Thumbnail

3,6 მილიონი ევრო თითო გოლში - ბარსამ "ზარალი" არდა თურანი მოიშორა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას თურქი ნახევარმცველი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.
  • 30 წლის ფეხბურთელი ისთანბულ ბაშაქშეჰირში იჯარით ითამაშებს. 
  • თურანი - ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი.

ბარსელონას ნახევარმცველი არდა თურანი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 30 წლის ჰავბეკი ისთანბულ ბაშაქშეჰირში იჯარით ითამაშებს.

მატჩი მილიონად, გოლი 3,6 მილიონად - ბარსამ "ზარალი" არდა თურანი მოიშორა

ბარსელონას ოფიციალური საიტის ცნობით, არდა მშობლიურ კლუბში დარჩენილ სეზონს ჩაამთავრებს და პლუს, კიდევ ორ წელს გაატარებს. ამასთან, ბარსელონას მისი სხვა კლუბში გაყიდვის უფლება იჯარის ვადის ამოწურვამდე ექნება. 

ისთანბულ ბაშაქშეჰირი თურქეთის 2016/17 წლების სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონია, მიმდინარე ჩემპიონატში კი ლიდერია.

ფეხბურთელის გადასვლის ამბავს თურქულ კლუბში ასე გამოეხმაურნენ:

თურანი ბარსელონაში ატლეტიკოდან 2015 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა კატალონიურ გუნდში მისი დებიუტი მხოლოდ 2016 წლის იანვარში შედგა, რისი მიზეზიც ბარსელონას სასჯელი იყო. კლუბს იმხანად ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდა. 

თურქმა ფეხბურთელმა ბარსელონაში ჯამში 55 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი, გააკეთა 11 საგოლე პასი და მოიგო ექვსი ტიტული.

თურქი ნახევარმცველის ტრანსფერი კატალონიელთათვის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებლად შეიძლება მივიჩნიოთ. თუ გავითვალისწინებთ ბარსელონას მიერ არდას ტრანსფერში გადახდილ თანხას (34 მილიონი ევრო) და ამას ფეხბურთელის ხელფასსაც დავუმატებთ, ჯამში მივიღებთ 55 მილიონს. გამოდის, რომ თურანის ყოველი მატჩი კლუბს მილიონი ევრო უჯდებოდა, გოლი კი - 3,6 მილიონი.

2017/18 წლების სეზონში არდა თურანი მოედანზე არ გამოჩენილა.

არდას თურქეთის ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 17 გოლია.

Transfermarkt 30 წლის ნახევარმცველს 12 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები