Thumbnail

ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნილი გუნდი - აზიმოვის წარმოსახვა რეალობად იქცევა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • აიზეკ აზიმოვის წარმოსახვა რეალობად ჩვენს თვალწინ იქცევა
  • ინგლისის მე-7 დივიზიონში მოთამაშე გუნდის მთავარ მწვრთნელად AI დაინიშნა
  • ინფორმაციის ანალიზის გარდა, ხელოვნურ ინტელექტს ახლის დამახსოვრებაც შეუძლია

რობოტები ადამიანებს სამსახურს უკვე ართმევენ, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რომ ერთ-ერთი მათგანი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი გახდებოდა? თუ არა, მაშინ ახლა შეიტყობთ, რომ პლასტმასის პატარა ყუთი საფეხბურთო გუნდს ჩაუდგა სათავეში!

The Big Bang Fair-ის გენიალურმა წარმომადგენლებმა კონტრაქტი Greenshoot Labs-თან გააფორმეს და ხელოვნური ინტელექტის მქონე მწვრთნელის შექმნა დაავალეს. თუკი ეს საკმარისად გიჟურ იდეად არ გეჩვენებათ, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ საფეხბურთო კლუბ ვინგეით ენდ ფინჩლის, რომელიც ინგლისის მეშვიდე დივიზიონში თამაშობს,  სწორედ ეს ხელოვნური ინტელექტის მქონე 'სპეციალისტი' წვრთნის.

9 თებერვალს, ისტორიაში პირველად მოხდება, რომ გუნდის წყობას და ტაქტიკას ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს. ეს უბრალო ამხანაგურ შეხვედრაში არ მოხდება - გუნდი დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას და ვაით ჰოუქის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებას შეეცდება.

ფრთხილად, გასახდელში ტელეფონის გამოყენებისთვის ხელოვნური ინტელექტის მქონე მწვრთნელიც დაგსჯით

ვინგეით ენდ ფინჩლისს ისთმიანის პრემიერ დივიზიონის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილოსანთან მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებულ ხერხს მიმართეს. ხელოვნური ინტელექტის მქონე მწვრთნელი რევოლუციური ტექნოლოგიის შედეგია, რომელიც საუკეთესო ტაქტიკის და წყობის დასადგენად 'ექსპერტულ სისტემებს' და კომპლექსურ ალგორითმებს იყენებს.

ინფორმაციას მას, რა თქმა უნდა, ადამიანები აწვდიან - რა არის გუნდის ძლიერი მხარე, ვინ არიან საუკეთესო მოთამაშეები, ვინ როგორ ფორმაშია, მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები და ა.შ., თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ხელოვნური ინტელექტი იღებს და ამით მისი შესაძლებლობები არ იწურება.

არსებული ტექნოლოგიის და ამაზონის 'ალექსას' ინტერფეისის გამოყენებით, ხელოვნურ ინტელექტს თამაშის დროს ტაქტიკის, შემადგენლობის და გუნდის წყობის შეცვლად შეეძლება. AI ყველა იმ გადაწყვეტილების შედეგს იმახსოვრებს, რომელიც მიიღო და სეზონის მიმდინარეობისას უფრო და უფრო ეფექტური ხდება.

AI მწვრთნელი შესვენებაზე რჩევებსაც იძლევა

მაშინ, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი ჟოზე მაურინიოს უამრავ თანხას უხდიდა, ვინგეით ენდ ფინჩლიმ ხელოვნურ ინტელექტზე გასცა ავანსი.

'მიუხედავად იმისა, გუნდს ვირტუალური მწვრთნელი განაგებს, თუ რეალური, ფეხბურთის ძირეული პრინციპები ზუსტად ერთი და იგივეა. მე, როგორც მასწავლებელი და ამავდროულად მეცნიერების სფეროს მოყვარული, მხარს ვუჭერ იმას, რომ ვინგეით ენდ ფინჩლი ხელოვნურმა ინტელექტმა გაწვრთნას. ის ჩვენ ძალიან წაგვადგება და იმედია, სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარება', - აცხადებს კლუბის მენეჯერი დეივ ნორმანი.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დეივს მის ნოვატორ კლუბთან ერთად წარმატება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში აიზეკ აზიმოვის მოთხრობების ციკლ 'მე რობოტში' აღწერილ რეალობაში არ აღმოვჩნდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები