Thumbnail

'მწვრთნელები ფულს იღებენ, მსაჯები დავალებებს ასრულებენ' - ზურაბ დათუნაშვილი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რთული არჩევანი: კარიერის დასრულება, ან ქვეყნიდან წასვლა
  • ზურაბ დათუნაშვილს და გეგა გეგეშიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება

გრძელდება დაპირისპირება მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის. დღეს, დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და დასძინა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ურთულესი არჩევანის წინაშეა: ან კარიერა უნდა დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით გააგრძელოს ასპარეზობა.

ზურაბ დათუნაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში 'კვირის აქცენტები' იყო სტუმრად მიწვეული, სადაც საინტერესო განცხადებები გააკეთა...

'პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პერიოდში მხარი დამიჭირა, მათ შორის ჟურნალისტ დავით ერაძეს, რომელმაც ცნობილი კადრები გაავრცელა. იმედი მაქვს, რომ დასჯიან გეგა გეგეშიძეს, მაგრამ შესაძლოა ეს პროცესი დროში გაიწელოს და სიტყვაზე ორი წელი გაგრძელდეს. ამიტომ, მე ჩემი კარიერის გადარჩენას ვცდილობ და სწორედ ამიტომ გავაკეთე მძიმე განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ვიბლოკები და ამას ჯერ კიდევ ზაფხულში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, იდგა დილემა ორ სპორტსმენს შორის, თუ რომელი უნდა წასულიყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. როცა სპორტსმენი წარმატებას აღწევს, პრემია მწვრთნელსაც ერგება და ესაა მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაშინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც არ იყო თანხვედრაში მწვრთნელების და ფედერაციის მესვეურების სურვილთან. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი და მას შემდეგ, ამითვალწუნეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანეს და მაშინ დავფიქრდი, რომ სხვა ქვეყნაში წავსულიყავი, თუმცა უფროსი თაობის სპორტსმენები ჩაერივნენ საქმეში და დამპირდნენ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა. თუმცა, რაც შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე მოხდა, ყველამ ვნახეთ.

საქართველოს ჩემპიონატზე ჩამოიყვანეს უცხოელი მსაჯები, მაგრამ ისინი იმას აკეთებენ, რასაც დაავალებენ და ეტყვიან. ფედერაციის მესვეურებს ფინანსური ინტერესები აქვთ. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ უკან დგას, მაგრამ მე ამის არ მჯერა.'

ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები