Thumbnail

ვინ იქნება მაგდებურგში #1 მეკარე - მწვრთნელი გიორგი ლორიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიხაელ იონინგმა მეორე ბუნდესლიგაში ქართველი მეკარის დებიუტი შეაფასა
  • დიდი ალბათობით, მაგდებურგის კარს მომავალ მატჩშიც ლორია დაიცავს
  • მაგდებურგის გულშემატკივრები უპირატესობას აშკარად გიორგის ანიჭებენ  

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას მეორე ბუნდესლიგის მაგდებურგში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. 33 წლის მეკარემ მე-19 ტურში, აუესთან საშინაო მატჩში კარი ‘მშრალად’ შეინახა, მისმა გუნდმა კი ნანატრი გამარჯვება იზეიმა - 1:0

აღსანიშნავია, რომ ეს მაგდებურგისთვის, რომელიც ცდილობს, სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონას მაქსიმალურად დაშორდეს, მიმდინარე ჩემპიონატში სულ მეორე მოგებაა, საკუთარ მოედანზე კი - პირველი.

გიორგისთან ერთად მაგდებურგმა სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა

თამაშის შემდეგ გერმანულმა მედიამ ქართველი მეკარის დებიუტი წარმატებულად შეაფასა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მაგდებურგის მთავარი მწვრთნელი მიხაელ იონინგი ამიერიდან ნდობას სწორედ მას გამოუცხადებს. გერმანულ გუნდში პირველი ნომრობისთვის ლორიას მთავარი მეტოქე 23 წლის ალექსანდერ ბრუნსტია, რომელმაც გიორგის გამოჩენამდე სეზონში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო.  

ამჟამად მაგდებურგს 19 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა, მე-20 ტურის შეხვედრას კი 1-ელ თებერვალს, სტუმრად აუტსაიდერ ინგოლშტადტთან ჩაატარებს. თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხაელ იონინგმა გიორგი ლორიაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კარში ინგოლშტადტთანაც ის იდგება:

"მან კარგი საშინაო მატჩი ჩაატარა და დიდი შანსია, რომ ხვალაც მან დაიწყოს თამაში. ეს არ ნიშნავს, რომ სეზონის მეორე ნახევარში სულ ითამაშებს. გუნდში არსებული კონკურენცია მე მომწონს", - აქვეყნებს იონინგის ნათქვამს mz-web.de

33 წლის ქართველი მეკარე მაგდებურგს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა

პარალელურად საიტი მაგდებურგის გულშემატკივრებში გამოკითხვას ატარებს - გუნდის სამი მეკარიდან ნდობას რომელი უფრო იმსახურებს. ბოლო მონაცემით, გიორგი ლორია (ხმების 51%) დიდი უპირატესობით უგებს კონკურენტებს: ალექსანდერ ბრუნსტსა (33%) და მარიო ზაიდელს (16%).

კომენტარები

ბოლო ამბები