Thumbnail
  • პრო დ2-ის მე-19 ტურის ამბები.
  • ქართველების კარკასონი უშანსოდ მარცხდება.
  • გიგაშვილისა და შეყლაშვილის გუნდებმა მოიგეს.

პრო დ2-ის მე-19 ტური ქართველების გარეშე გაიხსნა. ბეზიემ ბიარიცს უმასპინძლა, შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 24:20 დასრულდა. ბეზიეს 48 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიარიცი 51 ქულით მეხუთეა.

პარასკევს პრო დ2-ში ექვსი მატჩი გაიმართა. მერაბ შარიქაძის, გიორგი ცუცქირიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის ორიაკმა შალვა სუთიაშვილის ანგულემს უმასპინძლა და მეტოქეს 21:7 სძლია. ორიაკში მხოლოდ მერაბ შარიქაძემ ითამაშა, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. შალვა სუთიაშვილი ანგულემის სასტარტოში იყო და მანაც ბოლო წუთამდე ითამაშა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სეგონდსი გახდა, რომელმაც შვიდი ჯარიმა გაიტანა და ორიაკს 21-ქულა მოუტანა. ამ მოგებით ორიაკმა ანგულემს გადაუსწრო და 38 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს, ანგულემი 37 ქულით მეათე ადგილზეა.

გიორგი ნაცარაშვილისა და მირიან ბურდულის კარკასონმა მონ დე მარსანთან შეხვედრა საკუთარ მოედანზე დათმო. მირიან ბურდული განაცხადში იყო, ქართველი მორაგბე მინდორზე 34-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო. მონ დე მარსანმა პირველ ტაიმში მოპოვებულ 19 ქულას, მეორე ტაიმში სამი ქულაც მიუმატა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 22:0 დაფიქსირდა. კარკასონი ბოლო ადგილზეა და 23 ქულა აქვს. მონ დე მარსანი პირველობისთვის იბრძვის, 19 ტურის შემდეგ, გუნდს 60 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

ბექა შეყლაშვილის კოლომიემ ბექა ბიწაძის ნარბონს 25:9 მოუგო. შეყლაშვილი მინდორზე 53-ე წუთზე ვიქტორ დელმასის ნაცვლად გამოჩნდა. ბექა ბიწაძე განაცხადში არ ყოფილა. კოლომიე პლეი ოფის ზონაში შევიდა 51 ქულით. ნარბონი გასავარდნ ზონაშია და მე-15 ადგილს იკავებს.

ვახტანგ მაისურაძის ვანი ილია კაიკაციშვილის მასს შეხვდა. მაისურაძე განაცხადში არ იყო. კაიკაციშვილმა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ის შესვენებაზე ლუის აკოსტამ შეცვალა. ვანმა მასს 24:10 მოუგო. ვანს 38 ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილზეა. მასს 2 ქულით ნაკლები აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს.

ელიზბარ ყუფარაძის დაქსი პერპინიანს შეხვდა. ყუფარაძე განაცხადში არ იყო. დაქსი 16:26 დამარცხდა და მე-14 ადგილზე დარჩა. პერპინიანმა 59 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ მონ დე მარსანს ქულით ჩამორჩება.

ბექა გიგაშვილის გრენობლმა ნევერს უმასპინძლა და 13:10 მოუგო. გიგაშვილი განაცხადში არ ყოფილა. გრენობლი წარმატებულ სვლას განაგრძობს, კლუბს 57 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

მე-19 ტურში ერთი მატჩი დარჩა გასამართი. ბაიონა გათამაშების ლიდერს მონტობანს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები