Thumbnail

ჩემპიონის მარცხი! ინგლისმა ირლანდიას დუბლინში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირლანდია 20:32 ინგლისი
  • ექვს ერს პირველი ტურის შემდეგ შოტლანდია ლიდერობს

ექვსი ერის პირველი ტურის ბოლო მატჩში ირლანდიამ 'ავივა სტედიუმზე' ინგლისს უმასპინძლა და 20:32 წააგო. მოქმედი ჩემპიონი პირველი ტაიმში 10:17 დამარცხდა, რის შემდეგაც მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. ინგლისმა მეორე ნახევრის მოგებაც მოახერხა. ინგლისმა მატჩი სწრაფი ლელოთი დაიწყო. მე-2 წუთზე ჩემპიონები ჯონი მეიმ დაალელოვა, ოუენ ფარელმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 0:7.

ირლანდიელებმა პირველი სამი ქულა მე-10 წუთზე მოიპოვეს, როდესაც ჯონი სექსტონმა ჯარიმის გატანა შეძლო. 24-ე წუთზე კიან ჰილმა ირლანდიელთა პირველი ლელო დადო, სექსტონი გარდასახვის დროს ზუსტი იყო - 10:7. 4 წუთში ელიოტ დეილიმ ინგლისის მეორე ლელო დადო, რომელიც ფარელმა ისევ ზუსტად გარდასახა. ოუენმა ტაიმის ბოლოს ჯარიმაც გაიტანა და ინგლისს პირველი ტაიმი 10:17 მოაგებინა.

მეორე ტაიმში სექსტონმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა 'სამყურებმა' ათწუთიან მონაკვეთში ორი ლელო, ერთი გარდასახვა და ჯარიმა გაუშვეს. ჰენრი სლეიდმა 65-ე და 75-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, ფარელმა კი მხოლოდ ერთი ლელო გარდასახა. ინგლისმა უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა. ირლანდიამ ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც სექსტონმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 20:32.

მანუ ტუილაგი (ინგლისი) და ბანდი აკი (ირლანდია) მატჩის შემდეგ

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისელთა მორაგბე მარკ ვუნიპოლა დასახელდა, ხოლო ინგლისის ნაკრების გულშემატკივარმა თავის რჩეულად დუბლის ავტორი, ჰენრი სლეიდი დაასახელა.

პირველი ტურის შემდეგ, ექვს ერს შოტლანდია და ინგლისი 5-5 ქულით ლიდერობენ. მესამე ადგილზე უელსია 4 ქულით. საფრანგეთს კი უელსთან მოპოვებული ბონუს ქულა აქვს. მეორე ტურში იტალია უელსს უმასპინძლებს. შოტლანდიას ირლანდია ესტუმრება, ხოლო ინგლისი საკუთარ მოედანზე ფრანგებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები