Thumbnail

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში ბრუნდება - სკალონის კარგი წინათგრძნობა აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას 31 წლის თავდამსხმელს ნაკრებში მუნდიალის შემდეგ აღარ უთამაშია
  • 'ალბისელესტეს' თავკაცი მესისთან დალაპარაკებას ვენესუელასთან მატჩის წინ აპირებს
  • არგენტინის ნაკრებს წინ კოპა ამერიკა ელის

ბარსელონისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ეროვნულ გუნდში დაბრუნებას 9-თვიანი პაუზის შემდეგ აპირებს. როგორც Goal.com იუწყება, 31 წლის ფეხბურთელი, რომელსაც "ალბისელესტეში" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია, ლიონელ სკალონის გუნდს სავარაუდოდ 22 მარტს, ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში დაეხმარება.

ბოლოს ლიონელ მესიმ "ალბისელესტეს" მაისურა 2018 წლის მუნდიალის ⅛-ფინალში, საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში მოირგო, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:4 დათმო.

მუნდიალისგან მიღებული იმედგაცრუების დასავიწყებლად ლეოს თითქმის 9 თვე დასჭირდა

მესის დაბრუნების პერსპექტივაზე არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა:

"სანამ მარტისთვის ფეხბურთელების სიას შევადგენ, ჯერ მესის დაველაპარაკები. ის არგენტინას აბედნიერებს და იმედი მაქვს, ის შეძლებს დაბრუნებას. ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, როდესაც დრო მოვა. მჯერა, რომ ის ჩვენთან იქნება, მაგრამ უფრო მეტად გვინდა, რომ ის ბედნიერი იყოს. წინათგრძნობა კარგი მაქვს".

ბარსელონას ვარსკვლავმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ოთხ მუნდიალზე ითამაშა, საუკეთესო შედეგი კი ბრაზილიაში ჰქონდა - 2014 წელს, ვიცე-ჩემპიონობა. "ალბისელესტესთან" ერთად მესი სამჯერ გახდა კოპა ამერიკის ვერცხლის პრიზიორი.

ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად ახლო მომავალში ტიტულის მოგების შანსი კოპა ამერიკაზე ექნება, რომელიც ზაფხულში, 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, ბრაზილიაში ჩატარდება.

ლიონელ მესის ანგარიშზე არგენტინის ნაკრების მაისურით ჩატარებული 128 მატჩია. 65 გოლით ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. 

კომენტარები

ბოლო ამბები