Thumbnail

'არ ვნანობ, რომ საქართველოს რუსეთი ვამჯობინე' - გიორგი ჯიქია თავის არჩევანზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მცველმა საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის გაკეთებულ არჩევანზე ისაუბრა
  • სპარტაკის ფეხბურთელი თავის დროზე მოლაპარაკებებს სფფ-სთანაც მართავდა 

მოსკოვის სპარტაკის მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თავის დროზე არჩევანი ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა მთავარი კარიერული ოცნება, ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში ჩატარდა, მაინც ვერ აიხდინა - მუნდიალის დაწყებამდე მძიმე ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვეღარ მოასწრო.

გიორგი ჯიქია და რუსეთის ნაკრების მწვრთნლი სტანისლავ ჩერჩესოვი

ახლახან 25 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინაშე რეალურად იდგა არჩევანი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის და არ ნანობს, რომ გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო.

"როდესაც პირველად რუსეთის ნაკრებში გამომიძახეს, ჯერ კიდევ ამკარის ფეხბურთელი ვიყავი. ეს ამხანაგურ მატჩებში მოხდა და შესაბამისად, შემეძლო მეთამაშა და ეს ოფიციალურად არ ჩათვლილიყო რუსეთის სახელით გამოსვლად. იყო ბევრი ზარი, საუბარი, თავადაც ჩავფრინდი საქართველოში… მაგრამ ჩემი არჩევანი გავაკეთე და არაფერს ვნანობ.

ასე მოვინდომე და ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყო. რჩევა მშობლებისთვისაც კი არ მიკითხავს. მათ მხარი დამიჭირეს. არჩევანი კი ასეთი იმიტომ გავაკეთე, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე, გადავლახე ყველაფერი და მივაღწიე წარმატებებს, აქ დამაფასეს და ეს სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში უსარგებლო არ გავხდები".

გიორგი ჯიქია მოსკოვის სპარტაკში ამკარიდან, 2016 წლის ბოლოს გადავიდა

გიორგი ჯიქიას მშობლები სოხუმიდან არიან, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი რუსეთში გადაბარგდნენ. გიორგი მოსკოვში დაიბადა.

კომენტარები

ბოლო ამბები