Thumbnail
  • ავიაკატასტროფები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
  • ცხრა ტრაგიკული და ერთი საოცარი გამართლების ამბავი 

დღეს თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად არის აღიარებული, თუმცა ავიაკატასტროფები მაინც ხდება და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. სულ ახლახან, კარდიფის ახალწვეულ ემილიანო სალას უელსში, თავის ახალ კლუბში მიეჩქარებოდა, მაგრამ კერძო თვითმფრინავი, რომლითაც არგენტინელი მგზავრობდა, მოულოდნელად რადარებიდან გაქრა. ლა-მანშის სრუტეში ჩატარებული საძიებო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც შვეულმფრენები და გემებიც იყო ჩართული, თვითმფრინავის პირველ დეტალებს 9 დღის შემდეგღა მიაგნეს...

მეტი ამ თემაზე: 'ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები ნაპოვნია' - აცხადებს პოლიცია

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ავიაკატასტროფები სპორტის N1 სახეობაშიც რეალობაა და სხვადასხვა დროს ამ მიზეზით იღუპებოდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე მთელი გუნდები თუ კლუბების მფლობელები.

ვიშაი შრივადდანაპრაბჰა
სად: ლესტერი, ინგლისი
როდის: 2018 წლის 27 ოქტომბერს

ლესტერის მფლობელის ხსოვნას პატივი გულშემატკივრებმა ასე მიაგეს

ლესტერის მფლობელი, ‘მელიების’ ყოველი საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ, შინ საკუთარი შვეულმფრენით მიემგზავრებოდა ხოლმე. იმავეს აპირებდა ვესტ ჰემთან თამაშის (1:1) შემდეგაც, მაგრამ შვეულმფრენმა ‘კინგ ფაუერ არენის’ გაზონიდან აფრენის შემდეგ, მალევე დაკარგა მართვა და 60 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. კლუბის საიტმა პრეზიდენტის დაღუპვა ოფიციალურად მხოლოდ მეორე დღეს დაადასტურა. გულშემატკივრებმა ტაილანდელი მილიარდერის ხსოვნის პატივსაცემად, ლესტერის სტადიონის სიახლოვეს მემორიალი გააკეთეს, გუნდის სრული შემადგენლობა კი ბანგკოკში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

შაპეკოენსე
სად: კოლუმბია 
როდის: 2016 წლის 26 ნოემბერს

ამ 11-ეულიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი - ნეტო გადარჩა

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი კოლუმბიაში, ადგილობრივ ატლეტიკო ნასიონალთან, კოპა სუდამერიკანას პირველი ფინალური მატჩის სათამაშოდ მიემგზავრებოდა. თვითმფრინავი მთას შეასკდა, კატასტროფის შედეგად კი ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან მხოლოდ 6 გადარჩა.

მეტი ამ თემაზე: თავიდან დაბადებულები - რას აკეთებენ შაპეკოენსეს ავიაკატასტროფაში გადარჩენილები

ზამბიის ნაკრები
სად: ატლანტიკის ოკეანე, გაბონთან ახლოს
როდის: 1993 წლის 27 აპრილს

ზამბიელები სენეგალში, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის სათამაშოდ მიემგზავრებოდნენ. თვითმფრინავის ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ გაფრენამდე გახდა ცნობილი, მაგრამ რეისი არ გაუქმდა. საწვავის მარაგის მეორედ შევსებისა და აფრენის შემდეგ, მარცხენა ძრავი აალდა, თვითმფრინავი კი წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ოცდაათივე მგზავრი დაიღუპა. გაუმართლა მხოლოდ პსვ-ის ფორვარდ კალუშა ბვალიას, რომელიც თამაშზე ჰოლანდიიდან სხვა რეისით გაემგზავრა.

სურინამელი ჰოლანდიელები
სად: პარამარიბო, სურინამი
როდის: 1989 წლის 7 ივნისს

დაღუპულთა შორის აიაქსის მეკარე ლოიდ დუსბურგიც იყო

ევროპულ ლიგებში მოთამაშე ჰოლანდიელები ხშირად მიემგზავრებოდნენ ისტორიულ სამშობლოში, რათა საქველმოქმედო მატჩში ეთამაშათ. მორიგი შეხვედრა კი არ შედგა თვითმფრინავის დაშვებისას პილოტის დაშვებული შეცდომის გამო - საფრენი აპარატის ფრთა ხეს წამოედო. 187 დაღუპულიდან 11 ფეხბურთელი იყო, ავიაკატასტროფა კი სურინამის ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი. რუდ გულიტი და ფრანკ რაიკარდი გადარჩენას მილანს უმადლოდნენ, რომელმაც თავისი ფეხბურთელები სურინამში სათამაშოდ არ გაუშვა.

ფახთაქორი
სად: დნეპროძერჟინსკი, უკრაინის სსრ
როდის: 1979 წლის 11 აგვისტოს

საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ტრაგედიის ფაქტის მიჩქმალვას აპირებდა

უზბეკური გუნდის 17 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრები მინსკში, ადგილობრივ დინამოსთან სათამაშოდ Ту 134А-თი მიემგზავრებოდნენ. დისპეჩერმა გვიანღა დააფიქსირა ჩელიაბისკიდან მომავალი ლაინერი, რომელიც ერთ სიმაღლეზე აღმოჩნდა ბელარუსის რეისთან. შეჯახების შედეგად ორივე თვითმფრინავი აფეთქდა, 176 მგზავრიდან კი არავინ გადარჩა. საბჭოთა მედიამ კატასტროფა არ გააშუქა, თუმცა დაღუპულების დაკრძალვას უზბეკეთის პარტიული ხელმძღვანელობა სრულად დაესწრო.

სტრონგესტი
სად: ვილოკო, ბოლივია
როდის: 1969 წლის 26 სექტემბერს

ბოლივიური გუნდი ამხანაგური მატჩის შემდეგ ლა-პასში ბრუნდებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან 26 სექტემბერს გაქრა, როდესაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება დაიწყო. თვითმფრინავის ნამსხვრევებს მეორე დღეს ანდებში მიაგნეს. საიდუმლოებით მოცულ ტრაგედიას გუნდის 19 წევრი - ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები შეეწირნენ, სულ კი 74 ადამიანი დაიღუპა.

დანიის ოლიმპიური ნაკრები
სად: ერესუნი, დანია
როდის: 1960 წლის 16 ივლისს

დანიის ოლიმპიური ნაკრების რვა კანდიდატი, რომის 1960 წლის თამაშების წინ დანიშნული საკონტროლო მატჩში სათამაშოდ გაემგზავრა. გუნდის 20 წლის წევრი ერიკ დიურებორგი კი, აეროპორტში უწესოდ მოქცევისთვის, ნაკრებს ჩამოაშორეს და ამით მისი სიცოცხლე იხსნეს. უამინდობის გამო თვითმფრინავი ჩამოვარდა და მხოლოდ პილოტი გადარჩა.   

მანჩესტერ იუნაიტედი
სად: მიუნხენი, გერმანია
როდის: 1958 წლის 6 თებერვალი

'ბასბის ბიჭები' ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე

ბელგრადში ცრვენა ზვეზდასთან ფრედ დასრულებული მატჩისა და ევროპის ჩემპიონთა თასის ½-ფინალში გასვლის შემდეგ, ‘ბასბის ბიჭები’ შინ ბრუნდებოდნენ. თვითმფრინავი საწვავის მარაგის შესავსებად მიუნხენში დაეშვა, უამინდობის გამო კი აფრენა სამჯერ სცადა. ბოლო მცდელობის შემდეგ, საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს წამოედო, 23 დაღუპულიდან კი 11 მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი და შტაბის წევრი იყო. ტრაგედიას რამდენიმე მხატვრული ფილმი მიეძღვნა.

ტორინო
სად: ახლოს ტურინთან, იტალია
როდის: 1949 წლის 4 მაისს

თვითმფრინავის ნარჩენები, რომლითაც ტორინო მგზავრობდა 

იტალიური გუნდი ბენფიკასთან ამხანაგური თამაშის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. როდესაც თვითმფრინავი ტურინს უახლოვდებოდა, ლაინერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, გორაკს დაეჯახა. ბორტზე მყოფი 31 ადამიანიდან არავინ გადარჩა. სეზონის დარჩენილ ოთხ ტურში ტორინომ, ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელების დახმარებით, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოაგროვა და ჩემპიონატი მაინც პირველ ადგილზე დაასრულა. გუნდის 18 ფეხბურთელი ჩემპიონი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

იღბლიანი შვედები
სად: ალპები, საფრანგეთი
როდის: 2015 წლის 24 მარტს

ფრანგი მაშველები თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე

ძალიან გაუმართლათ შვედური კლუბის დალკურდის ფეხბურთელებს, რომლებიც კატალონიაში მოგზაურობის შემდეგ, შინ ბრუნდებოდნენ. ბარსელონის აეროპორტში მისულებმა გაიგეს, რომ მათთვის სასურველი მიმართულებით ოთხი რეისი იყო დანიშნული, ბილეთები კი აქედან სამზე დაჯავშნეს. მარშრუტი, რომელიც დიუსელდორფზე გადიოდა, ფეხბურთელებს თვალში არ მოუვიდათ და ზოგიერთი წყაროს ცნობით, აღნიშნული რეისის ბილეთები სხვებზეც გადაცვალეს. ფეხბურთელებმა მხოლოდ შინ დაბრუნების შემდეგ შეიტყვეს, რომ მათი დაწუნებული რეისის თვითმფრინავი ალპებში, პილოტის შეცდომის გამო ჩამოვარდა და 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი შეიწირა.

კომენტარები

ბოლო ამბები