Thumbnail
  • 📅 27 იანვარი | ⌚ 23:30 | ⚽ მილანი V ნაპოლი
  • რომაელები იუვენტუსს აჩერბის გარეშე ხვდებიან
  • ტურინელები დედაქალაქში მოსაგებად ჩადიან

იტალიელებმა საინტერესო ბოლოსთვის შემოინახეს - 21-ე ტური რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე", ცენტრალური მატჩით დასრულდება. ლაციოს დედაქალაქში ქვეყნის ჩემპიონი და ლიდერი იუვენტუსი ესტუმრება. საკითხავია, შეძლებს სიმონე ინძაგის გუნდი ჩემპიონატში უძლეველ "ბებერ ქალბატონს" პრობლემები შეუქმნას და პირველი მარცხი აგემოს?

ლაციო

იმობილე ყურადღების ცენტრში იქნება - სერია A-ს 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა

ზოგადად კი, ლაციო საკუთარ თავს არ ღალატობს, ცუდი გაგებით. როგორც უწინ, ინძაგის შეგირდები ვერაფრით ახერხებენ იტალიური პირველობის ლიდერების დამარცხებას.

გასულ ტურში რომაელები ნეაპოლს ესტუმრნენ, სადაც მოგება ისედაც რთულია, თუმცა ანჩელოტის ლიდერები აკლდნენ და ისე ჩანდა, ლაციოს ამით უნდა ესარგებლა, მაგრამ მაინც არა - მორიგი 1:2.

ეს მარცხი უმალ აისახა სატურნირო ცხრილზე. ლაციოს კონკურენტებმა, მილანმა და რომამ მოიგეს და "ბიანკოჩელესტიც" მეოთხედან მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.

და კიდევ, ნაპოლისთან ლაციოს დაცვის ერთ-ერთი ბურჯი ფრანჩესკო აჩერბი გაუძევეს, რომელიც ავტომატურად გამოტოვებს ჩემპიონთან მნიშვნელოვან მატჩს. სიმონე ინძაგის ტურინელთა წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო, დაცვის ხაზის კიდევ ერთი მოთამაშე, ადამ მარუშიჩიც დააკლდება და რონალდოსა და დიბალას შეჩერება რომაელთა მწვრთნელისთვის მთავარი თავსატეხი იქნება.   

იუვენტუსი

კრიშტიანომ მადრიდი მოიარა და ვარჯიშს ჩვეული შემართებით დაუბრუნდა

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თავისი შეხვედრა ორშაბათს, კიევოსთან გამართა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად მოიგო. ტურინულ გუნდში პირველი გოლი ემრე ჯანმა მიითვალა, რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელმა 11 მეტრიდან სტეფანო სორენტინოს ვერ გაუტანა. 

გამორიცხული არაა, კრიშტიანოს ხელს მომავალ სასამართლოზე ფიქრიც უშლიდა, რომელიც გადასახადების დამალვის გამო მადრიდში ელოდა. მოგვიანებით იუვეს ლიდერმა ესპანურ კანონმდებლობასთან პრობლემები მაინც მოაგვარა. მართალია, ეს თითქმის ორწლიან პირობით პატიმრობად და მრავალმილიონიან ჯარიმად დაუჯდა, მაგრამ რაც მთავარია, განაჩენის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა და ეს ალბათ ლაციოსთან მის თამაშზეც აისახება.

იუვენტუსს კი, რომელიც ბოლო დროს ფორმის პიკში აშკარად არაა, პორტუგალიელის სულიერი სიმშვიდე, თავდაჯერება და გოლები სჭირდება.

ლაციოსთან ტრავმების გამო ანდრეა ბარძალი და მარიო მანჯუკიჩი ვერ ითამაშებენ.

მასიმილიანო ალეგრის გეგმებში რომში წაგება არ ნამდვილად არ შედის

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსისა და ლაციოს ბოლო 60 დაპირისპირებაში უპირატესობა ტურინელებს აქვთ: 33 მოგება, 12 ფრე, 15 მარცხი. ბურთები: 97:61.

⚽ იუვეს უპირატესობა აქვს მხოლოდ რომში ჩატარებულ მატჩებშიც: 15 მოგება, 5 ფრე და 7 მარცხი. ბურთები: 35:25.

⚽ ყველა ტურნირში ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში სამჯერ იუვენტუსმა მოიგო, ორჯერ - ლაციომ. ბოლო მატჩი ტურინელებმა შინ ანგარიშით 2:0 მოიგეს.

⚽ ტურინის იუვენტუსმა და რომის ლაციომ ჩემპიონატში ფრედ ბოლოს ხუთი წლის წინ, 2014 წლის იანვარში ითამაშეს - რომში მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

⚽ იტალიის ჩემპიონატში მასიმილიანო ალეგრის გუნდის წაუგებელი სერია 24 შეხვედრას ითვლის.

⚽ იუვეს სტატისტიკა სტუმრად: 8 მოგება, 1 ფრე და არცერთი მარცხი. ბურთები: 19:6. ბუნებრივია, ეს ლიგაში საუკეთესო შედეგია.

⚽ ტურინის იუვენტუსმა სტუმრად გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

 ⚽ ლაციოს საკუთარ კედლებში ზედიზედ ხუთი მატჩია არ წაუგია. მიმდინარე ჩემპიონატში რომაელები შინ სულ ორჯერ, ნაპოლისა (1:2) და ინტერთან (0:3) დამარცხდნენ. 

⚽ შარშანდელთან შედარებით, ლაციო ნაკლებს იტანს. 29 გოლი მერვე მაჩვენებელია ლიგაში, გაშვებული 23 გოლი კი - მეშვიდე.

⚽ ლაციოს სტატისტიკა საკუთარ კედლებში: 5 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხია, ბურთები - 18:12. შინ მოპოვებული 18 ქულა მეექვსე შედეგია ლიგაში.

⚽ იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ნაკლებს უშვებს - 11, ხოლო გატანილი გოლებით (41) კი მხოლოდ ატალანტას ჩამორჩება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბაშტუში, უოლესი, რადუ - გაბარონი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლეივა, პაროლო, ლულიჩი - ალბერტო - იმობილე.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დი შილიო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ჯანი, ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, რონალდო, კოშტა.

კომენტარები

ბოლო ამბები