Thumbnail

პსჟ ჩქარობს - ნეიმარის შემცვლელს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ეძებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარიზულ კლუბს ტრანსფერის განსახორციელებლად საათები რჩება
  • პსჟ ჩელსის ნახევარმცველ ვილიანში 50 მილიონის გადახდას აპირებს
  • საეჭვოა, ლონდონელებმა ბრაზილიელი ამ ფასად და ამ დროს დათმონ

პარი სენ-ჟერმენი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაშავებული ნეიმარის შემცვლელის დამატებას შეეცდება. Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ლეანდრო პარედესის ტრანსფერის შემდეგ, ლონდონის ჩელსის ნახევარმცველის ვილიანის გადაბირებაც სურს.

წყაროს ცნობით, პარი სენ-ჟერმენმა 30 წლის ბრაზილიელის ტრანსფერისთვის უკვე მოამზადა წინადადება, რომელიც 50 მილიონ ევროს გადახდას ითვალისწინებს.

ვილიანს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს. მანამდე ფეხბურთელით ბარსელონაც ინტერესდებოდა, მაგრამ ჩელსიმ 70 მილიონი ევრო მოითხოვა. იანვრის დასაწყისში ლონდონელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ დატოვებს.

ვილიანი ლონდონის ჩელსის ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში ნახევარმცველმა ყველა ტურნირში 50 გოლი გაიტანა, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 23 მატჩში 3-3 გოლი და საგოლე პასია.

Transfermarkt 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 50 მილიონ ევროს ასახელებს.

ნეიმარი საფრანგეთის თასზე, სტრასბურთან ანგარიშით 2:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა და დაახლოებით 2,5 თვე გაუცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები