Thumbnail
  • რაფაელ ნადალი - სტეფანოს ციციპასი 6:2, 6:4, 6:0
  • ესპანელი ტურნირის ფინალში მეხუთედ გავიდა
  • ქალთა შეჯიბრში ფინალისტები გამოვლინდნენ

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია. ესპანელმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორეა, უპრობლემოდ, სამ სეტში აჯობა ახალგაზრდა ბერძენ  ვარსკვლავ სტეფანოს ციციპასს.

20 წლის ბერძენმა, რომელმაც ტურნირის ⅛-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, ¼-ფინალში კი - როჯერ ფედერერი, 32 წლის ესპანელს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და მეტოქეს საათსა და 47 წუთში დანებდა. ნადალის ანგარიშზე 5 ეისი, 11-იდან 6 ბრეიკ-პოინტი და არცერთი ორმაგი შეცდომაა. ციციპასმა 5 ეისი მოაწოდა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა და ერთადერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება ვერ შეძლო.

ნადალმა ბერძენს კარიერაში მესამედ მოუგო

რაფაელ ნადალმა მელბურნში გამართული ხუთივე შეხვედრა ისე მოიგო, რომ სეტი არ წაუგია. ნახევარფინალამდე მან ფრენსის ტაიფოს, ტომაშ ბერდიხს, ალეკს დე მინორსა და მეტიუ ებდენს სძლია.

"იმედი მაქვს, უკეთესად თამაშს შევძლებ. როგორ? არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი მატჩიც ძალიან კარგი იყო და საერთოდაც, ტურნირის ყველა შეხვედრა კარგად ჩავატარე. რამდენიმე თვის უთამაშებლობის შემდეგ ამ კორტმა და პუბლიკამ იმპულსი მომცა. მეხუთე ფინალი Australian Open-ზე? სიმართლე გითხრათ, კარგი გრძნობაა და მნიშვნელოვანია სეზონის ასე დაწყება", - თქვა თამაშის შემდეგ ესპანელმა.

32 წლის ესპანელი სეზონის დასაწყისით კმაყოფილია

წლის პირველი "დიდი სლემის" ტურნირის მთავარი ჯილდოსთვის ფინალში რაფაელ ნადალის მეტოქე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ფრანგი ლუკა პუის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გამოვლინდება, რომელიც 25 იანვარს გაიმართება. ესპანელი ჩოგბურთელისთვის, რომელსაც Australian Open-ზე 2009 წელს გაუმარჯვია, ეს "დიდი სლემის" ამ ტურნირზე მეხუთე ფინალი იქნება.

ავსტრალიის ღია პირველობა 27 იანვარს დასრულდება. ვაჟთა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს ხუთ სეტში აჯობა.

ქალთა ტურნირის ფინალში, რომელიც 26 იანვარს გაიმართება, იაპონელი ნაომი ოსაკა და ჩეხი პეტრა კვიტოვა ითამაშებენ. მოგებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები