პერსპექტივაზეც ისაუბრა:

‘თუკი სამწვრთნელო შტაბი მომთხოვს რეალის იმ ფეხბურთელების დამატებას, რომლებიც კლუბს ტოვებენ, ჩვენ მათ შევიძენთ. ასეთი რამ არ მომხდარა, რაც ბარსელონაში ვარ, თუმცა კლუბებს ერთმანეთთან რაიმე თავდაუსხმელობის პაქტი ნამდვილად არ გვაქვს დადებული. თითოეული გუნდი ცდილობს, შემადგენლობა უფრო გააძლიეროს. ისკო? მასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჯერ რეალის პრეზიდენტთან დავილაპარაკებდი’.

ისკოს სანტიაგო სოლარისთან ურთიერთობა თავიდანვე არ აეწყო

შეგახსენებთ, რომ ისკოს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს მადრიდელთა მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან, რის გამოც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან ტურინის იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები