Thumbnail

Far Cry New Dawn - შუთერი, რომელიც პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროს ახლებურად გვაცნობს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Far Cry - New Dawn 15 თებერვალს გამოვა
  • Ubisoft-მა გარისკა და თამაშს ახლებური რეჟიმები დაამატა
  • დეველოპერები 'გეიმერებს' საუკეთესო გამოცდილებას პირდებიან

რაც გაფუჭებული არაა, არ შეაკეთო.

ამ მიდგომას გეიმინგის სამყაროში არც თუ იშვიათად ვაწყდებით და ყოველწლიურად ვიღებთ საყვარელი თამაშების სიქველებს, რომლებშიც მინიმალური ცვლილებებია და სამაგიეროდ სოლიდური ფასი ღირს.

მაგრამ ახალი დილა უკვე დადგა (სიტყვებით თამაშია - New Dawn, მიხვდებოდით თავადაც) - 'AAA' კომპანიების ნაწილმა ნაცად ხერხებს ზურგი აქცია და ნოვატორული ტრენდების წამოწყებას ცდილობენ.

Call of Duty - Black Ops 4 იდეალური თამაში არ იყო, მაგრამ დეველოპერებმა გარისკეს, ბაზარზე არსებული ბეთლროიალების დომინაცია დაივიწყეს და ინდუსტრიას მიმართულება შეუცვალეს. Far Cry-ს ასეთი რადიკალური ზომები არ მიუღია, თუმცა აქაც ვხედავთ პოზიტიურ ტენდენციას. ფაქტია - Ubisoft-მაც გააცნობიერა, რომ სტანდარტული თამაშების გამოშვება აღარ ამართლებს.

იმისთვის რომ გადარჩე, გარემოს უნდა მოერგო და ზუსტად ამის გაკეთება მოგიწევთ New Dawn-ში - პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში, რომელიც Far Cry-ის შემქმნელებმა შემოგვთავაზეს. წინა თამაშში განვითარებული მოვლენების შემდეგ 17 წელი გავიდა და პლანეტა ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ ნელი ნაბიჯებით ცოცხლდება. 

ჯერ არასდროს არ ყოფილა ბირთვული აპოკალიფსი ასეთი ფერადი

მიუხედავად იმისა, რომ სეთინგი მკვდარი სამყაროსთვის გვამზადებს, Ubisoft-მა ყველას სიურპრიზი შესთავაზა - მათ კონცენტრაცია იმაზე გააკეთეს, თუ როგორ განვითარდა და გადარჩა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე, როდესაც მასზე ადამიანების ზემოქმედება მინიმალური იყო. პირველი რაც თვალში მოგხვდებათ მრავალფეროვანი ფლორა, ფაუნა და უჩვეულოდ ნათელი ფერთა გამაა. როგორც პროექტის კრეატიული დირექტორი ჯინ-სებასტიენ დეკანტი გვეუბნება, თამაშის სამყარო 'ბავშვობაში გატარებული ზაფხულის მოგონებას ჰგავს.' ოღონდ, რა თქმა უნდა, ავტომატებისა და ველში დაყრილი ადამიანის გვამების გარეშე.

'პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს შექმნისას მთავარ გამოწვევას ის წარმოადგენს, რომ ამ თემატიკაზე უამრავი ფილმი და სერიალია გადაღებული. შეიძლება ითქვას, გადატვირთული ჟანრია. ჩვენ დავსვით კითხვა - როგორ მივუდგეთ თემას ახლებურად? ჩემთვის ეს გამოწვევა იყო, რადგან უნდა შეგვექმნა ადგილი, რომელშიც არსებობასაც შევძლებდით. მნიშვნელოვანი იყო კვლევის პროცესიც, სადაც ვსწავლობდით, თუ როგორ განვითარდებოდა სამყარო და რა ახალ სირთულეებთან შეხება მოუწევდა კაცობრიობას. ამის შედეგად, ჩვენ შევქმენით ფერადი გარემო, სადაც დომინანტი ბუნებაა და ადამიანებს საკუთარი ცხოვრების წარმართვა შეუძლიათ', - ამბობს დეკანტი.

ჯოზეფ სიდი, იგივე 'Father' აღარ არსებობს და იგი უფრო საშიშმა მტერმა - The Highwaymen-მა შეცვალა. დაჯგუფებას ტყუპი დები ხელმძღვანელობენ, მათზე დაქვემდებარებული მძიმედ შეიარაღებული ბანდიტები კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობენ.

ეს ის ტუპები არიან, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

თუკი აქამდე ვერ მიხვდით, თქვენი მთავარი ამოცანა სწორედ მათი შეჩერებაა.

ჯინ-სებასტიენ დეკანტი თამაშში არსებულ გარემოზეც საუბრობს -

'ეს ერთდროულად Far Cry 5-ის გაგრძელება და ცალკე მდგარი პოსტ-აპოკალიპტური თამაშია. 'სიქველში' ნაცნობ პერსონაჟებს, ან მათ შვილებს შეხვდებით და მათ ისტორიაზე უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ. სამყარო აპოკალიფსმა შეცვალა და ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც შეცვლილი სამყაროს მომხმარებლისთვის შეთავაზება იყო. ყვავილები, ქვიშა და ა.შ. ყველაფერი განსხვავებულია. ჩემთვის თამაშის სამყარო ბავშვობაში გატარებული ზაფხულის მოგონებას ჰგავს. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც იქ იყავი, მაგრამ ახლა თავიდან ჩახვედი და ყველაფერი შეცვლილი დაგხვდა. მიუხედავად ამისა, რაღაცები გეცნობა და ემოციურ კავშირებს ამყარებ.'

ტრანსფორმაციის შედეგები გეიმფლეიზეც აისახა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალ ექსპედიციებს ეხება. ამ დროს, ძირითად ლოკაცია ჰოუფ ქაუნთის ტოვებ და შეერთებულ შტატებს იკვლევ. ექსპედიციებისას ალკატრასში (სან ფრანცისკო), ბეიოუში (ნიუ ორლეანი) და სხვა კარგად ნაცნობ ადგილებზე მოხვდებით.

'გვინდოდა შეგვექმნა რეჟიმი, რომელიც გუნდურ თამაშზე და ღია სამყაროში ქმედებაზე იქნებოდა ორიენტირებული. რუკები ახლო მანძილზე დაპირისპირებებს და ინტენსიურ გამოცდილებას გვთავაზობს, რაც Far Cry-სთვის უცხო ხილია.'

Ubisoft ბევრ თამაშზე მუშაობს (Watch Dogs-ით დაწყებული, Assasin's Creed-ით დამთავრებული) და იმის მოლოდინი, რომ რეალური ადგილები (მაგალითად ალკატრასი) შეცვლილი, მაგრამ ამავდროულად ამოცნობადი იქნება, ყველას აქვს.

აპოკალიფსის შემდეგ ფლორა და ფაუნა უცნაურად განვითარდა

'გვინდა გეიმერს იმის განცდა ჰქონდეს, რომ ეგზოტიკურ ადგილზე წავიდა სამოგზაუროდ. შეიძლება ითქვას, რომ წინა თამაშებიდან საუკეთესო გამოცდილება გავითვალისწინეთ, თუმცა ბევრი რამ შევცვალეთ.' 

ვისაც Far Cry 5 გითამაშიათ, გემახსოვრებათ, რომ პროტაგონისტი არ საუბრობს. ბევრი თვლიდა, რომ ეს ფაქტი თამაშში ჩართულობისთვის კარგი არ იყო და გეიმერი ნარატივს ეთიშებოდა, მაგრამ დეკანტი საპირისპიროს ამტკიცებს.

'ეს ექსპერიმენტი Far Cry 5-ში ჩავატარეთ და ვთვლით, რომ გაამართლა. ეს First person (პირველი პირიდან) თამაშია, სადაც პერსონაჟი ჩვენს წინ არ დგას და საკითხების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას მოძრაობებით და ჟესტებით არ გამოხატავს. უბრალოდ ხედავთ ხელებს, რომლებიც სამიზნეებს ხოცავს. არ მინდა, რომ პერსონაჟს ისეთი ხმა და 'ვოისლაინები' ჰქონდეს, რომელიც თქვენს იმედებს არ გაამართლებს. თამაშებში ხშირია მომენტები, როდესაც პროტაგონიოსტი კონკრეტულ ფრაზას იძახის, მაგალითად აღტაცებულ 'ვუჰუუუ'-ს, თქვენ კი ამ დროს დიდად ვერ ერთობით. სწორედ ამის თავიდან აცილებას ვცდილობდით.' 

თამაშის პერსონაჟებს ერთმანეთთან საინტერესო ურთიერთობები უყალიბდებათ

დეკანტის აზრით, ნარატივის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა პერსონაჟების ურთიერთქმედებაა და ეს გეიმერს მათთან კავშირის დამყარებაში ეხმარება.

'გვინდოდა რაღაც ახალი გვეცადა. მოთამაშეს პერსონაჟთან ემოციური კავშირი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ისეც ვქნათ, რომ მომხმარებელს საკუთარი სქესის, რასის და სამოსის შერჩევის საშუალება დავუტოვოთ, მაგრამ ეს Far Cry-ს უნიკალურობას დაუკარგავს. თქვენს გარშემო არიან პერსონაჟები, რომლებსაც თამაშის პროცესში კარგად გაიცნობთ, სხვადასხვა დამოკიდებულებები ჩამოგიყალიბდებათ და ეს ჩართულობის შესანარჩუნებლად სრულიად საკმარისია.'

New Dawn და მეორე პოსტ-აპოკალიპტური 'შუთერი' Metro: Exodus ზუსტად ერთ დღეს, 15 თებერვალს გამოდის. ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ New Dawn - Far Cry 5-ის განახლებული ვერსია არაა და ის მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას და ისტორიას შესთავაზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები