Thumbnail

ტრანსფერი | ალვარო მორატა მადრიდშია! ესპანელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ალვარო მორატა მადრიდში ჩავიდა და პირველი კომენტარები გააკეთა
  • ტრანსფერი ოფიციალურად ორშაბათს უნდა დადასტურდეს

ალვარო მორატა ერთ დროს მადრიდის ატლეტიკოში თამაშობდა. ეს ადრე იყო - მაშინ ესპანელი თავდამსხმელი ბავშვი გახლდათ, მერე კი ატლეტიკოს მტერ რეალში გადავიდა, სადაც ტოპ-ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ახლა კი, 26 წლის თავდამსხმელი ისევ ატლეტიკოში ბრუნდება.

ალვარო მორატა კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს

მორატა ესპანეთის დედაქალაქში შაბათს ჩავიდა და კვირას ატლეტიკოში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, მადრიდული და ლონდონური გრანდები ტრანსფერს ორშაბათს დაადასტურებენ. “მარკა” წერს, რომ ატლეტიკომ მორატა 18 თვით ინათხოვრა და მისი შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო.

“მადრიდში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ამ დღეს დიდხანს ველოდი. ძალიან მოტივირებული ვარ და პირველ ვარჯიშს მოუთმენლად ველოდები,” - განაცხადა მორატამ მადრიდში ჩასვლისას.

აღსანიშნავია, რომ მორატას დაბრუნებამ ატლეტიკოს ყველა გულშემატკივარი არ გაახარა. ფანების გარკვეული ნაწილი ტრანსფერს აპროტესტებს, რადგან მორატა წლების მანძილზე რეალის ფორვარდი იყო.

მარჯვნივ: ალვარო მორატა ატლეტიკოს ფორმით

“ლოგიკურია, რომ ყველას არ გაუხარდა. მთავარი ის არის, რომ ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ყველაფერი ატლეტიკოში დავიწყე, ადამიანებმა იციან ჩემი ისტორია და ისიც, თუ რას ნიშნავს ეს კლუბი ჩემთვის,” - დასძინა მორატამ, რომლის გადაბირება მიუნხენის ბაიერნსაც სურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები