Thumbnail
  • რეალს და ბარსას 19 წლის პორტუგალიელის ყიდვა სურთ
  • ჟოაო ფელიქსი ევროპის ლამის ყველა გრანდს სურს

ბრიტანული 'ევროსპორტის' რუბრიკა Euro Papers ამტკიცებს, რომ რეალსა და ბარსელონას მორიგი კლასიკო აქვთ გამართული - ამჯერად, 19 წლის პორტუგალიელი ტალანტის, ჟოაო ფელიქსის ხელში ჩასაგდებად.

ჟოაო ფელიქს სეკუეირა ბენფიკას შემტევი ნახევარმცველია, პორტუგალიაში მას 'ახალ კრიშტიანო რონალდოს' უწოდებენ. ზოგიერთი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ფელიქსი რონალდოს ფიზიკურადაც ჰგავს. ჟურნალისტების ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ფელიქსი თამაშის მანერით კრიშტიანოსა და ლიონელ მესის კომბინაციაა.

ლისაბონის კლუბმა უკვე დააწესა მისი გამოსასყიდი თანხა - 120 მილიონი ევრო. რეალის დაინტერესებაზე თუ ადრეც ცნობილი იყო, ბარსელონას ინტერესი ახალგაზრდა პორტუგალიელის მიმართ სიახლეა. 

The Sun-ის ინფორმაციით, 'ახალი კრიშტიანო' ყველაზე მეტად სწორედ იმ კლუბებს სურთ, სადაც ნამდვილ კრიშტიანოს უთამაშია - მანჩესტერ იუნაიტედსა და რეალს. მედიაში იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ფელიქსით ბაიერნი, ლივერპული და იუვენტუსიც დაინტერესდნენ. საუბარი იყო ვესტ ჰემის ინტერესზეც, თუმცა ასეთ გრანდებთან ლონდონურ კლუბს კონკურენციის გაწევა ნაკლებად შეუძლია. 

რონალდოსთან ერთად თამაშზე ოცნებობს

ფელიქსი - ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლისაბონის დერბიში გოლი გაიტანა

'ჩემი მომავალი? ჯერჯერობით არ ვიცი, შემოთავაზებები მაქვს ესპანური, ინგლისური, იტალიური და ფრანგული ლიგებიდან. ყოველ პორტუგალიელ ფეხბურთელს სურს ძლიერ ლიგებში თამაში და მეც არ ვარ გამონაკლისი. 

ოცნება? რაც შეეხება ოცნებას, დიდებული იქნებოდა კრიშტიანო რონალდოსთან ერთად თამაში. იმიტომ, რომ ის უბრალოდ საუკეთესოა - ყველას კერპია და სამაგალითო ფეხბურთელია. მასთან ერთად ძალიან მოვუმატებდი. 

2019 წელს მსურს Golden Boy-ს ტიტულის მოგება, ეს ხომ ახალგაზრდების 'ოქროს ბურთია'. შარშან მე 40 კანდიდატს შორის მოვხვდი, წელს კი მოგება მსურს' - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ ინტერვიუში თავად ჟოაო ფელიქსმა. 

პორტუდან ბენფიკაში

ვიზეუში დაბადებულმა ფელიქსმა პორტუს ახალგაზრდულ აკადემიაში 7 წელი გაატარა, მაგრამ ბოლოს გამოუშვეს, რადგან შთამბეჭდავი ფიზიკური აღნაგობა არ ჰქონდა. 2015 წლიდან ის ბენფიკას ახალგაზრდულ გუნდშია. პირველ გუნდში დებიუტი ჟოაო ფელიქსს ამ სეზონში ჰქონდა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლისაბონის დერბიში გოლი გაიტანა. ახალგაზრდულ ასაკში მას თამაშის სტილით უფრო რუი კოშტას ადარებდნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები