Thumbnail

იგუაინის შემცვლელი, რომელსაც 9 ნომერი არ მისცეს - მილანმა პიონტეკი წარადგინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯენოას 23 წლის თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი მილანის ღირსებას დაიცავს
  • მილანელებმა მასში 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც ბონუსებიც დაემატება
  • პოლონელი ბომბარდირი მილანში მიზნად ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას ისახავს
  • პიონტეკმა 9-ნომრიანი მაისურა ითხოვა, მაგრამ კლუბმა ჯერ 19-ნომრიანი მისცა 

ჯენოას პოლონელი თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი მილანის ფეხბურთელია. 23 წლის ბომბარდირმა (13 გოლი 19 მატჩში), რომელიც სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება დუვან საპატას, ფაბიო კვალიარელასა და კრიშტიანო რონალდოს (ყველა 14), "როსონერისთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივლისამდე გააფორმა, წელიწადში კი დაახლოებით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

მილანელებს ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელიც ჩელსიში სულ ახლახან გადაბარგებული გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილება, 35 მილიონი ევრო დაუჯდათ. კიდევ 3 მილიონს გენუელები "სან სიროზე" პიონტეკის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მიიღებენ.

პოლონელმა სერია A-ში ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო

მილანურ კლუბში ახალწვეული ოფიციალურად 24 იანვარს წარადგინეს, პრესკონფერენციაზე კი ფეხბურთელმა ემოციურად ილაპარაკა:

"გოლის გატანა ყველა მატჩში მინდა, დანარჩენს კი მოედანზე ვნახავთ. ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე და სასიამოვნოა, რომ აქ ვარ. იმედი მაქვს, შევძლებ ვაჩვენო ჩემი ოსტატობა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს. ეს მოულოდნელი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ 13 გოლის გატანის შემდეგ, ისეთი კლუბებს დავაინტერესებდი, როგორიც მილანია, მაგრამ ამაშია ფეხბურთის სილამაზე. პრობლემა არ მაქვს სხვა თავდამსხმელების გვერდით თამაშზე. ერთად ბევრი მატჩის მოგებას ვაპირებთ".

მალდინი, გაზიდისი, პიონტეკი და ლეონარდო პრეზენტაციაზე

ტრანსფერზე კომენტარი მილანის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გააკეთა, რომლის თქმით, ფეხბურთელს 9-ნომრიანი მაისურის აღება სურდა, მაგრამ კლუბმა თხოვნა არ დაუკმაყოფილა:

"პიონტეკს 9-ნომრიანი მაისურა სურდა, მაგრამ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამას დამსახურება სჭირდება და ამიტომ 19 ნომერი მივეცით. ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც 19 მატჩში 13 გოლი შეაგდო. უნდა გადაგვეწყვიტა, გაამართლებდა თუ არა ზამთრის ეს ტრანსფერი. კშიშტოფს იტალიის ჩემპიონატში თამაშისთვის ყველა მონაცემი აქვს. კლუბში ყველა გადაწყვეტილებას კოლექტიურად ვიღებთ, მათ შორის, მთავარ მწვრთნელთან ერთად".

ჯენარო გატუზო პოლონელი ბომბარდირის დამატებით კმაყოფილი ჩანს

მანამდე ინტერნეტში გავრცელდა კშიშტოფ პიონტეკის ბავშვობის ფოტო, სადაც პოლონელი მილანის მაისურითაა აღბეჭდილი. პიონტეკი ირწმუნება, რომ ფოტო მონტაჟი არაა.

კშიშტოფ პიონტეკი ირწმუნება, რომ ბავშვობიდან როსონერის გულშემატკივარია

კშიშტოფ პიონტეკი ჯენოაში 2018 წლის ზაფხულში, პოლონური კრაკოვიადან გადავიდა. მასში გენუელებმა სულ რაღაც 4,5 მილიონ ევრო გადაიხადეს.

პოლონელის გადაბირებით ასევე დაინტერესებული იყო მადრიდის რეალი, დორტმუნდის ბორუსია და მადრიდის ატლეტიკო. 

კომენტარები

ბოლო ამბები