Thumbnail

ეს დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა - eSports კომენტატორის Twitter ამბავი

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ნეით პატრიკი EA FIFA-ს კომენტატორი და ფეხბურთის დიდი მოყვარულია
  • მისი მშობლები ლონდონში ცხოვრობენ და თავს საოცარი ისტორია გადახდათ

საფეხბურთო სიმულატორ EA FIFA-ს ავსტრალიელი კომენტატორი ნეით პატრიკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე საინტერესო ამბავს გვიზიარებს. ისტორია კი ზუსტად ამ სიტყვებით იწყება - 'ეს დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა' (ორიგინალი ვერსიისთვის შეგიძლიათ ბმულზე გადახვიდეთ). 

ნეითის ტვიტი

დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა. რაც თავი მახსოვს, სპორტი ძალიან მიყვარს. ვთამაშობდი, ვუყურებდი და ა.შ. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ჩემს ოჯახის წევრებს ეს სფერო დიდად არ აინტერესებდათ. ბებიაჩემს ჩოგბურთი უყვარდა (ღმერთმა აცხონოს), მაგრამ სახლში ისეთი არავინ მყავდა, ვისთანაც სპორტზე ვისაუბრებდი, ან ერთად ვუყურებდით.

აწმყო - ფეხბურთი ჩემთვის ნომერი პირველი სახეობაა. ის ლამაზია - მარტივი, მაგრამ ამავდროულად რთული და მას მთელს მსოფლიოში თამაშობენ. მთელს მსოფლიოში! მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს,რომელშიც საფრანგეთმა ხორვატია დაამარცხა 3,572-მა მილიარდმა ადამიანმა უყურა.

ჩემს ოჯახში ვითარება არ შეცვლილა. ჩემი და და მისი ოჯახი თავისი საქმეებით არიან დაკავებული, ძმა გენიოსია, ხოლო მშობლები კი ინგლისში არიან, რადგან მამა პროექტზე მუშაობს. შიგადაშიგ ვცდილობდი, რომ ჩემი მშობლები სტადიონზე წასვლაზე და ფეხბურთის ყურებაზე დამეყოლიებინა, მაგრამ არ გამომივიდა. სიმღერიდან 'Coming Home' პირველი ორი ხაზი ისწავლეს, ეგეც რაღაცაა.

დღეს დილით კი გზავნილებმა გამაღვიძა - დედ-მამა მწერდა. ისინი მატარებელში ისხდნენ და მათ უკან ვიღაცები 'უნოს' თამაშობდნენ. ჩემი მშობლები რამდენჯერმე მიუტრიალდნენ, რადგან ხმაურით შეწუხდნენ. კი - ისინი კარტის თამაშისას გამოწვეული ხმაურითაც წუხდებიან, წარმოიდგინეთ მათი რეაქციები უემბლიზე.

ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ და ჩემს დედ-მამასთან ბოდიშის მოსახდელად და ფოტოს გადასაღებად მივიდნენ. მამას ესიამოვნა და ერთ-ერთ მათგანს ტელეფონი მისცა, რომ მანჩესტერიდან მიმავალ მატარებელში დედასთან ერთად სამახსოვრო ფოტო ჰქონოდა.

უცნობი მამას გაკვირვებული უყურებს და ფრანგული აქცენტით ეუბნება - 'არა, არა, არა. მე გკითხეთ ჩემთან ფოტოს გადაღება თუ გსურდათ, სერ?'. მამამ დედას გახედა და გაიფიქრა ამას თავი ვინ ჰგონიაო, მაგრამ ის საოცრად ზრდილობიანია და ფოტოზე დათანხმდა. 

წავიკითხე გზავნილები და მამა ფოტოსაც მიგზავნის - 'ნეითან, იქნებ იცოდე ეს ვინ არის?'.

ეს პოლ პოგბაა! (და ნემანია მატიჩი).

ჩემი მშობლები მანჩესტერ იუნაიტედის სრულ შემადგენლობასთან ერთად მგზავრობენ და აზრზე არ არიან, იმიტომ რომ - რა თქმა უნდა, არ არიან! მამაჩემმა პოლ პოგბას (!) სთხოვა მისი და დედაჩემის ფოტოს გადაღება! 'უნოს' ხმაურიანი მოთამაშეები, რომელიღაც უნივერსიტეტის სტუდენტები არ გამოდგნენ - ისინი სამყაროში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი წევრები არიან, ჩემო სულელო და საყვარლად უმეცარო ადამიანებო, რომლის პირდაპირი ნაშიერიც გახლავართ. 

ამ ამბიდან ერთი საათი იყო გასული, მაგრამ მე კვლავ გაბრაზებული და დაბნეული ვიყავი. მან ხომ საფრანგეთთან ერთად სულ მცირე ხნის წინ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რა თქმა უნდა ფრანგული აქცენტით ისაუბრებს.

ამ ამბის ნამდვილობის დასადასტურებლად 'სქრინშოთებიც' მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ცრემლებიც საკმარისია.

წითელი ნიანგის ტყავით გაკეთებული სამგზავრო ჩანთა არა? მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილ ოქროს მედალზე რას იტყვით?

მშობლები უკვე ძაღლის ფოტოს მიზიარებენ, რომელიც მატარებლიდან ჩამოსვლისას შეხვდათ - უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელეს. დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ. ფეხბურთი, არა?

ამბავს თავად პოლ პოგბაც გამოეხმაურა - 'ცუგას სიამოვნებით გავიცნობდი. შენს მშობლებს ჩემგან მოკითხვა გადაეცი'.

რაც მთავარია, ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს. მანჩესტერ იუნაიტედმა ნეითი მშობლებთან ერთად პერთთან ზაფხულში გასამართ საფეხბურთო შეხვედრაზე დაპატიჟა, სადაც FIFA 19-ის კომენტატორი საკუთარი კუმირების ცოცხლად ხილვას და გაცნობას მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები