Thumbnail

AO | ნაომის ზედიზედ მეორე მეიჯორი - ოსაკამ პეტრა კვიტოვას მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაომი ოსაკა - პეტრა კვიტოვა 7:6 (7:2), 5:7, 6:4
  • 21 წლის იაპონელმა ზედიზედ ორი დიდი სლემი მოიგო
  • კვირას მელბურნში ვაჟთა ტურნირის ფინალი გაიმართება

იაპონელმა ნაომი ოსაკამ (4) ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირი მოიგო. 21 წლის ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში ჩეხ პეტრა კვიტოვას (6) სამ სეტში მოუგო. ორშაბათს, WTA-ს განახლებულ რეიტინგში ნაომი პირველი ნომერი იქნება, პეტრა კი - მეორე. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი 4,1 მილიონ დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი კი - 2,1 მილიონს.

ნაომი ოსაკა გახდა პირველი ჩოგბურთელი ბოლო 18 წლის განმავლობაში, ვინც კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირზე სადებიუტო გამარჯვების შემდეგ, მომდევნო "მეიჯორიც" მოიგო. შეგახსენებთ, რომ იაპონელმა შარშან აშშ-ის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსს აჯობა.

ოსაკასა და კვიტოვას მატჩის საინტერესო ხედი

"მივულოცავ პეტრას, ყოჩაღ! ეს უმძიმესი მატჩი იყო, რომელიც ჩემთვის გაკვეთილი იქნება. მადლობა მაყურებლებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა. შევეცადე, მეჩვენებინა ყველაფერი, რაც შემიძლია. პუბლიკის წინაშე გამოსვლა ჩემი ძლიერი მხარე არაა. არ მეგონა, თუ ტურნირს გამარჯვებით დავასრულებდი. რა თქმა უნდა, გამარჯვებულის წარმოსათქმელი სიტყვა მომზადებული მქონდა, მაგრამ თავიდან ბოლომდე დამავიწყდა… მადლობა ყველას", - თქვა 21 წლის იაპონელმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

ასე ქომაგობდნენ ნაომის თანამემამულეები მელბურნში

მელბურნის კორტზე ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდნენ. ოსაკას მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 5:3 იყო, სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ ხუთი გათამაშება და ოთხი გეიმი დათმო. მთლიანად შეხვედრამ 2 საათსა და 30 წუთს გასტანა. ოსაკას ანგარიშზე 9 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა და 14-იდან 3 რეალიზებული ბრეიკ-პოინტი იყო. 28 წლის კვიტოვამ 5 ეისი მოაწოდა, ჰქონდა 4 ორმაგი შეცდომა და 10-იდან რეალიზებული 3 ბრეიკ-პოინტი.

ნაომის სიხარულის ცრემლი გამარჯვების შემდეგ

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის უწინდელი გამარჯვებული დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იყო.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟების ფინალი 27 იანვარს გაიმართება და მასში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები