Thumbnail

დიდი მატჩების მოლოდინში - ფუტსალის ნაკრები შესარჩევისთის ემზადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრების შესარჩევს 30 იანვარს იწყებს
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი გერმანიას, ისრაელს და დანიას შეხვდება
  • მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც დანიას, გერმანიას და ისრაელს გაუწვს კონკურენციას. ჯგუფური ეტაპის მასპინძელი თბილისი იქნება, მატჩები კი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 30 იანვარს გამართავს და გერმანიას დაუპირისპირდება. 31 იანვარს ასათიანის გუნდი ისრაელს შეხვდება, ხოლო 2 თებერვალს დასკვნით პაექრობაში დანიას უმასპინძლებს. სამივე მატჩი 20:30 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საინტერესო ვიდეო მოამზადა, სადაც საქართველოს ფუტსალის ნაკრებზეა ლაპარაკი, კითხვებს კი ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი პასუხობს…

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველ მატჩს 30 იანვარს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს

“ნახევარზე მეტს არ სჯეროდა ის, თუ სად ვიყავით. ამისთვის დიდი შრომა და ფსიქოლოგიური მომზადება დაგვჭირდა. ნახევარი ნაბიჯი დაგვაკლდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით. მატჩიდან მატჩამდე რწმენა გვემატებოდა და ბოლო მომენტში გავტყდით, როდესაც ეს არ უნდა მომხდარიყო. ზოგი ჭირი მარგებელია და ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა”. - ასე გაიხსენა ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპები დაძლია და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. ის ერთი ნაბიჯი პლეი ოფში რუმინეთის ძლევა იყო, თუმცა ორმატჩიან დუელში გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა.

ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე

ავთანდილ ასათიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლზეც ისაუბრა:“”მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. სამი ეტაპი უნდა გადალახო, რომ მიზანს მიაღწიო. მზად ვართ სამუშაოდ, გათავისებული გვაქვს რა საქმეა გასაკეთებელი და თავი გვაქვს გადადებული დასახული მიზნისთვის”.

ნახევარი ნაბიჯი დაგვაკლდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით

ასათიანმა ფუტსალი ჭადრაკს შეადარა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ბრაზილიელებზე ისაუბრა: “ფუტსალს ჭადრაკს შევადარებდი, რადგან თითქმის ყველა მოძრაობა, ყველა სტანდარტი, ყველა სვლა წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ 3 ბრაზილიელი გვყავს გუნდში და არა 4, რადგან რონინიო ჩვეულებრივი ქართველია. ჯერ კიდევ იბერიაში თამაშობდა და დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობს. ურთიერობაშიც ჩვეულებრივი ქართველია და არაფერში ეტყობა რომ ის ბრაზილიელია. თვითონ ამბობს, რომ ქართველია და კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოში აპირებს ცხოვრებას”.

ჩვენ 3 ბრაზილიელი გვყავს გუნდში და არა 4, რადგან რონინიო ჩვეულებრივი ქართველია

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ეს თემა კიდევ უფრო განავრცო: “ის, რომ ბრაზილიელები ჩვენთან თავს კარგად გრძნობენ, ამაში ბიჭების როლი ძალიან დიდია. ჩვენ რომ ცივი ხალხი ვიყოთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ერთ მაგალითს მოვიყვან: სიმი საიოტი რომ ჩამოვიდა, გაოცებული იყო. ბიჭებმა ვაიბერით გაიცნეს მისი ბავშვი და შემდეგ ამბობდა, ამდენი წელი ვითამაშე რუსეთში და არც კი იციან, რომ შვილი მყავსო. ბრაზილიელები ამბობენ, გვგონია, რომ წლებია საქართველოში ვცხოვრობთო”.

ავთანდილ ასათიანის თქმით, რონინიო თავს ქართველად მიიჩნევს

ავთანდილ ასათიანმა გულშემატკივრების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა: “ბიჭებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არ უნდა გაკვირვებოდათ, როდესაც მათ თამაშებზე გულშემატკივარი არ დადიოდა. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ქომაგების მხარდაჭერა თავიანთი თამაშით უნდა მოეპოვებინათ. ამ განწყობით გავდიოდით ყველა თამაშზე იყო ეს ამხანაგური, თუ ოფიციალური. და მახსოვს, შვეიცარიასთან თამაში იყო, როდესაც გამოვდიოდით თბილისის ოლიმპიური სასახლის მოედანზე და დავინახეთ გადაჭედილი ტრიბუნები. 5 500 კაცი იყო მოსული და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რეკორდი დამყარდა. მაშინ ვუთხარი ბიჭებს, რომ დადგა ის მომენტი, რისთვისაც ვშრომობდით. ძალიან მაგარი ქომაგობა იყო და სასწაული ატმოსფერო. გულშემატკივრების მხარდაჭერა ფეხბურთელის შესაძლებლობებს 30%-ით ზრდის”.

გულშემატკივრების მხარდაჭერა ფეხბურთელის შესაძლებლობებს 30%-ით ზრდის

ბოლოს, ავთანდილ ასათიანმა სწორედ გულშემატკივრებს მოუწოდა მხარდაჭერისკენ, წინ ხომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებია: “თუ თამაშში ბოლომდე არ დაიხარჯე, გულშემატკივარი მეორედ აღარ მოვა. ეს კარგად გვაქვს გათავისებული. მინდა ვთხოვო ქომაგებს, რომ მოვიდნენ და დაუდგნენ გვერდში საქართველოს ნაკრებს. გულშემატკივრის როლი წარმატებაში ძალიან დიდია”. 

კომენტარები

ბოლო ამბები