Thumbnail
  • ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფით ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთ ლეგენდას გადაასწრო
  • სად არის მისი ადგილი ყველა დროის საუკეთესოებს შორის?
  • ვინ არის ისტორიაში პირველი? გთავაზობთ Top 15-ს

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი სამ სეტში დაამარცხა, ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეების დუელი იყო. მათ ერთად დიდი სლემის 32 ტურნირი (!) აქვთ მოგებული.

სერბმა, ყველასათვის მოულოდნელად, ესპანელს ძალიან ადვილად მოუგო და გაამძაფრა დისკუსიები იმის შესახებ, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთის ისტორიაში. მაინც სად არის ნოლეს ადგილი?

ყველა დროის 15 საუკეთესო ჩოგბურთელი

მე-15 ადგილი: ჯონ დონალდ (დონ) ბაჯი - 6 დიდი სლემი

ამერიკელი 1938 წელს პირველი ჩოგბურთელი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც ერთ წელიწადში ოთხივე დიდი სლემი მოიგო. საერთო ჯამში მის აქტივში დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ 6 ტრიუმფია, რაც განუმეორებელი შედეგია. ბაჯი 5 წლის მანძილზე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი. მისი ბექჰენდი ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.

მე-14 ადგილი: როი ემერსონი - 12 დიდი სლემი

ავსტრალიელს 12 დიდი სლემი აქვს მოგებული და ამ მხრივ ყველა დროის რეიტინგში მე-5 ადგილზეა. ემერსონი ერთადერთი კაცია, რომელსაც დიდი სლემის ტურნირებზე, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში ყველა ტიტული მოგებული აქვს. მოყვარულის რანგში მას, Open Era-მდე ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ლეივერთან და გონსალესთან თამაში არ უწევდა. 

მე-13 ადგილი: ბორის ბეკერი - 6 დიდი სლემი

გერმანელმა ვუნდერკინდმა 1985 წელს უიმბლდონის მოგებით მთელი მსოფლიო გააოცა. ამას მოჰყვა კიდევ ორი ტრიუმფი “თავის სახლში” (როგორც ბორისი უიმბლდონის ღია პირველობას უწოდებდა) და 3 გამარჯვება დიდი სლემის ტურნირებზე - მელბურნში (2) და ნიუ იორკში. ბეკერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი 12 კვირა იყო.

მე-12 ადგილი: პანჩო გონსალესი - 2 დიდი სლემი

ამერიკელი 1954-დან 60-იანი წლების შუა პერიოდამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა. მას არ გაუმართლა იმაში, რომ პროფესიონალის რანგში, Open Era-მდე, დიდი სლემის ტურნირებზე ვერ თამაშობდა. გონსალესმა 43 წლის ასაკში მოიგო პროფესიონალური ტურნირი. უფრო ახალგაზრდა ემერსონი მას ვერ უგებდა, რაც გონსალესის თამაშის ხარისხზე მეტყველებს.

მე-11 ადგილი: კენ როზუოლი - 8 დიდი სლემი

ავსტრალიელი Open Era-დან დიდი სლემის ტურნირის პირველი გამარჯვებულია (საფრანგეთის ღია პირველობა 1968). ერთადერთი დიდი სლემი, რომელიც მან ვერ მოიგო, უიმბლდონია - არადა, 5-ჯერ იყო ფინალში. როზუოლი წყვილებშიც შესანიშნავად თამაშობდა, რაზეც დიდი სლემის 9 ტიტული მიუთითებს.

მე-10 ადგილი: ანდრე აგასი - 8 დიდი სლემი

ჩოგბურთის ისტორიაში სულ 8 ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ოთხივე დიდი სლემი მინიმუმ ერთხელ მოგებული აქვთ და ერთ-ერთი სწორედ ამერიკელი ანდრე აგასი გახლავთ. საერთო ჯამში მან 60 ტურნირი მოიგო, ოლიმპიურ ოქროსაც დაეუფლა და 100 კვირაზე დიდხანს იყო პირველი ჩოგანი. ჩოგბურთის ბევრი მოყვარულის აზრით, აგასის ყველა დროის საუკეთესო მიღება ჰქონდა - მინიმუმ მანამდე, სანამ ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოჩნდა.

მე-9 ადგილი: ჯონ მაკინროი - 7 დიდი სლემი

ლეგენდარულია არა მარტო მისი განრისხებები, არამედ მისი მტრობა ბორგთან, რომელთანაც ახლა მეგობრობს. მაკინროი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია მათ შორის, ვისაც ჩოგბურთი უთამაშია. თუკი ერთეულთა და წყვილთა თანრიგში ყველა ტიტულს შევუჯამებთ, ამერიკელს ჯამში 155 თასი აქვს, რაც რეკორდია.

მე-8 ადგილი: ივან ლენდლი - 8 დიდი სლემი

ლენდლი 19-ჯერ იყო დიდი სლემის ტურნირების ფინალში. ჩეხი საერთო ჯამში 270 კვირის მანძილზე ლიდერობდა მსოფლიო რეიტინგს და ერთეულთა თანრიგში 98 ტიტული მოიგო. მასტერსებზე მის აქტივში 5 ტრიუმფია. ისევე, როგორც როზუოლმა, უიმბლდონის ღია პირველობა ვერც მან მოიგო. 1986 წელს ფინალში მან ბორის ბეკერთან წააგო.

მე-7 ადგილი: ჯიმი კონორსი - 8 დიდი სლემი

ჩოგბურთი პროფესიულ დონეზე 25 წელი ითამაშა და ერთეულთა თანრიგში 109 ტიტული მოიგო, რაც Open Era-ში დღემდე რეკორდია. ამერიკელი ისეთივე ბრაზიანი იყო, როგორც მისი თანამემამულე მაკინროი. ზედიზედ 5 წლის მანძილზე კონორსი სეზონს რეიტინგის ლიდერის რანგში ამთავრებდა.

მე-6 ადგილი: ბიორნ ბორგი - 11 დიდი სლემი

მიუხედავად საკმაოდ მოკლე კარიერისა, ბორგმა 11 დიდი სლემი მოიგო. 6 ტიტულით სწორედ შვედი იყო პარიზის მეფე მანამდე, სანამ რაფაელ ნადალი მოვიდა. ბორგი ბალახზეც შესანიშნავი იყო - მან უიმბლდონი 5-ჯერ მოიგო. დიდ სლემებზე თამაშების თითქმის 90 პროცენტი მოგებული აქვს, რაც ყველა დროის საუკეთესო ბალანსია. მან დიდი სლემის 27 ტურნირზე იასპარეზა და 11 მოიგო (41 პროცენტი).

მე-5 ადგილი: პიტ სამპრასი - 14 დიდი სლემი

90-იან წლებში პიტ სამპრასი უიმბლდონზე დომინირებდა (6 ტრიუმფი). ბადესთან თამაშის დიდოსტატმა, Serve-and-Volley-სპეციალისტმა მხოლოდ რონალ გაროსი ვერ მოიგო. 64 მოგებული ტურნირით ამერიკელი 286 კვირის განმავლობაში იყო პირველი ჩოგანი და 14 დიდი სლემის მოგებით ახალი რეკორდი დაამყარა, რომელიც შემდეგ როჯერ ფედერერმა დაამხო.

მე-4 ადგილი: როდ ლეივერი - 11 დიდი სლემი

როჯერ ფედერერის მისაბაძი მაგალითი სწორედ ავსტრალიელია. მისი რამდენიმე რეკორდი დღემდე მიუღწეველია: ლეივერმა ერთეულთა თანრიგში დაახლოებით 200 ტიტული მოიგო (მხოლოდ 52 შევიდა ATP-სტატისტიკაში). ერთადერთია, ვინც ერთ წელიწადში ოთხივე დიდი სლემი მოიგო და ეს მიღწევა 7 წლის შემდეგ გაიმეორა. პროფესიონალის რანგში ის რამდენიმე წელი დიდი სლემის ტურნირებზე ვერ თამაშობდა, თორემ დიდი ალბათობით, 20-ზე მეტი ტიტული ექნებოდა.

მე-3 ადგილი: ნოვაკ ჯოკოვიჩი - 15 დიდი სლემი

ახლახან დასრულებული ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით მან პიტ სამპრასს გადაასწრო. 2016 წელს როლან გაროსზე ტრიუმფით მან მეოთხე დიდი სლემიც მოიგო. ჯოკოვიჩი ერთადერთია, ვისაც მასტერსის სერიის ყველა ტურნირი მოგებული აქვს. ATP-Tour-ის ტურნირებისა და დიდი სლემის ტურნირებზე წარმატებებით ის მხოლოდ ფედერერს და ნადალს ჩამორჩება.

მე-2 ადგილი: რაფაელ ნადალი - 17 დიდი სლემი

32 წლის ესპანელი თიხნარის მეფეა - გრუნტზე მას 57 ტურნირი აქვს მოგებული. 2005 წლის აპრილიდან 2007 წლის მაისამდე ნადალმა თიხნარზე ზედიზედ 81 მატჩი არ წააგო! თუმცა, რაფა მხოლოდ გრუნტზე როდია ძლიერი - მან ჰარდზე და ბალახზეც ერთზე მეტი დიდი სლემი მოიგო. პლუს 4 დევისის თასი ესპანეთთან ერთად და ოლიმპიური ოქრო.

პირველი ადგილი: როჯერ ფედერერი - 20 დიდი სლემი

შვეიცარიელი ერთადერთია, რომელმაც 3-ჯერ მოიგო სეზონში 3 დიდი სლემი. ფედერერს უიმბლდონი 8-ჯერ აქვს მოგებული და ერთპიროვნული რეკორდსმენია. არცერთი სხვა მოთამაშე არ ყოფილა მასზე დიდხანს რეიტინგის ლიდერი - როჯერი პირველი ჩოგანი 310 კვირის განმავლობაში იყო. ერთი ეგაა, რომ ფედერერს ნადალთან და ჯოკოვიჩთან ნეგატიური ბალანსი აქვს, თუმცა ისინი მასზე გაცილებით ახალგაზრდებიც არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები