Thumbnail
  • 📅 4 თებერვალი | ⌚ 03:30 | 🏈 ლოს ანჯელეს რამსი V ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი
  • ამერიკული ფეხბურთის ფინალი განსაკუთრებული მოვლენაა
  • ეს იქნება მეგა-დუელი მაღალტექნოლოგიურ სტადიონზე

ამაღამ აშშ-ში დიდი ამბავია! NFL-ის ფინალი, ანუ, სუპერბოული, 2019 წელსაც თებერვლის პირველ უიქენდზე ტარდება - ტიტულისთვის ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი და ლოს ანჯელეს რამსი იბრძოლებენ. ეს გახლავთ რიგით 53-ე სუპერბოული, რომელიც ატლანტაში (ჯორჯია), ‘მერსედეს ბენც სთედიუმზე’ ჩატარდება. ეს გახლავთ ატლანტა ფელკონსის საშინაო არენა, რომელიც 2017 წელს აშენდა (1,2 მილიარდი ევრო).

📌 მნიშვნელოვანი ამბავი: შესვენებაზე ამერიკული ბენდი Maroon 5 იმღერებს! ასევე მიწვეულები არიან რეპერი ტრევის სკოტი და ატლანტელი Big Boi. აშშ-ის ჰიმნს გრემის მფლობელი, სოულის მომღერალი გლედის ნაითი შეასრულებს.

სუპერბოულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს - რამსისა და პეტრიოტსის დაპირისპირებას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ნახავს და ეს თაობების ბრძოლა იქნება.

ლოს ანჯელეს რამსის კვოტერბეკი ჯარედ გოფი 24 წლისაა

ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის მიზანია, ტიტული მეექვსედ მოიგოს და რეკორდის მფლობელ პიტსბურგს გაუთანაბრდეს. ბოლო 5 წელიწადში პეტრიოტსი ფინალში 4-ჯერ იყო. მათი ლიდერი ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ტომ ბრეიდია (ხელფასი: 20 მილიონი წელიწადში). 41 წლის ბრეიდი მოდელ ჟიზელ ბიუნდხენის (38) ქმარია. მათი ქონება ჯამში, სავარაუდოდ, 500 მილიონს შეადგენს.

შარშან ბრეიდიმ და კომპანიამ ფინალი ფილადელფიასთან (33:41) წააგეს!

რამსის მთავარი იმედი სუპერბოულის დებიუტანტი ჯარედ გოფია. 24 წლის კვოტერბეკს წელიწადში 6 მილიონი აქვს. ის NFL-ში მხოლოდ 2016 წლიდან თამაშობს. საერთოდ, რამსის შემადგენლობა გაცილებით ახალგაზრდულია და ლოს ანჯელესელებს NFL-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავთ - შონ მაკვეი მხოლოდ 33 წლისაა.

სუპერბოული ციფრებში

🏈 მერსედეს ბენც სთედიუმში 27 000 ტონა ფოლადია გამოყენებული - ოთხჯერ მეტი, ვიდრე პარიზის ეიფელის კოშკში.

🏈 სტადიონის ფართობი 186 000 კვადრატული მეტრია. თეთრი სახლის ფართობზე 30-ჯერ მეტი.

🏈 სტადიონზე ლუდის 1264 ონკანია დამონტაჟებული.

🏈 სტადიონზე სამღებრო სამუშაოებისთვის 132 000 ლიტრი საღებავი დაიხარჯა.

ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის მწვრთნელი ბილ ბელიჩიკი

🏈 სტადიონის სახურავის გახსნას, ან დახურვას 8 წუთი სჭირდება. კონსტრუქცია 8 ცალკეული ნაწილისგან შედგება - თითოეულის წონა 500 ტონაა.

🏈 სახურავის ქვეშ განთავსებული 360-გრადუსიანი ვიდეოსქრინის ფართობი 5740 კვადრატული მეტრია. მისი სიმაღლე 17,5 მეტრია, სიგრძე 328 მეტრი და 6 ნაწილისგან შედგება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ‘ტაბლოა’.

🏈 სტადიონის აშენება 1,2 მილიარდი ევრო დაჯდა.

🏈 შესვენების პერფორმანსისთვის Maroon 5 არცერთ ცენტს არ მიიღებს, მაგრამ ბენდის პიარის თვალსაზრისით ეს გამოსვლა შეუფასებელია.

🏈 გუნდების კვოტერბეკებს შორის ასაკში განსხვავება 17 წელი და 72 დღეა. ტომ ბრეიდი (პეტრიოტსი) 41 წლისაა, ჯარედ გოფი (რამსი) კი - 24 წლის.

🏈 პეტრიოტსის კვოტერბეკი ტომ ბრეიდი სუპერბოულში 8-ჯერ იყო. ანუ, მას სუპერბოულში მონაწილეობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე ლოს ანჯელეს რამსის ყველა მოთამაშეს ერთად.

სუპერბიულზე მამაკაცი ჩირლიდერებიც იცეკვებენ

🏈 სუპერბოულზე 115 კამერა იმუშავებს.

🏈 სუპერბოულის დროს 30-წამიანი სატელევიზიო რეკლამა 4 მილიონი ევრო ღირს. კომპანიები სუპერბოულისთვის სპეციალურ სარეკლამო რგოლებს ამზადებენ ხოლმე.

🏈 სუპერბოულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდი ადამიანი ნახავს.

🏈 სუპერბოულის დროს ამერიკაში, სავარაუდოდ, 120 მილიონი ლიტრი ლუდი დაილევა.

🏈 ბეჭედი, რომელსაც გამარჯვებული გუნდის თითოეული მოთამაშე მიიღებს, 4 400 ევრო ღირს.

კომენტარები

ბოლო ამბები