Thumbnail

ანტონიო კონტე იტალიაში ბრუნდება - მოლაპარაკება დაწყებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 49 წლის მწვრთნელი სამუშაოს შესაძლოა ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს
  • მილანის ინტერის ხელმძღვანელობა ლუჩანო სპალეტისთან გამოთხოვებას აპირებს
  • კონტესთან მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანი ჯუზეპე მაროტას ფაქტორი იქნება  

იუვენტუსის, ჩელსისა და იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ლონდონელებთან გამომშვიდობების შემდეგ, აქამდე უმუშევარია და ამა თუ იმ კლუბში მის მოსალოდნელ დანიშვნაზეც სპეკულაციები ხშირად ჩნდება. ბოლო ინფორმაციით კი, სპეციალისტი სამუშაოს შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ, მილანის ინტერში დაუბრუნდეს.
 
იტალიური მედიის ცნობით, ‘ნერაძურის’ ხელმძღვანელობა ამჟამინდელ მწვრთნელთან ლუჩანო სპალეტისთან გამოთხოვებას ზაფხულში აპირებს. სპალეტიმ გუნდი ვერც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა და ვერც იუვენტუსთან ახერხებს საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლას, შედეგად, მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ლუჩანო სპალეტი გუნდს დიდი ალბათობით ზაფხულში დაემშვიდობება

49 წლის კონტესა და მილანის ინტერს შორის შეთანხმების მიღწევაში თავისი წვლილი შესაძლოა კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შეიტანოს, რომელიც სპეციალისტს იუვენტუსში ერთად მუშაობიდან კარგად იცნობს.

მილანის ინტერს 21 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია, ლიდერ იუვენტუსს კი 19 ქულით ჩამორჩება.

ანტონიო კონტემ ლონდონის ჩელსი 2018 წლის ივნისში დატოვა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდს ჩემპიონობა (2016/17) და ინგლისის თასი (2017/18) მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები