Thumbnail

რატომ ვერ აჩერებენ ჯეიმს ჰარდენს? ლიგის საუკეთესო შემტევის თამაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ჯეიმს ჰარდენი შარშანდელი MVP-ია, წელს კიდევ უფრო მაგრად თამაშობს, მას ისტორიული სეზონი აქვს. NBA-ში უკვე ყველა თანხმდება, რომ ჯეიმს ჰარდენივით ვერავინ უტევს და ვერავინ ყრის. ერთი შეხედვით, ეს უცნაურია - Beardman ლიგის არც საუკეთესო ათლეტია და, ალბათ, არც ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე. როგორ ახერხებს ჰარდენი ამას?

ისტორიული სეზონი

იმისთვის, რომ სრულად წარმოვიდგინოთ, თუ რა დონეზე თამაშობს ჰარდენი ამ სეზონში რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი. ბოლო 50 წელში მხოლოდ 6 შემთხვევა იყო, რომ რომელიმე მოთამაშემ ზედიზედ 4 შეხვედრაში ჯამურ 200 ქულაზე მეტის მოგროვება შეძლო. 4-ჯერ ეს კობი ბრაიანტმა მოახერხა 2005-2007 წლებში, 2-ჯერ ჯეიმს ჰარდენმა ამ სეზონში.

ჰარდენმა ამ სეზონის პირველ ნახევარში, სულ რაღაც 45 შეხვედრაში, არამხოლოდ ზედიზედ 2 -ჯერ დადო ზედიზედ 4 თამაშიანი მონაკვეთი, რომელშიც მან 200 და მეტი ქულა მოაგროვა, არამედ მითოლოგიური უილტ ჩემბერლენის შემდეგ იგი კობი ბრაიანტთან, ჯორდანთან ერთად ლიგის ისტორიაში საუკეთესო ჩამყრელთან, ერთად, ერთადერთია, რომელსაც 5 თამაშიანი მონაკვეთი ჰქონდა, რომელშიც იგი თამაშში საშუალოდ 50 ქულაზე მეტს ყრიდა.

შენიშვნა: უილტ ჩემბერლენს ასეთი 116 თამაში ჰქონდა, რომელშიც იგი საშუალოდ 50 ქულაზე მეტს აგროვებდა. სწორედ ამიტომაც არის ჩემბერლენი მითოლოგიური.

ჩემბერლენის შემდეგ თითქმის ბოლო 50 წელიწადში იგი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც ზედიზედ 20 თამაშია 30 ქულას ან მეტს ყრის.

ჰარდენის სეზონი ძალიან ჰგავს კობი ბრაიანტის საუკეთესო ინდივიდუალურ სეზონებს. თუმცა, ერთი პლიუსი ჰარდენს კობისთან ან თუნდაც ჩემბერლენთან, კალათბურთის ყველაზე დიდ ინდივიდუალისტებთან შედარებით - ჰარდენი ბოლო სამ სეზონში არამხოლოდ საშუალოდ 30.5 ქულას ყრის თამაშში, არამედ გადაცემებით 23.5 ქულას აყრევინებს თავის თანაგუნდელებს. იგი, ფაქტობრივად, გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებს.

სტივენ ეი სმიტი: 'ჯეიმს ჰარდენი თავისი შემტევი უნარებით ყველაზე მეტად მაგონებს კობი ბრაიანტს.'

სულ რამდენიმე დღის წინ ჰარდენმა ნიუ იორკის ლეგენდარულ მედისონ სკვერ გარდენში 61 ქულით დაასრულა შეხვედრა და ამ მაჩვენებლით კობის შედეგი გაიმეორა.

შენიშვნა: გარდენში დაგროვებულ ქულებს ყოველთვის განსაკუთრებულად ითვლიან და ლიგის ვარსკვლავები ცდილობენ, რომ იქ თავისი საუკეთესო თამაში აჩვენონ.

ჰარდენის სტატისტიკით დაუსრულებლად შეიძლება მანიპულირება. მოკლედ, რომ შევაჯამოთ სეზონის პირველ ნახევარში მან უკვე მოახერხა ისტორიული შედეგების გამეორება. სულ მალე ჰიუსტონს, ტრავმირებული კრის პოლი და კლინტ კაპელა დაუბრუნდებიან, უკვე მოიშუშა ტრავმა ერიკ გორდონმაც და ჰარდენს უფრო ნაკლები აუცილებლობა ექნება, 50-60 ქულიანი თამაშებით გაუძღვეს თავის გუნდს.

THE DOG THAT I AM

NBA-ში მსოფლიოს საუკეთესო ათლეტები არიან შეკრებილები, ეს ის სამყაროა, რომელიც სუპერადამიანების სუპერშესაძლებლობებს გვაჩვენებს.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რატომ არის ლებრონ ჯეიმს ასეთი მაგარი - ის საუკეთესო ათლეტია, გამთამაშებლის ტექნიკით მძიმე ფორვარდის სხეულში, ადვილად ჩანს რატომ ყრის კევინ დურანტი ასე მაგრად - ის ცენტრის სიმაღლეა და გამთამაშებლის ხელები აქვს, ფენომენალური სისწრაფე და სროლა აქვს სტეფ კარის, მისი შეჩერება, უბრალოდ შეუძლებელია, ისევე, როგორც იანისის ან ენტონი დევისის, თავისი ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული მოთამაშეების. ჯეიმს ჰარდენი კი განსხვავებულია, ის თავისი ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩევა, არც ყველაზე სწრაფია, არც ყველაზე მაღალი და არც ყველაზე ძლიერი.

ჯეიმს ჰარდენი: 'მე ძველი სტილის მოთამაშე ვარ, არც ყველაზე სწრაფი ვარ და არც ყველაზე სხარტი.'

გამორჩეულია იგი თავისი ხასიათითაც, ჰარდენი სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით არ არის პერფექციონისტი, რომელიც ზაფხულის შესვენების დროს საათები ვარჯიშობს (მისთვის სეზონის წინ ზედმეტი წონით დაბრუნება აბსოლუტურად ნორმალური ფაქტია) და არც თავისი სათამაშო აგრესიით და გამარჯვებისკენ სწრაფვით გამოირჩევა.

'მე ისეთი ვარ, როგორ ვარ - The dog that I am' - ასე დაახასიათა საკუთარი თავი. მაინც როგორია ჯეიმს ჰარდენი? ფაქტია, რომ ძალიან მაგარია, მაგრამ როგორ ახერხებს, რომ NBA-ს მის წინააღმდეგ პასუხი არ აქვს.

წაიკითხეშეშლილი ბერძენი, რომელიც NBA-ს დაიპყრობს

არასტანდარტული ვარსკვლავი

ჰარდენი და მისი გუნდი მთელი NBA-დან განსხვავებულნი არიან. ჰარდენი ლიგის საერთო ტენდენციების წინააღმდეგ თამაშობს ანუ თამაშობს ისე, როგორც საკალათბურთო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არ უნდა ითამაშო. ყველა, ვინც ჰარდენის სტილში ცდილობს ითამაშოს, არაეფექტურ მოთამაშედ მიიჩნევა. Beardman დინების წინააღმდეგ მიდის და ლიგის საუკეთესო ჩამყრელია, მისი ჰიუსტონი კი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.

რა მიიჩნევა მოძველებულ და არაეფექტურ თამაშად!? - იზოლაციები (ჰარდენის საყვარელი კომპონენტი), ნელი თამაში (ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ ჯეიმსს როგორ დემონსტრაციულად გაჰყავს 24 წამი) და ბურთის გაჩერება ანუ თამაში პასების გარეშე (ამ კომპონენტში ჰარდენი საერთოდ რეკორდსმენია).

ჰიუსტონის ყურებისას ძალიან ხშირად ნახავთ მსგავს სიტუაციას - როდესაც, ჰარდენს  გაჰყავს დრო და ბოლო 4-5 წამში იწყებს შეტევას.

ნელი კალათბურთი და იზოლაციები

იმისთვის, რომ ბევრი ჩაყარო, სწრაფად უნდა შეუტიო. ნელი თამაში, ჩვეულებრივ, დაცვით გუნდებს ახასიათებთ, რომლებიც თამაშის ტემპს აგდებენ (Welcome to the Memphis Grizzlies World :) ). ჰარდენის ჰიუსტონი გამონაკლისია, ნელა თამაშობს და ლიგაში 23-ა თამაშის სისწრაფით, თუმცა კარგად ყრის, ერთ შეტევაში საშუალოდ 1.1 ქულას, რაც 6 შედეგია ლიგაში. ეს ყველაფერი ჯეიმს ჰარდენის წყალობით ხდება - თამაშის ეს სტილი სწორედ Beardman-ის საუკეთესო თვისებებზეა მორგებული.

ჰარდენის საყვარელი შეტევა იზოლაციაა. როდესაც იგი მარტო უტევს მოწინააღმდეგის მთელ დაცვას. თანაგუნდელები პერიმეტრზე დგანან და ცდილობენ ან ჯეიმსის პასს დაელოდონ და ჰიუსტონში მთელი გუნდი ისვრის სამიანს ან მცველები გაიტყუონ და მას სივრცე შეუქმნან. ჰარდენი თამაშში საშუალოდ 17.7-ჯერ უტევს იზოლაციით. ეს ძალიან დიდი რიცხვია (მეორე ადგილზე მყოფ დემარ დეროზანს 10-ზე ცოტა უფრო მეტი იზოლაცია უგროვდება) და ამ იზოლაციებიდან იგი საშუალოდ 1.16 ქულას აგროვებს - შეხსენებისთვის, 1 შეტევაში 1.1 ქულა ლიგაში ძალიან კარგ შედეგად ითვლება და ჰარდენის 1.16 ქულა ლიგის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს ბევრად ცდება.

ჰარდენს ქულების დაგროვების სამი ძირითადი საშუალება აქვს - სამქულიანები, შესვლები და ჯარიმები. სამივე ამ კომპონენტს ქვემოთ,დეტალურად განვიხილავთ.

თამაში პასის გარეშე

ჯეიმს ჰარდენი ქულებს ყველაზე ხშირად სამქულიანი დისტანციიდან აგროვებს. იგი სტეფ კარისთან ერთად იმ ტიპის ვარსკვლავია, რომელიც სამიანიდან უფრო ხშირად ისვრის, ვიდრე ორქულიანი დისტანციიდან. ლიგაში მოსვლის მომენტში იგი თამაში მხოლოდ 3.3. სამქულიან ისროდა, დღეს კი იგი წარმოუდგენლად ბევრს 13.2 სამქულიანს ისვრის (ბოლო ერთ თვეში, კრის პოლის ტრავმის შემდეგ, სამიანების რაოდენობა 16.6-მდე გაიზარდა).

სროლა, და მით უმეტეს სამქულიანი სროლა, ბევრად უფრო მარტივია, როდესაც მოთამაშე ბურთს პასის მიღების შემდეგ ისვრის. ლიგის ყველა მსროლელს, სტეფ კარის ჩათვლით, ბევრად უკეთესი სროლის პროცენტი აქვს, როდესაც პასის შედეგად ისვრიან, ვიდრე დრიბლინგის. დრიბლინგის შემდეგ სამიანი ერთ-ერთი ურთულესი სათამაშო კომპონენტია - ოღონდ არა ჯეიმს ჰარდენისთვის. ჰარდენი მარტო უტევს და მისი ჰიუსტონი ერთ-ერთი ყველაზე ცუდად ამოძრავებს ბურთს ლიგაში - ჰიუსტონი გოლდენ სტეიტის სრული ანტიპოდია.

23 იანვრის საღამოს ორი მთავარი გმირი ჰყავდა - კლეი ტომპსონი თავისი 44 ქულით და ჯეიმს ჰარდენი 37 ქულით. ტომპსონმა ყველა ქულა პასის შედეგად მოიპოვა ანუ მისცეს პასი, ისროლა და ჩააგდო, ჰარდენმა კი პასის შედეგად 0 (არცერთი) ქულა დააგროვა. მისი 37-ვე ქულა ინდივიდუალური ქმედების შედეგი იყო. ამაში გვარწმუნებს სტატისტიკაც.

ჰარდენი ლიგაში ერთადერთია, ვინც პასის გარეშე სროლას ამჯობინებს 

ლიგის ყველა ვარსკვლავს შორის ჰარდენი ყველაზე ხშირად და ყველაზე კარგად ისვრის სამიანებს პასის გარეშე დრიბლინგის შედეგად. მის გუნდს ბურთის მოძრაობა არ სჭირდება. თუკი 2001 წლის შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც დეტალური სტატისტიკური მონაცემები გვაქვს) საშუალოდ ლიგაში სამქულიანების 83 პროცენტი პასის შემდეგ სრულდება, ჰარდენი პასის შემდეგ თავისი სამიანების მხოლოდ 15 პროცენტს ისვრის (ანუ რვიდან ერთხელ). ამ სეზონში მან უკვე 150-ზე მეტი სამიანი ჩააგდო მარტომ, პასის გარეშე. გასულ წელს, მთელ სეზონში მას 196 ასეთი სამქულიანი ჰქონდა - წელს კი კიდევ უფრო ხშირად ისვრის და ლიგის და თავისივე რეკორდს ძალიან მალე მოხსნის. თავის სროლებს იგი თვითონვე ქმნის - მისი საერთო სროლების 88.1 % პასის გარეშე სრულდება.

ერთი სახასიათო დეტალი: სამქულიანი სროლის წინ საშუალოდ მოთამაშეები ბურთს პარკეტს 1.14-ჯერ არტყამენ, სტეფ კარი - ამას 1.99-ჯერ აკეთებს, ჯეიმს ჰარდენი კი 8-ჯერ - ეს იმან ნიშნავს, რაც ზემოთ ვნახეთ, ბურთი ხელში უჭირავს, გაჰყავს დრო და ისვრის. ყველამ იცის ეს მანევრი, თუმცა ვერავინ ვერ აფარებს - ეს ორმაგი სტეპბეკის ბრალია.

წაიკითხეახალი თამაში - სტეფ კარის NBA

ორმაგი სტეპბეკი

როდესაც ჰარდენი თავის სამიანს ისვრის, ხშირად გგონიათ, რომ იგი გარბენს აკეთებს - ოღებს ბურთს ხელში, უკან დგამს ორ ნაბიჯს და ისვრის. ერთი პერიოდი, ლიგაში მსაჯებს იმაშიც კი ადანაშაულებდნენ, რომ ისინი ჰარდენის მიმართ სუბიექტურები არიან და გარბენს მასზე არ უსტვენენ.

ჰარდენის სტეპ-ბეკ სამიანი

ჰარდენი მისი უნიკალური ბურთის ფლობის ტექნიკის წყალობით კალათბურთის წესებს ირგებს - სწორედ ეს არის მისი სტეპბეკის საიდუმლო. მსაჯები გარბენის ათვლას იმ მომენტიდან იწყებენ, როდესაც მოთამაშე ბურთს ან ხელში იღებს ან ხელი ბურთს ქვემოთ აქვს. ჰარდენი ახერხებს, რომ სტეპბეკს ისე იწყებს, პირველ ნაბიჯს ისე დგას, რომ ხელი ბურთს ზემოთ აქვს - ანუ წესების მიხედვით, ბურთს ატარებს და ეს გარბენის ნაწილი არ არის. შესაბამისად, მისი მეორე და მესამე ნაბიჯი გარბენად აღარ ითვლება. გარბენის ათვლას მსაჯები უფრო გვიან იწყებენ.

შედეგად მისი სტეპ-ბეკის სამიანების დაცვა და ამ სროლის დაფარება შეუძლებელია - ჰარდენი რამდენიმე ნაბიჯით უკან გადის და ისე ისვრის. ტექნიკურად ეს ურთულესი ელემენტია - ლიგაში მეორე ადგილზე ამ კომპონენტში ლუკა დონჩიჩია, რომელიც ჰარდენზე სამჯერ უფრო იშვიათად ისვრის სტეპ-ბეკ სამიანებს. სირთულის მიუხედავად, ჰარდენი ამ ტიპის სამიანების 39 პროცენტს იყენებს, რაც პოზიციაზე 1.18 ქულას უდრის და ძალიან კარგი შედეგია.

ფენომენალური შესვლა

ჰარდენი ყველაზე სწრაფი და ათლეტური კალათბურთელი არ არის, იგი არც ლებრონია და არც ვესტბრუკი, თუმცა მაინც ძალიან კარგად შედის. ლიგაში იგი მესამე ადგილზეა შესვლების სიხშირით - მასზე ხშირად მხოლოდ დეროზანი და ჰოლიდეი შედიან და ამავე დროს საუკეთესო სამეულშია შესვლების შედეგად დაგროვებული ქულების მიხედვით. შესვლას ათლეტიზმი და სიწრაფე სჭირდება - ბუნებრივია, ამ კომპონენტში, ლიგის საუკეთესო ათლეტები ლებრონი და იანისი ლიდერობენ, არცთუ ისე მაღალი და ათლეტური ჰარდენი კი მესამე ადგილზეა და ჯეიმსს და იანისს ეფექტურობით მხოლოდ ოდნავ ჩამორჩება. ეს ყველაფერი მისი ფენომენალური ბურთის ფლობის ტექნიკის წყალობით ხდება.

