Thumbnail
  • არსენ ვენგერის მომავალი არსენალში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
  • “კორიერე დელო სპორტი”: ლონდონელები კარლო ანჩელოტის შეუთანხმდნენ.
  • 4-წლიანი კონტრაქტი და 40 მილიონი ევრო.

ლონდონის არსენალში არსენ ვენგერი, შესაძლოა, კარლო ანჩელოტიმ შეცვალოს. ეს ინფორმაცია იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა, “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა.

იტალიელების ინფორმაციით, ლონდონურ კლუბსა და ანჩელოტის შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. მეტიც: “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ იტალიელმა მწვრთნელმა არსენალს წინასწარი თანხმობა მისცა და მზადაა, გუნდი ზაფხულიდან ჩაიბაროს. თუ ასე მოხდა, ლონდონურ გრანდში 68 წლის ვენგერის 22-წლიანი ერა დასრულდება.

“კორიერე დელო სპორტი” ანჩელოტის კონტრაქტის დეტალებზეც წერს. ხსენებულ გაზეთში ვკითხულობთ, რომ 58 წლის ანჩელოტი ლონდონელებთან 4-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდა და ამ კონტრაქტის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიის ნაკრები ჯერ ადრეა

კარლო ანჩელოტი ბოლოს მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა, საიდანაც სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. რეკორდმაისტერიდან გაშვების შემდეგ, იტალიელმა განაცხადა, რომ ამ სეზონში არსად იმუშავებდა. კარლოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის სანაკრებო ფეხბურთში გადასვლა ჯერ ნაადრევია.

კარლო ანჩელოტი ბოლოს მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა

არსენ ვენგერს ლონდონში აკრიტიკებენ. მან არსენალთან მაისში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ყველას გაუკვირდა. ვენგერმა “მეთოფეებს” ინგლისის ჩემპიონატი ბოლოს 2004 წელს მოაგებინა. მიმდინარე სეზონში არსენალი, 22 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

თუ ანჩელოტი არსენალში მართლაც დაინიშნება, ეს მის სამწვრთნელო კარიერაში მეორე ინგლისური კლუბი იქნება. 2009-2011 წლებში იტალიელი ლონდონის ჩელსის თავკაცი იყო და არისტოკრატებს 2010 წელს პრემიერლიგა მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები