- ქართველი კალათბურთელის პოტენციალი thestepien.com-მა შეაფასა
- ჯექსონ ჰოი გოგა ბითაძის პერსპექტივის შესახებ წერს
ის, რომ გოგა ბითაძე NBA-ს 2019 წლის დრაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, უკვე ცხადია - ამერიკელ ექსპერტთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს, რომ მას დრაფტის I რაუნდის ბოლოს (მე-20-დან 30-ე პიკამდე) აირჩევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 19 წლის ქართველ ცენტრს NBA-ს რომელიმე კლუბთან გარანტირებული კონტრაქტი ექნება.
გოგა უკვე არის ყურადღების ცენტრში, მის თამაშს ევროლიგაზე ლუბლიანის ოლიმპიასთან უკვე დაესწრო NBA-ს 10-მდე სკაუტი და მრავალი ჟურნალისტი (მათ შორის ESPN-დან), თუმცა, ვფიქრობთ, მისი თამაშის ასეთი კარგი ანალიზი, როგორც ეს thestepien.com-მა შემოგვთავაზა არსად გვინახავს.
რატომ არის გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტის ერთ-ერთი TOP ცენტრი?
"გასულ წელს გოგა ბითაძეს უკვე განიხილავდნენ დრაფტის სავარაუდო მოთამაშედ, თუმცა მან ბოლო დღეს მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. გასულ წელს ჯეი ზი მეზლიშმა შესანიშნავი მიმოხილვა დაწერა ამ კალათბურთელზე, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. 19 წლის ცენტრმა ამ სეზონში შესანიშნავად ითამაშა, ჯერ მეგა ბიმაქსსა და ადრიატიკის ლიგაში, ახლა კი - ევროლიგასა და ბუდუჩნოსტშიც.
211 სმ. სიმაღლის ბითაძე ძალზე პროდუქტიულია წელს ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგაზე. ის საშუალოდ 16.1 ქულას, 7.2 მოხსნას, 2.5 ბლოკსა და 1 პასს აკეთებეს თამაშში, მოედანზე კი საშუალოდ 25.8 წუთს ატარებს. გოგა თამაშიდან 65.9%-იანი სიზუსტით ისვრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქართველი მოედანზე 40 წუთს ითამაშებს, საშუალოდ 24.9 ქულას ჩააგდებს, 11.1 ბურთს მოხსნის და 3.3-ს დააფარებს!
მან მხოლოდ 6 მატჩი ითამაშა ევროლიგაში, თუმცა მისი სტატისტიკა იქაც შთამბეჭდავია: 14.7 ქულა, 7.3 მოხსნა, 1 პასი და 3.2 ბლოკი. იმის გამო, რომ მან ცოტა ითამაშა ევროლიგის საიტს იგი ლიდერებში არ შეჰყავს, თორემ ქულებით ის მე-4-ეა ტურნირზე, მოხსნებით - მეორე, ხოლო ბლოკებში სულაც პირველი უდიდესი უპირატესობით! ბითაძე ამ ყველაფერს აკეთებს 19 წლის ასაკში. ის მხოლოდ ივლისში გახდება 20 წლის.
ის, რომ ბითაძე კარგ სტატისტიკას 'დებს' არასოდეს იყო საეჭვო. მას უკვე კარგა ხანია განიხილავენ NBA-ს სათადარიგო ცენტრფორვარდის პოტენციალის კალათბურთელად. სათადარიგო იმიტომ, რომ რჩებოდა კითხვები მის დაცვით მობილურობაში და შეტევაში ზრდის პერსპექტივაში. ეს კითხვები შარშან მართლაც აქტუალური იყო, მაგრამ წლეულს ბითაძე კიდევ უკეთ თამაშობს დაცვაშიც და შეტევაშიც. განსაკუთრებით შთამეჭდავია მისი ზრდა ამ ერთ სეზონში მობილურობაში (დაცვაშიც და შეტევაშიც). შარშან გოგა იშვიათად ტოვებდა ფარქვეშა ტერიტორიას, რადგან არ იცოდა, როგორ ეთამაშა ხეირიანად დაცვაში პიკ'ნ როლის წინააღმდეგ. წლეულს ის გაცილებით კომფორტულად გამოიყურება, თითქოს, უფრო გახდა და უფრო სწრაფად გადაადგილდება პერიმეტრზე.
ბითაძის პლუსები და მინუსები
ის კარგად ხმარობს თავის სიმაღლეს დაცვისას. ხელგაშლილი 220 სმ სიგანემდე ფარავს (თვალით კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჩანს). საუკეთესო ტექნიკას იყენებს დროული ბლოკისთვის
პერიმეტრის კალათბურთელებთან ერთ-ერთზე დარჩენის შემთხვევაში, ის გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე შარშან. ოლიმპიასთან მან დრაფტისთვის კიდევ ერთ საინტერესო კალათბურთელ ლუკა სამანიჩს აიძულა გარბენი გაეკეთებინა. გოგა ახერხებს და რჩება ყოველთვის შემტევის პირისპირ.
ბითაძე კვლავ სუსტია სიტუაციაში გარკვევაში - მას უჭირს დროული გადაჯგუფება, თუმცა დაცვით ტექნიკაში იმდენად ძლიერია, რომ ასეთი რამ იშვიათად ხდება.
როცა საქმე ეხება შეტევის დასრულებას, გოგას ბრწყინვალე კოორდინაცია გამოარჩევს.
კონტაქტში შესვლა არ უჭირს და ფიზიკურ ბრძოლას არ აგებს. სქრინებს კი ამ კლასში (ჩვენი აზრით) საუკეთესოდ აყენებს.
კომბინაცია: ზომა, კოორდინაცია და ფიზიკური ძალა მეტად იშვიათია და ბითაძეს ეს სამივე საუკეთესო აქვს.
ფარქვეშ ფიზიკურად ძლიერია, ხშირად მოაქვს ქულები დანქებით. თუმცა ჯერ მას უჭირს ფიზიკურად ძლიერ გამოცდილ ცენტრებთან, რაც 19 წლის ბიჭისთვის ბუნებრივია.
გოგას NBA-ს დონეზე ეფექტური შემტევის პოტენციალი შესაძლოა, არ აქვს. მაგრამ ფიზიკური მონაცემის წყალობითა და საუკეთესო კონცენტრაციით ამ მინუსს აბათილებს. ევროლიგის დონეზე კარგმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გოგას ამ ყველაფრის NBA-ში 'გადმოტანის' პრობლემა არ ექნება.
ბითაძე არ არის კარგი მეპასე, თუმცა ამ კომპონენტში არ მოიკოჭლებს. ის ხანდახან კარგად 'კითხულობს' თამაშს, თუმცა ხან ამაში საკმაო დრო ეხარჯება. იშვიათია, მან ცუდი პასი გააკეთოს.
thestepien.com-ის დასკვნა
იმის გათვალისწინებით, რომ ბითაძე ბევრ კატეგორიაშია ძლიერი, ის შთამბეჭდავი შემტევი ტალანტია. მისი ბრწყინვალე სტატისტიკა ევროლიგის დონეზე იმის ნიშანია, რომ მას NBA-შიც მაღალი შედეგიანობა ექნება. მას ნამდვილი ცენტრის ზომა აქვს, რასაც ემატება ბრწყინვალე კოორდინაცია. მას ყველა მონაცემი აქვს, რომ იყოს სახიფათო შემტევი ფარქვეშ. დაცვაში ბითაძე ნამდვილი ძალაა, სამწამიანის შიდა ზონაში, განსაკუთრებით კი - ფარქვეშ. ის ბრწყინვალედ არჩევს პოზიციას მეტოქესა და ბურთს შორის.
ფარქვეშ ის სწრაფი და ენერგიულია, ამ მხრივ მას ერთ წელიწადში დიდი პროგრესი აქვს. რისი წყალობით, უფრო მეტს აფარებს, ვიდრე გასულ სეზონში. ხანდახან ის ცდება, რის გამოც ხშირად იღებს პერსონალურ შენიშვნებს. მაგრამ მისი აქტიურობა ჯამში უფრო პლუსია, ვიდრე მინუსი. ფოლები კი შემცირდება, რაც მეტ გამოცდილებას მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ელიტური ათლეტური მონაცემები არ აქვს, ბითაძე ფარის შესანიშნავი დამცველია, ტექნიკურად და პოზიციურად ძლიერია, კარგად ხმარობს ხელებს, სწრაფი და ენერგიულია, ასევე ფიზიკურად ძლიერი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველა ეს პლუსი მან მაღალი დონის ჩემპიონატშიც ასევე კარგად გამოავლინა.
