Thumbnail

გერმანია დამარცხებულია! მუნდიალის შესარჩევი გამარჯვებით დავიწყეთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 5:1 გერმანია
  • საიოტის დუბლი, რონინიოს, თალესის და სებისკვერაძის გოლები
  • ასათიანის გუნდი ხვალ ისრაელთან, 2 თებერვალს კი დანიასთან ითამაშებს 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა და გერმანიის ნაკრები 5:1 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და პირველი ნაბიჯი გადადგა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. 

მატჩი საქართვლოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და გერმანელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა სტუმართა მეკარემ, ფილიპ პლესმა არაერთხელ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთზე ოდნავ ნაკლები რჩებოდა, როდესაც საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. რონინიომ დარტყმა ზუსტად შეასრულა და ავთანდილ ასათიანის გუნდი დაწინაურდა, 1:0. ამ ეპიზიდიდან დაახლოებით ორ წუთში საქართველოს ნაკრებმა ორამდე გაზარდა უპირატესობა, გოლი კი თალესის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთზე ოდნავ ნაკლები რჩებოდა, როდესაც სიმი საიოტის ზუსტის დარტყმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 3-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, 3:0.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრები სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. მატჩის დასრულებამდე 8 წუთი და წამები რჩებოდა, როდესაც არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა და ანგარიში 4:0 გახდა. მალევე, ასათიანის გუნდმა მეხუთე გოლი გაიტანა, რომლის ავტორი სიმი საიოტია. გერმანელებმა მატჩის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 5:1.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანია ისრაელს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, სამი ქულით ჯგუფს საქართველოს ნაკრები ლიდერობს, შემდეგ თითო ქულით ისრაელი და დანია მოდიან, ჯგუფის აუტსაიდერი კი ჯერჯერობით გერმანიაა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრების ეფექტური შეტევა

კომენტარები

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
'პირველ რიგში, მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო მადლობა. მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალებს აორმაგებს. რაც შეეხება თამაშს, ჩვენთვის მთავარი გამარჯვება და პირველი სამი ქულის მოპოვება იყო. პირველი დავალება შესრულებულია და გადავერთვებით ხვალინდელ თამაშზე, რომელსაც ისრაელთან გავმართავთ და რომელიც კიდევ უფრო სერიოზული იქნება. დარწმუნებული ვარ, იქაც შევძლებთ გამარჯვებას. ჩვენთვის კარგია, რომ ჯგუფის მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, რადგან კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. ეს შედეგი კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს მომდევნო მატჩის წინ.'

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)
'დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ და გავახარეთ გულშემატკივრები. არც კი ვიცი სპორტის რომელ სახეობაში ვუგებთ ასე დამაჯერებლად გერმანიის ნაკრებს. 5:1 არ ასახავს თამაშის სცენარს და ჩემი აზრით, შეგვეძლო 10:1, ან 15:1 მოგვეგო. რაც შეეხება ისრაელის ნაკრებს, დაცვიდან თამაშობენ, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მათ 3:0 მოვუგეთ. მთავარია გავიმარჯვოთ და გავინღდოთ მომდევნო ეტაპზე გასვლა.'

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი

საქართველო 5:1 გერმანია

გოლები: 1:0 რონინიო; 2:0 თალესი; 3:0 საიოტი; 4:0 სებისკვერაძე; 5:0 საიოტი; 5:1 ერდემი.  

საქართველოს ნაკრების განაცხადი 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)

მცველები: თალესი (ეკონომაცი, სერბეთი), გიორგი ნიშნიანიძე (ბასტია აგლო, საფრანგეთი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელარუსი)

თავდამსხმელები: ვახტანგ ჯვარაშვილი (კრემლინ-ბისეტრე იუნაიტედი, საფრანგეთი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ფუმასა (პატო, ბრაზილია), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი). 

ხვალ ავთანდილ ასათიანის გუნდი ისრაელს შეხვდება, ხოლო 2 თებერვალს დასკვნით პაექრობაში დანიას დაუპირისპირდება. დარჩენილი ორივე მატჩი დღევანდელის მსგავსად 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. 

დღეს ოლიმპიური სასახლის პარკეტზე დავით ბობოხიძეც გავიდა. პროფესიული კარიერა მან დაასრულა, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს გულშემატკივარიც და ყოფილი თანაგუნდელებიც ოვაციით შეხვდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები