Thumbnail
  • 📅 1 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ინტერი V ლაციო
  • იტალიის თასის 1/2-ფინალისთვის 'სან სიროზე' მილანის მეორე კლუბიც იბრძოლებს
  • რომის ლაციოს იმედი აქვს, რომ ინტერის ცუდი პერიოდი მილანში გახანგრძლივდება 

იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებს მოსაწყენად მთელი კვირის განმავლობაში არ სცალიათ. ქვეყნის თასის ¼-ფინალის კიდევ ერთი მატჩი, თბილისის დროით ხუთშაბათს შუა ღამისას დაიწყება. ‘სან სიროზე’, სადაც ორი დღის წინ ნახევარფინალი მილანმა გაიფორმა, იმავეს გამეორებას ქალაქის მეორე გუნდი - ინტერიც შეეცდება, რომელსაც მეტოქედ რომის ლაციო ჰყავს.

ინტერი

რომში გამართულ ჩემპიონატის პირველი წრის მატჩში იკარდიმ  დუბლი შეასრულა (0:3)

‘ნერაძური’ ამ თამაშს არცთუ კარგ სპორტულ ფორმაში ხვდება და ამაში თავისი არცთუ პატარა წვლილი კლუბის ხელმძღვანელობას მიუძღვის, რომელიც, თუ შიგნიდან გამოსულ ხმებს დავუჯერებთ, ზაფხულში მთავარ მწვრთნელად კონტეს მიწვევაზე ფიქრობს (უმუშევარია მოურინიოც). ეს ყველაფერი კი კარგად არ მეტყველებს ლუჩანო სპალეტის ავტორიტეტზე. არის პრობლემები შემადგენლობის მხრივაც, ოღონდ, არა ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის თვალსაზრისით. წესრიგშია ყველა, საკითხი კი აქ უფრო შემადგენლობის ხარისხს ეხება. 

სერიოზული იმედგაცრუება მოყვა რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერს, რომლის სახით მილანურმა გუნდმა მოედნის ცენტრის ლიდერის ნაცვლად, უდისციპლინო სკანდალისტი მიიღო, რომელიც დროს ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ამას ივან პერიშიჩის ინგლისში წასვლის სურვილი და შედეგად, ხორვატის სკამზე დასმა დაემატა. აშკარად სუსტად გამოიყურება მაურო იკარდიც. თუკი არგენტინელი კაპიტანი შემოდგომით ლამის ყოველკვირა იტანდა, ახლა თავის სტატისტიკას თითქმის ვერაფერს მატებს. და აი, ამ ყველაფრის შედეგი ბოლო მატჩებში სასუოლოსთან 0:0 და ტორინოსთან 0:1-ია.

ახლა ლუჩანო სპალეტის შანსი ექნება უჩვენოს, რომ ჩავარდნა დროებითია და ინტერში ყველაფერი რიგზეა.

ლაციო

რომაელებს მორიგი წარუმატებელი უქმეები ჰქონდათ. როგორც ნაპოლისთან, იუვენტუსთანაც ყველაფერი 1:2 წაგებით დასრულდა. არადა, სიუჟეტი სულ სხვაგვარად ვითარდებოდა და 'არწივები' შინ სულ ცოტა ქულას მაინც მოიპოვებდნენ, საქმეში ტაქტიკოსი ალეგრი დროული ცვლილებებით რომ არ ჩარეულიყო და მასპინძელთა კარში ბოლო წუთებზე 11-მეტრიანი არ დანიშნულიყო... ის მატჩი უკვე წარსულია, ინტერთან თამაშის წინ კი ლაციოს დაცვის ცენტრში ფრანჩესკო აჩერბი უბრუნდება, რომელმაც იუვესთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. 
 
სიმონე ინძაგი მილანური დაპირისპირებისთვის ყველა უძლიერესს ამზადებს, ერთადერთი, მცირე კითხვის ნიშნის ქვეშაა ადამ მარუშიჩის თამაში.

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალიის თასზე მილანის ინტერს გამარჯვება 7-ჯერ აქვს მოპოვებული: 1939, 1978, 1982, 2005, 2006, 2010 და 2011 წლებში.

⚽ იტალიის თასზე რომის ლაციოს გამარჯვება 6-ჯერ აქვს მოპოვებული: 1958, 1998, 2000, 2004, 2009 და 2013 წლებში.

⚽ იტალიის თასზე ინტერი და ლაციო ერთმანეთს 16-ჯერ დაუპირისპირდნენ. უპირატესობა ‘ნერაძურის’ მხარესაა: 6 მოგება, 5 ფრე და 5 მარცხი.

⚽ ინტერი და ლაციო თასის ¼-ფინალში ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან. ოთხჯერ ეტაპი მილანელებმა დაძლიეს, ორჯერ - რომაელებმა (მათ შორის ბოლო, 2016/17 წლების სეზონშიც).

⚽ ინტერს საკუთარ მოედანზე ყველა ტურნირში ზედიზედ 12 შეხვედრა არ წაუგია, სეზონის ერთადერთი საშინაო მარცხი კი პარმასგან სექტემბერში იწვნია.

⚽ მილანის ინტერისა და რომის ლაციოს შორის ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ ლაციომ იტალიის თასზე ინტერის წინააღმდეგ გამართული ბოლო ოთხი მატჩიდან სამში გოლი ვერ გაიტანა. ეს მხოლოდ 2016/17 წლების ¼-ფინალში მოახერხა, თანაც ორჯერ.

⚽ ლაციოს იტალიის თასზე გამართულ ბოლო 5 მატჩში არ წაუგია (ძირითად დროში). რომაელები შარშან მილანთან მხოლოდ პენალტების სერიით დამარცხდნენ.

⚽ რომის ლაციომ ყველა ტურნირში სტუმრად გამართული უკანასკნელი 6 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო გამარჯვება.

'ნერაძურის' ფანატებმა იტალიის თასზე მოგება ბოლოს 8 წლის წინ იზეიმეს

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, მირანდა, შკრინიარი, ასამოა - ვესინო, ბროზოვიჩი, ნაინგოლანი - პოლიტანო, იკარდი, კანდრევა.

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლესი, აჩერბი, რადუ - მარუშიჩი, ბერიშა, ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, დურმისი - კაისედო, იმობილე.

კომენტარები

ბოლო ამბები