საშუალოდ ერთ შესვლაში დაგროვებული ქულების შედეგი

ჰარდენი ძალიან კარგად აკონტროლებს სივრცეს და მოწინააღმდეგეს და ისე დააქვს ბურთი, რომ ძალიან იშვიათად კარგავს. მას არ აქვს საუკეთესო სისწრაფე და ათლეტიზმი, თუმცა კარგად ცვლის სიჩქარეს, ზუსტად აფასებს მეტოქის დაცვის განლაგებას და მისი შესვლები შედეგიანი იმიტომ გამოდის, რომ Beardman-ს ძალიან მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს, ზუსტად აფასებს სიტუაციას და ამით ახდენს სისწრაფის და ძალის კომპენსაციას.

ჰარდენის შესვლა

ჰარდენის შესვლა შედეგიანია, რადგან მცველმა არასდროს არ იცის, ჯეიმსი სამიანს ისვრის თუ შესვლას გადაწყვეტს - მისი ორივე კომპონენტი ძალიან სახიფათოა.

ჯარიმების სპეციალისტი

შესვლის დროს ჰარდენს ყველაზე მეტად ჯარიმები ეხერხება. Beardman ჯარიმების აღების სპეციალისტად ჩამოყალიბდა, რის გამოც ლიგაში მას ბევრი აკრიტიკებს. ჰარდენი ისევ საკალათბურთო ინტელექტის და სიტუაციის ზუსტი შეფასების წყალობით თვითონ ეძებს მცველთან კონტაქტს, რათა ჯარიმა მიიღოს. მცველის მიერ მოუფიქრებლად გაწეული ხელი, წინ გადადგმული ფეხი ან კორპუსი და ჰარდენი ამ შეცდომას მაშინვე იყენებს - ეძებს მცველთან კონტაქტს, კარგად აფორმებს მასს და იღებს ჯარიმებს.

მაგალითად, დრიბლინგის დროს იგი უცებ ჩერდება, რათა მცველი მას დაეჯახოს და ჯარიმა მიიღოს. სამიანიდან სროლის დროსაც, იგი ისე ხტება, რომ თან ისროლოს და თან მცველს შეეხოს - ერთი ხელის ისვრის და მეორე ხელით მცველთა კონტაქტის პროვოცირებას ახდენს. ბოლო ხუთ სეზონში მან სარეკორდო 37 ოთხქულიანი შეტევა (ჩაგდებული სამიანი + ჯარიმა) განახორციელა და მასზე სამიანების სროლის დროს 289-ჯერ დაჯარიმდნენ - ორივე ამ მაჩვენებლი ლიგაში იგი საუკეთესოა. საშუალოდ იგი 11.6-ჯერ ისვრის ჯარიმას.

ლიდერი ჯარიმების რაოდენობით

შედეგად მეტოქის მცველებს მასთან აქტიური და აგრესიული დაცვის თამაში არ შეუძლიათ. ძალიან დიდია ჯარიმის მიღების საფრთხე, ჰარდენის ამით სარგებლობს და მეტოქეს აიძულებს ან დაჯარიმდეს, ან პასიურად დაიცვას მისგან თავი.

ჰიუსტონის სისტემა და შესაძლო რისკები

ჰარდენის ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და გოლდენ სტეიტის გარდა (კალიფორნიელები სხვა განზომილებაში არიან) ის იშვიათი გუნდია, რომელსაც ჩემპიონობის პრეტენზია აქვს. ჰიუსტონის ყველა სტანდარტული კომბინაცია ჰარდენზე ან კრის პოლზეა აწყობილი - ტექსასელები ან მათი იზოლაციის შედეგად უტევენ ან რომელიმე მათგანი გამთამაშებლის ფუნქციას ითავსებს.

პარტნიორები პერიმეტრზე დგანან და ჰარდენს (პოლს) სივრცეს უქმნიან.  ჰარდენი (პოლი) ან ამ გათავისუფლებულ სივრცეში შედის ან, იმ შემთხვევაში, თუ მეტოქის მცველები პერიმეტრიდან სამწამიანისკენ შემოიწივნენ, პასით გათავისუფლებულ პარტნიორს ეძებს, რომელიც პერიმეტრზე დგას. ეს ის ორი კომბინაციაა, რომლებსაც ჰიუსტონი ყველაზე ხშირად იყენებს.

ეს სტილი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჰარდენზეა (უფრო ნაკლებად პოლზე) აწყობილი, ტექსასელების საჩემპიონო ამბიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

NBA-ში ითვლიან მოთამაშის გამოყენების პროცენტს ანუ რა პროცენტით არის მოთამაშე თავისი გუნდის თამაშში ჩართული. ჰარდენი ჰიუსტონის თამაშში 39.22 პროცენტით არის ჩართული - ეს სარეკორდო მაჩვენებელია. ამ საუკუნეში მსგავსი პროცენტი მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა - რასელ ვესტბრუკს და კობი ბრაიანტს.

ჩვეულებრივ, თუნდაც სუპერვარსკვლავისთვის 20 პროცენტზე მეტი გუნდის თამაშში ჩართულობა იმაზე მეტყველებს, რომ გუნდის სისტემა კარგად არ ფუნქციონირებს. ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში ისეთი მოთამაშეები ლიდერობენ ხოლმე, როგორებიც დემარკუს კაზინსი (საკრამენტო), კარმელო ენტონი (ნიუ იორკი) და ა.შ. არიან - ანუ სუპერვარსკვლავები აუტსაიდერებში, რომლებიც მთელი თამაში, ფაქტობრივად, მარტო თამაშობენ. მათ ჩემპიონობის და პლეი ოფის ამბიცია არ აქვთ და თავს არ უფრთხილდებიან.

კობის და ვესტბრუკის ზემოთ მოყვანილი სეზონებიც მათი გუნდებისთვის კარგად არ დასრულდა და ამ მოთამაშეეს მარტო უწევდათ გუნდის გაძღოლა. მაგალითად, კობის შემთხვევაში, მას საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებლები მაშინ ჰქონდა, როცა იგი გუნდში, ფაქტობრივად, მარტო, იყო და ლეიკერსს ჩემპიონობის ამბიცია არ ჰქონდა. შაკთან ან პაუ გასოლთან ერთად, კონკურენტულ გუნდში, კობი ბურთის განაწილებას იწყებდა.

თუკი ჰარდენმა ამ პროცენტით გააგრძელა თავისი გუნდის თამაში წაყვანა, იგი პლეი ოფს გადაღლილი შეხვდება. საჩემპიონო გუნდს ბევრი შემტევი ოფცია უნდა ჰქონდეს - პლეი ოფში მოწინააღმდეგის დაცვა უფრო მობილიზებულია, ჰარდენს უფრო მეტად შეიწავლიან და პლეი ოფის აგრესიულ თამაშში იგი ჯარიმებს უფრო იშვიათად მიიღებს. თუკი ჯეიმსს და ჰიუსტონს სურთ, რომ ეს სეზონი მათთვის წარმატებული არამხოლოდ რეკორდებით, არამედ პლეი ოფში კარგი ასპარეზობითაც იყოს, მათ რამე უნდა მოიფიქრონ.

სტივენ ეი სმიტი: 'ჰარდენის საუკეთესო თვისებები პლეი ოფის კალათბურთზე მორგებული არ არის. პლეი ოფში მას ძალიან გაუჭირდება.'

კრის პოლის დაბრუნებასთან ერთად ჰარდენს შეუძლია ნაკლები დატვირთვით ითამაშოს - კრის პოლიც მისი სტილის კალათბურთს თამაშობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰარდენს და ჰიუსტონს დიდი გამოწვევა აქვს - შეხვდეს ჰარდენი პლეი ოფს იდეალური ფიზიკურ ფორმაში და გუნდმა შედეგის დადება მისი 40-50 ქულის გარეშე შეძლოს.

ეს სეზონი ჯეიმს ჰარდენისთვის გადამწყვეტია. არავინ უარყოფს, რომ ლიგაში იგი საუკეთესო (ცუდ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო) ჩამყრელია. ჰარდენს ედავებიან, რომ პლეი ოფში, გადამწყვეტ შეხვედრებში იგი, თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს. კითხვები ჩნდება მის მენტალურ მდგრადობასთან დაკავშირებითაც. იგივე მოხდა შარშან - ჰიუსტონი გოლდენ სტეიტს 3-2-ს უგებდა, თუმცა კრის პოლი ტრავმის შემდეგ ჰარდენმა ორი გადამწყვეტ შეხვედრაში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ჰიუსტონმა სერია დათმო.

თუკი იგი შეძლებს, ამ კლასის კალათბურთის პლეი ოფში თამაშს, მაშინ იგი ახალ საფეხურზე ავა და NBA-ს უდიდეს ვარსკვლავებს შორის დაიდებს ბინას. ამ სეზონში მან უნდა დაამტკიცოს, რომ სუპერვარსკვლავი პლეი ოფშიც არის.

კომენტარები

ბოლო ამბები