Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია კარიერას საბა კვერკველიას გუნდში გააგრძელებს
  • ტრანსფერის შესახებ გუნდის თაკაცმა იური სიომინმა გამოაცხადა
  • ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელით მიუნხენის ბაიერნიც ინტერესდებოდა

რუსთავისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას მოსკოვის ლოკომოტივში გააგრძელებს. ამის შესახებ რუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომლის თქმით, 17 წლის ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის ლოკომოტივს მარბელიაში შეკრებაზე შეუერთდება.

"შემადგენლობის გაძლიერებაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ორი დღის შემდეგ სატრანსფერო ფანჯარა იხურება. გაძლიერების სურვილი ყოველთვის არის, მაგრამ ან ისეთი უნდა აიყვანო, ვინც უკვე გუნდში მყოფზე უკეთესია, ან პერსპექტივა რომ აქვს. ერთ ახალგაზრდას კი დავიმატებთ - ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას. ის მარბელიაში შემოგვიერთდება", - უთხრა championat.com-ს სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის დინამოს აღზრდილია, შარშან მარტში კი რუსთავში გადავიდა. კვარაცხელია მარჯვენაა, ძირითადად კი თამაშობს ვინგერის, თავდამსხმელის, მეორე ფორვარდისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე. პორტალი transfermarkt მას 350 ათას ევროდ აფასებს.

მეტი ამ თემაზე: ორი ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს TOP-60 ტალანტში!

ქართველი სუპერტალანტის გადაბირებით იური სიომინი კარგა ხანია ინტერესდება. დაიწერა, რომ სპეციალისტმა ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, კლუბის სატრანსფერო კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მაშინ გარიგება ვერ შედგა.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის დამატებით მიუნხენის ბაიერნი იყო დაინტერესებული.

17 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 18 მატჩში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მის ანგარიშზე 6 მატჩი და ერთი გოლია.

მოსკოვის ლოკომოტივში ამჟამად საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი საბა კვერკველია გამოდის. რუსეთის ჩემპიონებს მიმდინარე ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები