Thumbnail

იაპონია მოდაშია - J ლიგაში ევროპიდან კიდევ ერთი ვეტერანი ვარსკვლავი მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბაიერნის ნახევარმცველმა არიენ რობენმა კარიერა შესაძლოა იაპონიაში გააგრძელოს
  • 35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ბავარიულ კლუბს ზაფხულში დაემშვიდობება
  • არიენ რობენს J ლიგაში ინიესტა, ტორესი, ვილია და პოდოლსკი დახვდებიან

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი არიენ რობენი შესაძლოა ზაფხულში ტოკიოს ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Goal იუწყება და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, იაპონური კლუბი რობენს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. 35 წლის ჰოლანდიელს ბავარიელებთან კონტრაქტი სეზონთან ერთად უსრულდება, მის გახანგრძლივებას კი არ აპირებს.

წერენ, რომ რობენის ოჯახს იაპონიაში გადასვლის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს

ტოკიოში რობენის შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. 

არიენ რობენმა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დაემშვიდობებოდა. ამასთან, ფეხბურთელმა არც კარიერის დასრულების შესაძლებლობა გამორიცხა.

მოგვიანებით მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რობენის აგენტებმა ნახევარმცველი მილანის ინტერს შესთავაზეს. ასევე დაიწერა პსვ-ის ინტერესის შესახებაც. 

რობენი მიუნხენური კლუბის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და ამ ხნის განმავლობაში 7-ჯერ ბუნდესლიგის ჩემპიონი, 4-ჯერ კი გერმანიის თასის მფლობელი გახდა. ამასთან, არიენმა ბაიერნთან ერთად ჩემიონთა ლიგაში, უეფას სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა.

რაც შეეხება რობენის სავარაუდო მომავალ კლუბს, ტოკიომ იაპონიის გასულ ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. 

J-ლიგაში ევროპული ფეხბურთის არაერთი ყოფილი ვარსკვლავი უკვე გამოდის - წარსულში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები: ანდრეს ინიესტა, ფერნანდო ტორესი და დავიდ ვილია, ასევე გერმანიის ნაკრების ექს-თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი.

არიენ რობენს ჰოლანდიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლი (2010) და ბრინჯაო (2014) აქვს მოპოვებული, ასევე ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე (2004). მის ანგარიშზე 96 მატჩში 37 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები