Thumbnail

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდა - პასუხი კარგი არაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბასკონიას კაპიტნის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ
  • 27 წლის ქართველ კალათბურთელს მკურნალობა კიდევ ორი-სამი თვე მოუწევს

საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტნის თორნიკე შენგელიას ტრავმის მდგომარეობა მძიმე რჩება. დაშავებიდან ერთი თვის შემდეგ, ფორვარდს მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა და როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, თოკო თამაშს კიდევ 2-3 თვე ვერ შეძლებს.

ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ თორნიკე შენგელია ბასკონიას ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ვეღარ დაეხმარება.

27 წლის ქართველმა კალათბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები 30 დეკემბერს, ACB ლიგის შეხვედრაში, რეალთან დაიზიანა. შენგელია მეტოქე ფაკუნდო კამპაცოსთან ორთაბრძოლისას უხერხულად დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო

კლუბის ექიმების გადაწყვეტილებით, ბასკონიას ქართველ ლიდერს მკურნალობა ფიზიოთერაპიული კურსის თანხლებით ჩაუტარდა, თუმცა, მოლოდინი, რომ ერთთვიანი პროცედურები შენგელიას გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი იქნებოდა, არ გამართლდა. 

ბასკონია ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში გასული 21 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ACB ლიგაში გუნდს 19 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს (ამდენივე აქვს რეალს) და მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება (32). 

მიმდინარე სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა ევროლიგაში 25 წუთი, 12,7 ქულა და 4,5 მოხსნა იყო, АСВ ლიგაში კი - 23 წუთი, 14,9 ქულა და 4,8 მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები