Thumbnail
  • 📅 6 თებერვალი | ⌚ 23:45 | ⚽ ჰერტა V ბაიერნი
  • ბაიერნის მწვრთნელი ფეხბურთელებისგან უფრო სწრაფად თამაშს ითხოვს
  • ნიკო კოვაჩი ჰერტასთან სერიოზულ როტაციას არ აპირებს

გერმანიის თასის მერვედფინალური მატჩის წინ, რომელშიც ბერლინის ჰერტას უპირისპირდება, მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი წნეხის ქვეშაა. თუმცა, რეკორდმაისტერის დამრიგებლისთვის ამაში ახალი არაფერია - ზეწოლის ქვეშ ის ზაფხულიდანაა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ ბაიერნი არცისე კარგ სეზონს ატარებს, როგორც ფანები ბოლო წლებში და წინა მწვრთნელების დროს მიაჩვია.

კოვაჩი, ისევე, როგორც მისი ბერლინელი ვიზავი პალ დარდაი, მატჩის წინ შეგირდებს პენალტებზე არ ავარჯიშებს. ‘პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩემი ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანებზე ისედაც საკმაოდ ხშირად ვარჯიშობენ ხოლმე და ესეც რომ არ იყოს, ჩვენი მიზანი ჰერტასთან საქმის ძირითად დროში დამთავრებაა,’ - აცხადებს ბაიერნის დამრიგებელი დღევანდელი დუელის წინ.

უკმაყოფილო ბოატენგი დღეს ალბათ ძირითადში იქნება

ნიკო კოვაჩი გერმანიის თასის ზედიზედ მესამე ფინალს უმიზნებს - წინა ორ შემთხვევაში მან ფინალში ფრანკფურტის აინტრახტი გაიყვანა. ყველას კარგად ახსოვს 2018 წლის მაისის ფინალი, სადაც კოვაჩის აინტრახტმა ბაიერნი 3:1 დაამარცხა. 

‘ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით მაგრად უნდა მოვუმატოთ. ლევერკუზენთან წაგებულ შეხვედრაში სწორედ ეს იყო პრობლემა. ჰერტა ძალიან მოტივირებული გუნდია, მით უმეტეს თასზე, რომლის ფინალიც ყოველთვის ბერლინში ტარდება. ყურადღებით უნდა ვიყოთ და უფრო სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ფაქტია, რომ მძიმე ბრძოლა გველის,’ - დასძენს რეკორდმაისტერის დამრიგებელი.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მან ძირითად შემადგენლობაზეც ისაუბრა. მანუელ ნოიერი განაცხადში იქნება, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ეს საღამომდე ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. კოვაჩის თქმით, თვითონ კაპიტანს თამაში სურს. განაცხადში იქნებიან ფრანკ რიბერი და ტიაგო ალკანტარაც. არიენ რობენი კი ისევ ვერ იასპარეზებს - ჰოლანდიელმა ვარჯიში ისევ შეწყვიტა და კოვაჩის თქმით, 100 პროცენტით მზად არ არის. მიუნხენში დარჩა რენატო სანჩესიც.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჰერტა და ბაიერნი ერთმანეთს 73-ჯერ შეხვდნენ. 41 დუელი ბაიერნმა მოიგო, 13 ჰერტამ, 19 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

⚽ ჰერტას მთავარმა მწვრთნელმა პალ დარდაიმ თქვა, რომ მისი გუნდი ფრეზე არ ითამაშებს და მის შეგირდებს პენალტებზე არ უვარჯიშიათ.

⚽ ჰერტამ იცის, როგორ უნდა მოიგოს ბაიერნს - ბერლინელებმა სექტემბერში რეკორდმაისტერი 2:0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გოლები ვედად იბიშევიჩმა (პენალტით) და ონდრეი დუდამ გაიტანეს.

⚽ ბუნდესლიგაში ჰერტას ბაიერნთან 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (1 მოგება, 3 ფრე). ასეთი ხანგრძლივი მოუგებელი სერია ბაიერნს სხვა არცერთ კლუბთან არ აქვს.

⚽ ბოლო 4 შეხვედრაში დარდაის გუნდს რეკორდმაისტერთან ბურთის ფლობის მხოლოდ 33, 24, 33 და 29-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა და ამ ოთხიდან მაინც არცერთი მატჩი არ წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ლაცარო, შტარკი, რეკიკი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, გრუიჩი - კალუ, დუდა, მიტელშტედტი - ზელკე.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა - კომანი, ხამეს როდრიგესი, რიბერი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები