Thumbnail
  • 📅 26 იანვარი | ⌚ 23:30 | ⚽ მილანი V ნაპოლი
  • მილანს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრება სურს
  • ნეაპოლელებს ქულების დაკარგვის ფუფუნება არ აქვთ

სერია A-ს 21-ე ტურის გამორჩეული შეხვედრა შაბათს "სან სიროზე" გაიმართება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში აღზევებული მილანი ლიდერის კვალში ჩამდგარ ნაპოლის უმასპინძლებს. ჯენარო გატუზო თავის ყოფილი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გუნდთან შეეცდება, ცხრილში პოზიცია გაიმყაროს. 

მილანი

გატუზოს მწარე ხელი ანჩელოტის არაერთხელ მოხვედრია

მილანმა შუა კვირაში კშიშტოფ პიონტეკი გააფორმა, გონსალო იგუაინი კი ჩელსიში გაუშვა. "როსონერის" ქულები ძალიან სჭირდება და ისე ჩანს, რომ ჯენარო გატუზო პოლონელი ბომბარდირის გამოყენებას პირველივე მატჩებიდან გეგმავს. წინა ტურში, ჯენოასთან მოგების შემდეგ, მილანი მეოთხე ადგილზე აღზევდა, სადაც ალბათ დამკვიდრებაზეც ფიქრობს, მაგრამ ამისთვის გატუზოს სამუშაო ჯერ ბევრი აქვს.

პირველ წრეში მილანს კარგი შანსი ჰქონდა, ნეაპოლში სამი ქულა აეღო - "როსონერი" 53-ე წუთამდე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ სამი გაუშვა და წააგო.

ახლა მილანი საუკეთესო ფორმაში არაა, გოლის გატანა უჭირს, მაგრამ ქულებისთვის მაინც ბოლომდე იბრძვის. მილანელები იმედოვნებენ, რომ პიონტეკის დახმარებით  რეალიზაციის პრობლემას აღმოფხვრიან.

ჯენარო გატუზოს გუნდში ტრავმები აქვთ კრისტიან საპატას, მატია კალდარას, ლუკას ბილიასა და ჯაკომო ბონავენტურას.

მილანის ახალწვეულმა პიონტეკმა სერია A-ში ჯენოას მაისურით 13 გოლი გატანა უკვე მოასწრო 

ნაპოლი 

ნაპოლი იუვენტუსს პირველობისთვის ჯერ კიდევ ებრძვის, მაგრამ ამ გუნდების მეტოქეობა მაინც პირობითია. აქ საქმე მხოლოდ 9 ქულაში არაა, რომელიც გუნდებს ერთმანეთისგან აშორებს. დიდი სხვაობაა თამაშის შინაარსშიც. ყველაფრის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის შეგირდები ელოდებიან გრანდის ფეხის დაცდენას, თავად კი ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას ცდილობენ, რაც ჯერჯერობით გამოსდით - წინა ტურში ნაპოლიმ შინ ლაციოს ანგარიშით 2:1 ისე მოუგო, პრაქტიკულად, სარეზერვო შემადგენლობით ითამაშა.

პოლონელი გამტანი ნაპოლისაც ჰყავს - არკადიუშ მილიკის ანგარიშზე ბოლო ორ მატჩში 3 გოლია, სულ კი - 11

ნაპოლი ამტკიცებს, რომ მთავარი ვარსკვლავების გარეშეც შეუძლია შემტევი ფეხბურთის თამაში და ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. გამონაკლისი არც მილანთან თამაში უნდა იყოს, რომელშიც ანჩელოტის დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან: ალანი, ლორენცო ინსინიე და კალიდუ კულიბალი, რაც მწვრთნელს მიზნის მისაღწევად საქმეს გაუიოლებს. ინსინიე და კულიბალი "სან სიროზე" სასტარტოში იქნებიან. სავარაუდოდ, თამაშს შეძლებს მარეკ ჰამშიკიც, ტრავმა კი ვლად კირიკეშს აქვს.

ინსინიე და მილიკი ვარჯიშზე

 საინტერესო ფაქტები

⚽ მილანისა და ნაპოლის ბოლო 35 დაპირისპირებაში უპირატესობა სამხრეთელების მხარესაა: 12 მოგება, 13 ფრე და 10 მარცხი. ბურთები: 45:40.

⚽ მხოლოდ "სან სიროზე" გამართულ მილანისა და ნაპოლის მატჩებში უპირატესობა "როსონერის" მხარესაა: +7=7-3. ბურთები: 22:15.

⚽ ამ გუნდების ბოლო მატჩი ნაპოლიმ შინ ანგარიშით 3:2 მოიგო. ნეაპოლელები მეტოქეზე უკეთესად წინა სეზონშიც გამოიყურებოდნენ: 0:0, 2:1.

⚽ ამ გუდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ მილანმა სერია A-ს 10 საშინაო მატჩიდან 6 მოიგო და 2-2 ფრედ და მარცხით დაასრულა (გოლები: 16-12). შინ მოპოვებული ქულებით გატუზოს გუნდი ლიგაში მეხუთეა.  

⚽ მილანს გატანა უჭირს (ბურთები 28:20) და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში მეცხრეა. სამაგიეროდ, "როსონერიზე" ნაკლები მხოლოდ სამ გუნდს აქვს გაშვებული.

⚽ სერია A-ში ჩატარებული მილანის ბოლო 6 შეხვედრიდან ხუთში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ ნაპოლი შეტევაში ძალიან კარგია - განვლილ 20 მატჩში 39 გოლი, რაც საშუალოდ მატჩში თითქმის 2,0-ია. ეს მესამე შედეგია ატალანტასა და იუვეს შემდეგ. 

⚽ ნაპოლიმ ჩემპიონატში 18 გოლი გაუშვა (საშუალოდ 1,0-ზე ნაკლები მატჩში). ეს მესამე მაჩვენებელია იუვესა და ინტერის შემდეგ.

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდის სტატისტიკა გასვლაზე: 6 მოგება, არცერთი ფრე და 3 მარცხი. 18 ქულა. ბურთები: 14-11. ლიგაში ნაპოლიზე კარგად სტუმრად მხოლოდ იუვე თამაშობს.

⚽ ნაპოლის სერია A-ში ჩატარებულ 85 მატჩიდან 78-ში არ წაუგია, ბოლო 7 შეხვედრიდან კი 6 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - პაკეტა, ბაკაიოკო, კესიე - სუსო, კუტრონე, ჩალჰანოღლუ.

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - მალკუ, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - კალეხონი, დიავარა, ჰამშიკი, რუისი - მარტენსი, ინსინიე.

კომენტარები

ბოლო ამბები