Thumbnail

მარჩელო ლიპი ჩინეთს დაემშვიდობა - დიდი მწვრთნელის კარიერაც დასრულდა?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 70 წლის იტალიელ სპეციალისტს ჩინეთის ნაკრებთან კონტრაქტი ამოეწურა
  • 2006 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი სავარაუდოდ კარიერასაც ასრულებს 

როგორც მოსალოდნელი იყო, ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ, რომელიც ბოლო დრომდე ჩინეთის ნაკრებს წვრთნიდა, თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

70 წლის მწვრთნელს, რომელიც ჩინეთის ნაკრებს სათავეში 2016 წლიდან ედგა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი დაუსრულდა. აზიის თასის მეოთხედფინალში ირანის ნაკრებთან ანგარიშით 0:3 წაგების შემდეგ, ლიპიმ განაცხადა:

"ამ მატჩით დასრულდა ჩემი კონტრაქტი ჩინეთის ნაკრებთან. ჩემთვის დიდი პატივი იყო ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნა, როგორიც ჩინეთია. ამ დროის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და გუნდიც უკეთესი გახდა", - აქვეყნებს 70 წლის სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ოფიციალური საიტი.

წაიკითხე | მარჩელო ლიპი - კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო

იტალიელი მწვრთნელს მანამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარიერასაც დაასრულებდა. 

მარჩელო ლიპიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონობა იზეიმა. ის "სკუადრა აძურას" რეკორდსმენია ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერიით (31 მატჩი). ამას გარდა, სპეციალისტმა, რომელსაც არაერთ იტალიურ კლუბში უმუშავია, ტურინის იუვენტუსს იტალიის ჩემპიონატსა ხუთჯერ და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში (1995/96) გაამარჯვებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები