Thumbnail

'სხვა ქვეყანაში უნდა წავიდე, ან კარიერა დავასრულო?' - დათუნაშვილის არჩევანი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზურაბ დათუნაშვილის განცხადება სოციალურ ქსელში
  • ქართველი მოჭიდავე აცხადებს, რომ ორი არჩევანი დარჩა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.

დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა. იმ გულშემატკვირებს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს, მოჭიდავემ მადლობა გადაუხადა. ზურაბმა ასევე აღნიშნა, რომ ამდენი ადამიანისგან სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას არ ელოდა.

ქართველმა მოჭიდავემ ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, რისთვის ემზადება, რადგანაც მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გეგეშიძესთან და მის ხელმძღვანელობასთან მუშაობას ვერ გააგრძელებს. გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება, დათუნაშვილი კი ამბობს, რომ უმძიმესი არჩევანის გაკეთება მოუწევს - კარიერის დასრულება, ან სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მისთვის სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა წარმოუდგენელია.

'ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 21 წელზე მეტია, ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს, ის ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს' - წერს კაპიტანი.

დათუნაშვილი საქართველოს მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ მისი პრობლემით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ.

'მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა'

ზურას მიაჩნია, რომ ეს პრობლემა არ უნდა აღიქვან, როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რადგანაც უამრავმა ნიჭიერმა და პერსპექტიულმა მოჭიდავემ იძულების წესით ქვეყანა დატოვა.

დათუნაშვილს სურს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობა სასწრაფოდ მოგვარდეს, გეგეშიძე და მისი გარემოცვა ჭიდაობის ფედერაციას ჩამოაცილონ, ხოლო თუ გეგეშიძე პოსტზე დარჩება, ამ შემთხვევაში ის მხოლოდ რჩევას ითხოვს - დაასრულოს კარიერა, თუ ქვეყნიდან წავიდეს.

'მინდა ვთხოვო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ვალდებული'

ზურაბ დათუნაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კიდევ ერთხელ მადლობა...

Posted by Zurab Datunashvili • ზურაბ დათუნაშვილი on კვირა, 03 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები