Thumbnail
  • იუვენტუსმა ადრიენ რაბიო და აარონ რემზი უფასოდ გადაიბირა
  • ტურინული კლუბი ასეთ ტრანსფერებში ერთ-ერთი საუკეთესოა
  • თავის დროზე, იუვემ ასევე უფასოდ ჩაიგდო ხელში პირლო, კანავარო, პოგბა და სხვა ვარსკვლავები

ფეხბურთელების უფასოდ ხელში ჩაგდება გრანდებიდან ყველაზე კარგად ტურინის იუვენტუსს გამოსდის. ტურინული გრანდის ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკის მორიგი მაგალითები აარონ რემზი და ადრიენ რაბიო არიან. უელსელი კიდევ ერთი ძვირადღირებული მოთამაშეა, რომლის ტრანსფერი იუვემ ისე გაინაღდა, რომ ლონდონის არსენალისთვის ერთი ცენტის გადახდაც კი არ მოუწევს. იგივე ეხება რაბიოსაც, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევა.

რემზიმდე და რაბიომდე იუვენტუსმა არაერთი ცნობილი ვარსკვლავი ჩაიგდო ხელში უფასოდ. მათ შორის უმრავლესობამ იმედები არა მარტო გაამართლა, არამედ მოლოდინსაც კი გადააჭარბა! აი, ისინიც:

რობერტ კოვაჩი (2005)

რობერტ კოვაჩის უფასო ტრანსფერს ძალიან წარმატებულს ვერ დავარქმევთ, მაგრამ არც წარუმატებელია, რადგან იუვემ 2005 წელს ამ ფეხბურთელის სახით მიიღო ის, რაც სურდა - კარგი მცველი სათადარიგოთა სკამისთვის. კოვაჩი ორი წლის შემდეგ დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა, ახლა კი თავისი ძმის, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ასისტენტია.

ჰასან სალიჰამიჯიჩი (2007)

ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელიც დღეს მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორია, იუვენტუსში სამი წელი გაატარა. ‘ბრაცომ’ იუვეში სულ 73 მატჩი ჩაატარა და საკმაოდ პროდუქტიული იყო.

ფაბიო კანავარო (2009)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო კანავარო იუვენტუსში ორჯერ გადავიდა. პირველად 2004 წელს, მილანის ინტერიდან, ხოლო მეორედ კი 2009-ში - მადრიდის რეალიდან. სწორედ ეს მეორე ტრანსფერი იყო უფასო - კანავარომ იმ სეზონში 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძო. ახლა 45 წლის კანავარო გუანჯოუ ევერგრანდის მთავარი მწვრთნელი.

ლუკა ტონი (2011)

ბევრი იარა, თუ ცოტა, ლუკა ტონი იუვენტუსშიც აღმოჩნდა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ტურინულ გრანდში 2011 წლის ზამთარში, ჯენოადან უფასოდ გადავიდა, თუმცა 14 თამაშში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო. ალ ნასრში მცირე დროის გატარების შემდეგ, ტონი იტალიაში დაბრუნდა და კარიერის ბოლოს ჯერ ფიორენტინაში (27 მატჩი, 8 გოლი), ბოლოს კი ვერონაში (95 მატჩი, 48 გოლი) ითამაშა.

ანდრეა პირლო (2011)

ეს იუვენტუსის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია და ისიც უფასო! იტალიური ფეხბურთის ლეგენდა მილანში გატარებული 10 წლის შემდეგ იუვეში გადავიდა და ‘თავიდან დაიბადა’. ბევრისთვის უკვე ჩამოწერილი მაესტრო იუვეში ბრწყინვალედ ათამაშდა და ტურინში 4 შესანიშნავი წელი გაატარა. იუვეს შემდეგ პირლო MLS-ში წავიდა, სადაც კარიერა 2018 წელს დაასრულა.

ლუსიო (2012)

2012 წელს იუვენტუსმა მილანის ინტერიდან უფასოდ გადაიბირა ბრაზილიელი მცველი ლუსიო, რომლისგანაც ტურინში სასწაულებს არ ელოდებოდნენ, რადგან უკვე ასაკიანი იყო - ის უბრალოდ სათადარიგო მცველად სჭირდებოდათ. ლუსიომ იუვეს ფორმით მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ზამთარში კი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერა სან პაულოში გააგრძელა.

პოლ პოგბა (2012)

ეს იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრანსფერია. 2012 წელს იუვემ მანჩესტერ იუნაიტედიდან 19 წლის პოლ პოგბა უფასოდ წაიყვანა, 4 წლის შემდეგ კი 105 მილიონ ევროდ დაუბრუნა!

ფერნანდო ლორენტე (2013)

ესპანელი ფორვარდი იუვემ 2013 წელს, ბილბაოს ატლეტიკიდან გადაიბირა. ბასკმა ტურინულ გრანდში ორი სეზონი გაატარა და 92 მატჩში 27 გოლი გაიტანა. თუმცა, ლორენტეს ძირითადად შეცვლაზე ათამაშებდნენ. უფასოდ მისულმა ლორენტემ იუვე უფასოდვე დატოვა და 2015 წელს სევილიაში გადავიდა.

კინგსლი კომანი (2014)

პარი სენ-ჟერმენში მისი დაკარგვა (მით უმეტეს უფასოდ) ძალიან ინანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ნიჭიერმა ფრანგმა გარემარბმა ტურინში ერთი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნში გაანათხოვრეს. მოგვიანებით, კომანი ბაიერნის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდა, იუვემ კი მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო მიიღო.

სამი ხედირა (2015)

ტურინული გრანდის კიდევ ერთი უაღრესად წარმატებული უფასო ტრანსფერი - სამი ხედირას მადრიდის რეალში აღარ აფასებდნენ, იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრი კი გერმანელ საყრდენ ნახევარმცველში ჯერ კიდევ დიდ პოტენციალს ხედავდა. მას მერე ხედირა იუვენტუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

დანი ალვეში (2016)

როგორც კი ტურინელებმა დაინახეს, რომ ბარსელონა და დანი ალვეში ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდნენ, ბრაზილიელს მიმართეს და დაითანხმეს. დანი ალვეშმა ტურინულ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ 33 მატჩი ჩაატარა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ იუვენტუსი იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მართალია, ფინალის დროს, იუვეს გასახდელში მომხდარი სკანდალი დიდწილად სწორედ დანი ალვეშს ბრალდება, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ემრე ჯანი (2018)

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად იუვენტუსმა ძალიან დიდხანს, თითქმის ერთი წელი იმუშავა და ბოლოს მიზანს მაინც მიაღწია. ჯანმა ლივერპულთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა და ტურინში გადავიდა. ის იუვენტუსის მნიშვნელოვან მოთამაშედ ყალიბდება!

აარონ რემზი და ადრიენ რაბიო (2019)

რაბიო ტურინულ გრანდში პარი სენ-ჟერმენიდან გადავიდა

28 წლის რემზიმ იუვენტუსთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, მისი ხელფასი კვირაში 450 000 ევრო იქნება. ეს ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ლოგიკურია იმის გამო, რომ იუვეს არსენალისთვის ერთი ცენტიც კი არ გადაუხდია. რემზიმ არსენალში 11 წელი ითამაშა ლონდონური კლუბი წელს უფასოდ დატოვა.

რაც შეეხება რაბიოს: მას მერე, რაც მან დაადასტურა, რომ პარი სენ-ჟერმენთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებდა, ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გუნდიდან მოკვეთა და გასული წლის 11 დეკემბრის შემდეგ რაბიოს აღარ უთამაშია. იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო ტურინელებმა მას 10 მილიონი ევრო გადაუხადეს. პსჟ-მ კი 24 წლის ნახევარმცველი, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეულია, უფასოდ დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები