Thumbnail

ხელბურთი: საქართველოს ნაკრების დასანანი მარცხი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.
  • საქართველო 21:24 ლატვია.
  • 13 იანვარს: საქართველო V ლიტვა.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა და ლატვიასთან დაძაბულ ბრძოლაში 21:24 დამარცხდა. სანამ მატჩის შესახებ ვიტყოდეთ, აღვნიშნოთ, რომ ჯგუფში 4 გუნდია, მომდევნო ეტაპზე, მხოლოდ ერთი გუნდი გააღწევს, თამაშები კი კლაიპედაში ტარდება. საქართველოს და ლატვიის გარდა, მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის ლიტვა და ისრაელი იბრძვიან.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა ახალი მწვრთნელის, მაკედონიელი დონე ბოშკოვსკის ხელმძღვანელობით და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტ ლატვიას. 

გუნდები გოლს გოლით პასუხობდნენ და მთელი თამაში დაბაძულ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც ლატვიელები სამი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა ქართველებმა მკვეთრად მიუმატეს და პირველი ნახევარი 12:11 მოიგეს.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ერთი ხანობა ქართველი ხელბურთელები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ ლატვიელებმა აღადგინეს წონასწორობა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როდესაც ბალტიისპირელებმა 3-ბურთიანი ფორა მოიპოვეს და მიიყვანეს კიდეც მატჩი გამარჯვებამდე.

საქართველოს ნაკრების რიგებში ბრწყინვალედ წარმოჩინდა 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც ამ დონეზე პირველად ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. გამოცდილმა ირაკლი ჩიქოვანმა 6-ჯერ გაუტანა მეტოქეს. ძალიან კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე შოთა თევზაძემ, რომელმაც 15 ბურთი მოიგერია და ექვსიდან მხოლოდ ერთი 7-მეტრიანი გაუშვა.

შოთა თევზაძემ ლატვიასთან ბრწყინვალედ ითამაშა  

საქართველოს ნაკრების რიგებში ბრწყინვალედ წარმოჩინდა 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც ამ დონეზე პირველად ითამაშა და 7 გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, 20.00 საათზე ლიტვის წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები