Thumbnail
  • NBA-მ 2019 წლის ოლ სტარის სტარტერები გამოაქვეყნა
  • ხუთეულებში რამდენიმე ვარსკვლავი ვერ მოხვდა
  • ლებრონი და იანისი გუნდებს 31 იანვარს დაასახელებენ

დიდი საკალათბურთო ზეიმი, NBA-ს რიგით 68-ე ოლ სტარი 17 თებერვალს გაიმართება. უკვე ცნობილია იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც სტარტერები იქნებიან.

ოლ სტარის გუნდების ფორმები - Jordan Brand

გუნდების კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი (დასავლეთ კონფერენციიდან) და იანის ანტეტოკუნმპო (აღმოსავლეთიდან) არიან, რადგან ყველაზე მეტი ხმა მიიღეს - ახალი ფორმატის მიხედვით, რომელიც პირველად შარშან დაინერგა, გუნდებს სწორედ ისინი აირჩევენ (კონფერენციებისგან დამოუკიდებლად). პირველი არჩევანი ლებრონს აქვს, რადგან მან უფრო მეტი ხმა მიიღო. რეზერვისტებს კი მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ.

ლებრონისთვის ეს სტარტერის რანგში მე-15 ოლ სტარი იქნება, რითაც ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ლეგენდარულ კობი ბრაიანტს გაუთანაბრდა.

ჯეიმსისა და ანტეტოკუნმპოს გარდა, კონფერენციების რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია: 

🏀 დასავლეთი: ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი, 7X), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი, 6X), კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი, 10X), პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა, 6X)

🏀 აღმოსავლეთი: კავაი ლეონარდი (ტორონტო, 3X), კაირი ირვინგი (ბოსტონი, 6X), კემბა უოკერი (შარლოტი, 3X), ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია, 2X)

დონჩიჩი სასტარტო ხუთეულს მიღმა

TOP 5-ში რამდენიმე ვარსკვლავი ვერ მოხვდა. დასავლეთში, პოლ ჯორჯსა და ენტონი დეივისს შორის გამარჯვებული ბოლო წამს გამოვლინდა. ხუთეულში არც დენვერ ნაგეთსის ცენტრი ნიკოლა იოკიჩია. ყველაზე მოულოდნელი კი ლუკა დონჩიჩის არყოფნაა - დალასის ახალგაზრდა ვარსკვლავი ფანების გამოკითხვაში მეორე ადგილზე, ლებრონ ჯეიმსის შემდეგ იყო და დანარჩენებს რამდენიმე ასეული ათასი ხმით უსწრებდა.

წაიკითხე | შეშლილი ბერძენი, რომელიც NBA-ს დაიპყრობს - იანისი ლებრონის გზაზე

შეგახსენებთ, რომ ფანების ხმებს 50-პროცენტიანი მნიშვნელობა აქვს, 25-25 პროცენტით კი გადაწყვეტილებას მოთამაშეები და ჟურნალისტები იღებენ. აღსანიშნავია, რომ მაგალითად კაირი ირვინგი ფანებმაც, მოთამაშეებმაც და ჟურნალისტებმაც პირველ ადგილზე გაიყვანეს. ასეთივე შედეგი ჰქონდათ ლებრონს და იანისსაც, ხოლო სტეფ კარი მედიამ მეორე ადგილზე გაიყვანა.

ამრიგად, ახლა არჩევანი კაპიტნებზეა - ლებრონისა და იანისის რჩეულების ვინაობას 7 თებერვალს გავიგებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები