Thumbnail

დებიუტი მონპელიეში - ქართული ხელბურთის იმედმა ევროპის ტოპკლუბში ითამაშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 17 წლის გიორგი ცხოვრებაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში
  • ერთი საგოლე პასი და მცირე ტრავმა შამბერისთან
გიორგი ცხოვრებაძე 

17 წლის გიორგი ცხოვრებაძე ქართული ხელბურთის ერთ-ერთი უმთავრესი იმედია - ახლახან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მან 3 თამაშში 28 გოლი გაიტანა და ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო იყო.

ასაკის მიუხედავად, სწორედ მას ანდეს გადამწყვეტი პენალტის დარტყმა კვიპროსთან მატჩში, რომელიც სამწუხაროდ, ცხოვრებაძემ ვერ გაიტანა და ნაკრები შემდეგ ეტაპზე ამ გზით ვერ გავიდა. 

ცხოვრებაძე მონპელიეს ლეგიონერია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის. აქამდე ის ასაკის გამო ვერ თამაშობდა პირველ გუნდში. გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ქართველი ტალანტი ევროპის საუკეთესო გუნდის პირველ გუნდში იქნება, თუმცა მას უკვე ჰქონდა დებიუტი იქ.

საფრანგეთში საკლუბო სეზონი 6 თებერვალს განახლდება. ამ დღეს გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე ქვეყნის თასზე ეთამაშება ისტრს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგას და საფრანგეთის ჩემპიონატს განაახლებს. ქართველმა ძირითად გუნდში უკვე ითამაშა ერთი ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონპელიემ დაამარცხა შამბერი - 33-29.

გიორგი ცხოვრებაძე: 'ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ მეორე გუნდის შემადგენლობაში ვითამაშე ნიმის წინააღმდეგ და 5 გოლი გავიტანე. შემდეგ ისევ მეორე გუნდში მქონდა თამაში ბანიოლთან და 10 გოლი შევაგდე, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად ვყავდი აყვანილი მეტოქის მცველებს.

ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა ამ დროს ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო. შემდეგ იყო ძირითადი გუნდის თამაში შამბერისთან - დიდი ხანი არ მითამაშია, ერთხელ დავარტყი კარში და ერთი საგოლე პასი მივაწოდე პარტნიორს. 

ამის შემდეგაც ძირითად გუნდთან ვემზადებოდი  ექსთან თამაშისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვარჯიშზე თანაგუნდელის ფეხი მომხვდა ბარძაყის კუნთში და ერთკვირიანი დასვენება გამომიწერეს. ჯერჯერობით მხოლოდ ტრენაჟორებზე მსუბუქად ვვარჯიშობ'.

კომენტარები

ბოლო ამბები