Thumbnail

იქნებ ცოცხალია და შველა სჭირდება? ხალხი სალას ძიებისთვის ფულს აგროვებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სალას ახლობლები და კოლეგები საძიებო ოპერაციის შეწყვეტას აპროტესტებენ
  • არგენტინელის ძიების გასანახლებლად საფრანგეთში თანხის შეგროვება დაიწყეს
  • კარდიფი ნანტისთვის ფეხბურთელის ტრანსფერის თანხის გადახდას არ ჩქარობს

ლა მანშის სრუტეში გაუჩინარებული თვითმფრინავის ძიების პროცესი, რომლითაც კარდიფის ახალწვეული ემილიანო სალა საფრანგეთიდან უელსში მიემგზავრებოდა, შესაძლოა განახლდეს. საფრანგეთში დაიწყეს თანხის შეგროვება, რათა მაშველებმა და პოლიციამ დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის საძიებო ოპერაცია გაგრძელოს. 

მეტი ამ თემაზე: ემილიანო სალას თვითმფრინავის კატასტროფა - 4 ვერსია

თანხის შეგროვების დაწყებიდან ერთ დღეში, სპეციალურ ანგარიშზე 120 ათასი ევრო შეგროვდა. აქციაში მონაწილეობა ლიგა 1-ისა და სხვა ჩემპიონატების არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო.

ასევე შეიქმნა პეტიცია, რომელიც ძიების განახლებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის მას ხელი 80 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე მოაწერა.

ფრანგული ნანტის 28 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც ახლახან კონტრაქტი კარდიფთან გააფორმა, უელსში 21 იანვარს, კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა, თუმცა ადგილზე ჩასვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, საფრენი აპარატი რადარებიდან გაქრა.

მეტი ამ თემაზე: 'მაინც ვერ მიპოვით... მამა, მეშინია!' - სალას ბოლო სიტყვები თვითმფრინავიდან

საძიებო ოპერაციამ, რომელშიც შვეულმფრენები და გემებიც იყო ჩართული, შედეგი ვერ გამოიღო და 24 იანვარს პოლიციამ მისი დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მეტი ამ თემაზე: ემილიანო სალას ძებნა დასრულდა - პოლიციის უნუგეშო განცხადება

ეს პირველ რიგში სალას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გააპროტესტეს. 

"ვერ ვიჯერებთ, რომ პოლიცია საძიებო ოპერაციას ასრულებს. შეუძლებელია, თვითმფრინავი ასე უბრალოდ და უკვალოდ გაქრეს", - ამბობს ემილიანოს მამა.

ფეხბურთელის და, რომინა კი, რომელსაც სჯერა, რომ სალა ჯერ კიდევ ცოცხალია და შველა სჭირდება, ინტერნეტმომხმარებლებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რომ ძიება განახლდეს. 

ძიების გაგრძელებას ითხოვს სალას თანამემამულე ლიონელ მესიც:

"სანამ მცირე იმედი მაინც არსებობს, გთხოვთ, თუ შეიძლება, ნუ შეწყვიტავთ ემილიანოს ძებნას. ყველაფრით გვერდში ვუდგავარ მის ახლობლებსა და მეგობრებს".

კიდევ ერთი არგენტინელი, სერხიო აგუერო წერს:

"დანებება არ გვსურს და გვინდა გვჯეროდეს. სწორედ ამიტომ მეც მხარს ვუჭერ მოწოდებას, რომ არ შეჩერდეს ძებნა. როგორც პირველი დღიდან, ჩემი ფიქრი ახლაც ემილიანოსთან, მის ოჯახსა და მეგობრებს დატრიალებს".

ფეხბურთელის ძიების გაგრძელებას ითხოვს ნანტიც: 

"შევიტყვეთ, რომ ძიება დასრულდა. ეს დაუშვებელია. კლუბი და მისი გულშემატკივრები უპირობოდ მოვითხოვთ, რომ ის გაგრძელდეს".

თავის მხრივ, კარდიფ სიტი ნანტისთვის თავდამსხმელის ტრანსფერის თანხის - 20 მილიონი ევროს გადახდას არ ჩქარობს. უელსური კლუბი ჯერ გამოძიების დასრულებას და ოფიციალურ შედეგს ელოდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები