Thumbnail

NBA | ლებრონის საშინელი დღე - ისტორიული მარცხი 42-ქულიანი სხვაობით!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა, ლეიკერსი ინდიანასთან განადგურდა
  • ლებრონმა NBA-ში ასეთი დიდი ანგარიშით პირველად წააგო
  • მატჩის შემდეგ მან ამ ისტორიული მარცხის მიზეზი დაასახელა

ლებრონ ჯეიმსს ურჩევნია, ეს დღე რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყოს!

NBA-ს სუპერვარსკვლავი, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად, ინდიანა პეისერსთან დიდი ანგარიშით, 94:136 დამარცხდა. დაითვალეთ? დიახ, სხვაობა 42-ქულიანია! ასეთი სხვაობით ლებრონმა NBA-ში კარიერაში პირველად წააგო. აქამდე, 34 წლის ჯეიმსის ყველაზე დიდი მარცხი 35-ქულიანი იყო.

ამ ისტორიულ მარცხში თავისი წილი ბრალი თავად ლებრონსაც მიუძღვის, რომელმაც საბოლოოდ 18 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. საქმე ისაა, რომ ჯეიმსმა პირველ ნახევარში ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მთლიანად თამაშში კი 6 დაკარგვა ჰქონდა.

‘ჩვენ 19 დაკარგვა გვქონდა, საიდანაც მეტოქემ 33 ქულა ჩააგდო. ამ პრობლემამ თავიდანვე იჩინა თავი და მერე თამაშში დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდა,’ - განაცხადა თამაშის შემდეგ ლებრონმა.

NBA-ს სამგზის ჩემპიონი 42-ქულიანი სხვაობით წაგებას კიდევ ასე ხსნის: ‘მგონი, ყველაზე ცუდი დღე გვქონდა. დაცვაში საშინლად ვითამაშეთ და მეტოქემაც მკაცრად დაგვსაჯა.’

პეისერსი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეორე მეოთხედიდან ლეიკერსი ახლოს აღარ გაიკარა. მეტიც: იყო მომენტი, როცა პეისერსი, რომელსაც ვიქტორ ოლადიპო ტრავმირებული ჰყავს, 46 ქულითაც კი იგებდა. ინდიანადან საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. ლებრონი თამაშიდან მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გავიდა.

ამ წაგების შემდეგ ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 27 მოგებითა და ამდენივე წაგებით მე-10 ადგილზეა. პეისერსი კი აღმოსავლეთში მე-4 პოზიციაზეა.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • ჯეიმს ჰარდენი
  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ენტონი დევისი
  • სტეფ კარი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიიდი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები