Thumbnail

ჭიდაობა | 11 იანვრის ფინალიდან დღემდე - სკანდალური ისტორიის ყველა დეტალი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო
  • ყველაფერი 11 იანვრის ფინალურ ორთაბრძოლას მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლომი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. გეგა გეგეშიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისად, გეგეშიძე გათავისუფლდება პატიმრობიდან. ამასთან, ის რჩება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. 

2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანერთს ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი ხვდებოდნენ. ორთაბრძოლის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მიანიჭა, რამაც დათუნაშვილის პროტესტი გამოიწვია. დარბაზში დაიძაბა ვითარება, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ზურაბ დათუნაშვილი ინციდენტის შემდეგ

16 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგა გეგეშიძის გათავოისუფლება მოითხოვა. დათუნაშვილის თქმით, გეგამ მას თავში ორჯერ ჩაარტყა რკინის ბლაგვი საგანი. ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების კაპიტანმა გეგეშიძე კორუფციაში და ფედერაციის დიქტატორულ მართვაში დაადანაშაულა.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი.

კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაკითხვაზე დაიბარა როგორც ინციდენტის მოწმეები, ისე უშუალოდ მოქმედი პირები: გეგა გეგეშიძე და ზურაბ დათუნაშვილი. ეს უკანასკნელი გამოცხადდა დაკითხვაზე და სამართალდამცავებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გეგეშიძე კი საგამოძიებო განყოფილებაში არ გამოცხადდა. იქამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა უარყო დანაშაული და განაცხადა, რომ ინციდენტში მას ბრალი არ მიუძღვის.

არეულობა და ჩხუბი სპორტის სასახლეში

გეგეშიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში, ის დააკავეს, გამოძიება კი სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. გეგეშიძის დაკავებისთანავე, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა პროტესტის ნიშნად დატოვა დუშეთის საწვრთნელი შეკრება და ფედერაციის პრეზიდენტის მხარდაჭერის მიზნით, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა. მოჭიდავეებმა დაგმეს გეგეშიძის დაკავების ფაქტი და დასძინეს, რომ იქამდე არ გააგრძელებდნენ ვარჯიშს, სანამ გეგა ოჯახს არ დაუბრუნდებოდა.

ლადო ხინჩეგაშვილი გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე

23 იანვარს, მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ, ერთხმად დაუჭირეს მხარი გეგა გეგეშიძეს. ვეტერანებმა ინციდენტში ზურაბ დათუნაშვილი და მისი ძმა, გიორგი დათუნაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც მათი თქმით, ფინალური ორთაბრძოლის დროს აგრესიულად მოქმედებდა როგორც მსაჯების, ისე ვეტერანი მოჭიდავეების მიმართ. იქამდე, მედიასთან ზურაბ დათუნაშვილი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია მოჭიდავეების შერჩევითი სამათალი, რადგან როდესაც უჭირდა, მას გვერდში არავინ დაუდგა.

გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და როგორც აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუსადაგეს. 24 იანვარს, სასამართლო სხდომამ გეგეშიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ამასთან, პროკურატურა დამატებით ვალდებულებას ითხოვდა, რაც გეგეშიძის მიერ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას გულისხმობდა. პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე არა და შედეგად, გეგა გეგეშიძე ისევ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.

გეგა გეგეშიძე ისევ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია

კომენტარები

ბოლო ამბები