Thumbnail
  • ფაბიო კვალიარელამ ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა
  • ვეტერანი იტალიელი ბატისტუტას რეკორდს ემუქრება

სამპდორიასა და უდინეზეს მატჩის 33-ე წუთზე განსაკუთრებული ამბავი მოხდა: გენუელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა ფაბიო კვალიარელამ პენალტით ანგარიში გახსნა და ლეგენდარული არგენტინელი გოლეადორის, გაბრიელ ბატისტურას რეკორდი გაიმეორა. 35 წლის თავდამსხმელს ახლა უკვე სერია A-ს ზედიზედ 11 მატჩში აქვს გოლი გატანილი - “ბატიგოლმა”, რომელიც ახლა 49 წლისაა, ასეთივე შედეგი 1994/95 წლების სეზონში აჩვენა, როცა ფიორენტინას ფორმით პირველ 11 ტურში გაჰქონდა. აღსანიშნავია, რომ უდინეზესთან კვალიარელამ მეორე პენალტიც გაიტანა და დუბლი შეასრულა, სამპდორიამ კი თამაში 4:0 მოიგო და ცხრილში მე-5 ადგილზეა.

კვალიარელას იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 16 გოლი აქვს, ბომბარდირთა რეიტინგში პირველ ადგილზეა  და კრიშტიანო რონალდოს 2 გოლით უსწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგ ფორვარდად მიიჩნეოდა, ფაბიო კვალიარელას ასეთი შედეგი მაინც სიურპრიზია, რადგან ის არასდროს ყოფილა სუპერვარსკვლავი. კვალიარელას იტალიის ნაკრებში მხოლოდ 25 მატჩი აქვს ჩატარებული. 31 დღეში იტალიელი 36 წლის ხდება!

ბატისტუტას რეკორდის დამხობა და ერთპიროვნული რეკორდსმენის წოდების განაღდება ფაბიოს სერია A-ს მომდევნო ტურში შეუძლია, როცა სამპდორია ნაპოლის ესტუმრება. სხვათა შორის, 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის აგვისტომდა კვალიარელა ნაპოლის ღირსებას იცავდა. მისი კარიერის პიკი კი იუვენტუსი იყო, სადაც 2010-დან 2014 წლამდე თამაშობდა და 84 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

📺 ვიდეო: სამპდორია 4:0 უდინეზე

კომენტარები

ბოლო ამბები