შეძლებს პერიმეტრზეც ასევე ძლიერად ითამაშოს დაცვაში გოგამ NBA-ს დონეზე? ასოციაციის მცველების წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში ერთი-ორი გამონაკლისის გარდა თითქმის ყველა ცენტრს უჭირს. გოგამ ერთ წელიწადში ეს მისი ნაკლები ბევრად გამოასწორა. ყველა მისი მონაცემები გვეუბნება, რომ NBA-ს დონეზე ის კარგი დამცველი იქნება. მისი საკალათბურთი IQ, ენერგია და ფიზიკა იმის გარანტიაა, რომ ის კარგა ხანს შეძლებს ასოციაციაში თამაშს.
2019 წლის დრაფტზე ბევრი ცენტრი შეიძლება აიყვანონ, რადგან კანდიდატების ნაკლებობა არ იგრძნობა. თუმცა რამდენად უპრიანია დრაფტის მაღალი პიკის 'დახარჯვა' ცენტრში, როცა შესაძლებელია როტაციას მიმართო, ან საკმაოდ 'იაფად' გამოცდილი ცენტრი დაიმატო?
მიმაჩნია, რომ ბითაძე ნამდვილი ტალანტია. ორმხრივად განვითარებული ცენტრები, შემტევი პოტენციალით 'ხეზე არ იზრდებიან'. არც ბითაძის ენერგიისა და საკალათბურთო IQ-ის მონაცემების ცენტრებია ხშირი. თუ შევთანხმდებით, რომ მისი ათლეტიზმი საკმაოდ შეზღუდულია NBA-ს დონისთვის და ის მეტს ვეღარ მოუმატებს ოსტატობის განვითარებაში, მაშინ გოგას ათეულობით კალათბურთელის მსგავსად ამერიკულ კლუბში სათადარიგოს როლი მოერგება. თუმცა გოგას შემტევი პოტენციალის ამერიკაში გამართლების შანსი დიდია, მას შეუძლია სასტარტო ხუთეულის ცენტრი გახდეს.
2019 წლის დრაფტის კლასში ის საუკეთესოებშია. ამ კლასში კი არც ერთი არ არის უნაკლო - მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო პოტენციალის მქონე ცენტრ ჯექსონ ჰეიესს შესაძლოა, წლები დასჭირდეს, დაცვაში თავისი პოტენციალის გამოსავლენად. ჯონტეი პორტერს პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ბოლ ბოლს ხანხადან ისეთი ჩავარდნები აქვს, რომ მისი თამაში NBA-ში შეიძლება სულაც გამოირიცხოს.
არ ვფიქრობ, რომ 2019 წლის დრაფტის კლასში ბითაძე ახლავე ტოპ-ტალანტია, მაგრამ ვთვლი, რომ არის შანსი, რომ ის გახდეს NBA-ს 2019 წლის დრაფტის საუკეთესო ცენტრი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება ისეთ ძლიერ ლიგაში, როგორიც ევროლიგაა, წარმატებული თამაში არ გავითვალისწინოთ.
🏀 მასალა გამოქვეყნდა thestepien.com-ზე. საიტი მთლიანად ეძღვნება NBA-ს დრაფტს, ასოციაციის მომავალ ვარსკვლავებს, მათ შანსებს. საიტზე მუშაობს 7 ექსპერტი.
📝 ავტორი: ჯექსონ ჰოი
მეტი ამ თემაზე:
- გოგა ბითაძე: ევროლიგის მერე ჩემი ოცნება NBA-ში თამაშია
- SEX, DROGA, BITADZE GOGA - ბუდუჩნოსტის ფანები ბითაძეს უმღერიან
კომენტარები