Thumbnail

მხარდაჭერა ზურაბ დათუნაშვილს - ადამიანები კაპიტანს სოლიდარობას უცხადებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ჭიდაობის სკანდალი გრძელდება და ახალ მასშტაბებს იძენს!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრმა ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა. ინიციატივა პირველად ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გაჩნდა. ეს არის ჯგუფი სახელწოდებით ‘თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება’, საიდანაც არაერთი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტივობები დაწყებულა.

განსაკუთრებული აქტიურობაა ინსტაგრამზე, სადაც ადამიანები საქართველოს ნაკრების 27 წლის კაპიტანს მხარდაჭერას უცხადებენ, ამხნევებენ და მიმართავენ, რომ ის არ არის მარტო. ზურაბ დათუნაშვილი მხარდამჭერებს აქტიურად ეხმაურება და მადლობას უხდის.

ზურაბ დათუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

ზურაბ დათუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

ზურაბ დათუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანერთს ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი ხვდებოდნენ. ორთაბრძოლის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მიანიჭა, რამაც დათუნაშვილის პროტესტი გამოიწვია. დარბაზში ვითარება დაიძაბა და დაპირისპირება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

16 იანვარს, მოჭიდავემ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგა გეგეშიძის გათავისუფლება მოითხოვა. დათუნაშვილის თქმით, გეგამ მას თავში ორჯერ ჩაარტყა რკინის ბლაგვი საგანი. ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების კაპიტანმა გეგეშიძე კორუფციაში და ფედერაციის დიქტატორულ მართვაში დაადანაშაულა.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი.

გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. გეგეშიძის დაკავებისთანავე, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა პროტესტის ნიშნად დატოვა დუშეთის საწვრთნელი შეკრება და ფედერაციის პრეზიდენტის მხარდაჭერის მიზნით, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა. მოჭიდავეებმა დაგმეს გეგეშიძის დაკავების ფაქტი და დასძინეს, რომ იქამდე არ გააგრძელებდნენ ვარჯიშს, სანამ გეგა ოჯახს არ დაუბრუნდებოდა.

24 იანვარს, სასამართლო სხდომამ გეგეშიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ამასთან, პროკურატურა დამატებით ვალდებულებას ითხოვდა, რაც გეგეშიძის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გულისხმობდა. პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე არა და შედეგად, გეგა გეგეშიძე ისევ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

კომენტარები

ბოლო ამბები