- გიორგი შერმადინის უნიკახა ბარსელონასთან დამარცხდა
- შენგელიასა და ჯენინგის ბასკონიამ ობრადოიროს მოუგო
- ბურჯანაძის გიპუსკოამ მე-15 მატჩი წააგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახა ბარსელონას ესტუმრა და 11 ქულით წააგო - 83:94. პირველი ტაიმი ფრედ, 41:41 დასრულდა, რის შემდეგაც მასპინძლებმა მესამე პერიოდში 7 ქულით მოიგეს და მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანეს. ბარსელონას 32 ქულა აქვს და ლიგა ენდესას ლიდერია. უნიკახა მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.
გიორგი შერმადინმა 24:14 წუთში 8 ქულასა და 8 მოხსნასა მოუყარა თავი. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 6-ჯერ საკუთარ ფარზე და 2-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა. შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე, მე-19 ტურში, მეორე ადგილზე მყოფი მადრიდის რეალი იქნება.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბარსელონასა და უნიკახას მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. მალაგაში 2 წლის ხულენი ასმეტრიან ჭაში ჩავარდა. ორდღიანი ძიების შემდეგ, მაშველებმა ის გარდაცვლილი იპოვეს.
თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ობრადოიროს მოუგო. ვიტორიელებმა მეტოქეს 9 ქულით აჯობეს - 72:63. მეტ ჯენინგმა ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 16 ქულა ჩააგდო!
ჯენინგმა 29:48 წუთში 10-დან 4 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბასკონია მე-3 ადგილზეა 26 ქულით და მომდევნო ტურში გრან კანარიას შეხვდება.
ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ სეზონში მე-15 მატჩი წააგო. სან სებასტიანელები სარაგოსასთან 5 ქულით დამარცხდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო 65:65 დასრულდა, ოვერტაიმში კი სარაგოსამ 13:8 იმარჯვა.
ბექამ 29:25 წუთში 3-დან ერთი ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 3-დან ორი საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 6 მოხსნა და ერთი გადაცემაც მიითვალა. გიპუსკოას 18 ტურში 3 მოგება და 15 მარცხი აქვს. ბურჯანაძის გუნდი ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსს შეხვდება, რომელსაც პირველ წრეში 92:83 მოუგო.
კომენტარები